გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უკრაინის განათლების მინისტრი: მადლობა საქართველოს უკრაინელი ბავშვების მხარდაჭერისთვის!

4-06-2022

უკრაინის განათლების მინისტრი სერგეი შკარლოტი საქართველოს უკრაინელი ბავშვების გვერდში დგომისთვისმადლობას უხდის.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ომის პირობებში საქართველომ უკრაინისადმი უდიდესი, ძლიერი მხარდაჭერა გამოიჩინა. სერგეი შკარლოტმა მედიასთან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა უკრაინელი ბავშვებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში მოსწავლეების ხელშეწყობა თითოეული უკრაინელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

სერგეი შკარლოტი: „ეს არის უდიდესი, ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისთვის ომის პირობებში. 100-ზე მეტმა ქვეყანამ გახსნა უკრაინული კლასები და გამოყო საგანმანათლებლო სივრცე ჩვენი ბავშვებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ აღნიშნული სტრატეგია, რათა უკრაინელი ბავშვებისთვის განათლების მიღების პროცესი არ შეჩერდეს. ჩვენს მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც მათი მომავლისთვის აუცილებელია. ძალიან დიდი მადლობა ქართველ ხალხს, სრულიად საქართველოს, ჩვენს მეგობრებს ამ უმნიშვნელოვანესი და ძლიერი მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ გმადლობთ!“


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა იმავე კურიკულუმითა და სასკოლო სახელმძღვანელოებით აქვთ, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ.


უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში. უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო". ამასთან, მათთვის იგეგმება აქტივობები აღმზრდელობითი და  არაფორმალური განათლების მიმართულებითაც.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყო სწავლისათვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ბუკებით. უკრაინელი მოსწავლეები, ქართველი თანატოლების მსგავსად, სარგებლობენ მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიანი პირობებით სამინისტროსა და მობილურ ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. მათ ასევე, შესაძლებლობა აქვთ, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 1000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 400-ზე მეტი ბავშვი სწავლობს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930