9-06-2022
წელს, ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანია - „გირტეკა ლოჯისტიკს" თბილისში გლობალური სერვისების ოფისს (GBS) გახსნის. აღნიშნულის შედეგად, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში 300-ზე მეტი ახალი და მაღალ-ანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
„გირტეკა ლოჯისტიკს" აქტიურად თანამშრომლობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების მიმართულების - Invest in Georgia-ს გუნდთან ქვეყანაში არსებული პოტენციალის შესასწავლად. ხსენებულის ფარგლებში სააგენტომ კომპანიას მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების შესახებ, შედგა ვიზიტი და შეხვედრები კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან.
"არჩევანი შევაჩერეთ საქართველოზე ჩვენ მიერ ჩატარებული ექვსი ქვეყნის სიღრმისეული მოკვლევის შემდეგ, რომლის ფარგლებში ვაფასებდით რამდენიმე ფაქტორს, როგორებიცაა სამუშაო ძალის კვალიფიკაცია, განათლებისა და კომპეტენციის დონე, ბიზნეს-გარემო და ბიზნესის ოპერირების ხარჯები მომდევნო წლების განმავლობაში," - განაცხადა კომპანიის უფროსმა ინფორმაციულმა ოფიცერმა, მარტინას სარაპინასმა.
„მსგავსი მასშტაბის კომპანიის და გლობალური სერვისების ცენტრის საქართველოში განთავსება საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის მიმართ ნდობის და ამ კუთხით ქვეყნის პოტენციალის დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. კომპანიის ეს გადაწყვეტილება ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი სააგენტოსა და ქვეყნისათვის და ვფიქრობთ, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ჩვენი სტრატეგია და მიდგომები რომელიც უკვე ორი წელია დავნერგეთ ხელშესახებ შედეგებს იძლევა" - აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
„გირტეკა ლოჯისტიკს" გლობალურად 21,000 ასაქმებს. კომპანიის 9,000 სახმელეთო სატვირთო ავტომობილი ყოველწლიურად 880,000 რეისს ახორციელებს ევროპაში სკანდინავიასა და დ.ს.თ.-ის ქვეყნებში.
16-11-2024
16-11-2024