16-06-2022
"საფოსტო მარკა წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთ მახასიათებელს და გამოვლინებას. ამიტომ, მას ხშირად ქვეყნის სავიზიტო ბარათს უწოდებენ. EUROPA-ს მარკა არის სპეციალური საკონკურსო მარკა, რომელიც გამოიცემა EUROPA-ს ოფიციალურ ლოგოთი (PostEurop-ის რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანით) ყოველწლიურად, 1993 წლიდან PostEurop-ის მიერ შერჩეული თემატური გეგმის მიხედვით. წელს EUROPA მარკის თემატიკაა „ამბები და მითები", რომლის შესაბამისად შემუშავებულია და 2 ივნისიდან მიმოქცევაშია 2 საფოსტო მარკა. მასზე დატანილია გამოჩენილი ქართველი ფერმწერის ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები „მედეა მიფრინავს იაზონთან" და „ლეგენდა თბილისის დაარსებისა". იმედს ვიტოვებთ, რომ მოიპოვებს შესაბამის აღიარებას PostEurop-ის კონკურსზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა EUROPA-ს ოფიციალური ლოგოთი გამოცემული მარკების პრეზენტაციაზე, რომელიც ლადო გუდიაშვილის მუზეუმში გაიმართა.
პრეზენტაციის ფარგლებში, „საქართველოს ფოსტასა" და ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს "Post Europ" - ის თემატიკით შექმნილი Europa 2022 - ის საერთაშორისო საკონკურსო მარკის პოპულარიზაციას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და ლადო გუდიაშვილის ფონდის თავმჯდომარემ ელისაბედ ლორთქიფანიძემ.
აღსანიშნავია, რომ ასეთი მარკების გამოცემის უფლებამოსილება აქვთ "Post Europ"-ის წევრ საფოსტო ოპერატორებს. ყოველწლიურად, აღნიშნული გაერთიანების ორგანიზებით, წევრი ქვეყნების ეროვნული ოპერატორები გამოსცემენ Europa - ის საკონკურსო მარკას. ქვეყნებს შორის რჩეული მარკა გამოვლინდება ხმის მიცემის საფუძველზე, რომელსაც ახორციელებენ რიგითი მოქალაქეები, მსოფლიო მასშტაბით. ხმის მიცემა გრძელდება 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით.
16-11-2024
16-11-2024