გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ 6 წლის იუბილე აღნიშნა

28-06-2022

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსებიდან 6 წელი გავიდა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას, რომელმაც წელს ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო, იუბილე თავდაცვის უწყების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სკოლისთვის აკრედიტაციის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ისტორიული მოვლენა ნატოსთან თავსებადობისა და ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯია.


ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი, ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერი პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მარია ქრისტინა ვან კოლდამი და სლოვაკეთის ელჩის მოადგილე, ზუზანა პალოშოვა. ღონისძიების დასასრულს, სკოლის აკრედიტაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ - სკოლის დირექტორი თეა ნიკოლაშვილი და მისი მოადგილე ნიკოლოზ მელქაძე.


თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. მიმდინარე წლის ივნისში სკოლამ ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო და ამ მნიშვნელოვანი ფაქტით საქართველო გახდა პირველი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში ნატოს მიერ აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებით. აკრედიტაციის დასკვნაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ სკოლის საქმიანობა 100%-ით თავსებადია ნატო-ს ხარისხის მართვის სისტემასთან. ნატოს მიერ უმაღლესი ქულით შეფასდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის  სასწავლო პროგრამები, ორგანიზაციული მართვის ციკლი და სკოლის საქმიანობის სარგებელი ნატოსთვის, ვინაიდან სკოლა ამზადებს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებს, არამედ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებსაც. 


სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც  საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. სკოლის მისიაა უწყებაში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. ეტაპობრივად, სკოლა გეგმავს, შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით ცოდნის ცენტრად ჩამოყალიბდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930