გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზარდა

1-07-2018

მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250ლარით გაეზარდა. პოლიციელების სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების გაზრდისთვის გადადგმული ამ ნაბიჯის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 ივნისს, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.


„1-ლი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება 250 ლარით. ეს არის ის მინიმუმი, რაც ჩვენ შეგვეძლო და გავაკეთეთ დღეს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომლებზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გადადგმული, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ამ 6-7 თვის განმავლობაში.


ჩვენ გვესმის, პოლიციელისთვის, რომელიც ზრუნავს სხვა მოქალაქის უსაფრთხოებაზე, 250 ლარი დღევანდელი ხელფასიდან გამომდინარე, არ არის იდეალური, თუმცა, ეს არის, რაც ჩვენ დღეს შევძელით. ჩვენ ამას გავაგრძელებთ მომავალი წლიდანაც და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ წელს, სოციალური კომპონენტის, ასე ვთქვათ, გასაძლიერებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დავიწყებთ ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდს და რუსთავს. ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც გაზრდის სოციალურ გარანტიებს თითოეული პოლიციელისათვის და მათ თავიანთი ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმარების საშუალებას მისცემს.


დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი სოციალური გარანტიები იქნება კიდევ უფრო გამაძლიერებელი კომპონენტი იმისთვის, რომ ჩვენ საუკეთესო ახალგაზრდები მოვიძიოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ძალიან კარგად გვესმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ქვეყანაში, ფაქტობრივად, არის მართლწესრიგის ხერხემალი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეფექტიანი სამართლიანი და, ამავდროულად, პოლიტიკურად ნეიტრალური შს სამინისტრო და პოლიცია - ეს არის ამ ქვეყნის უდიდესი მონაპოვარი, რომელსაც სჭირდება განვითარება და რისთვისაც ჩვენ, ასევე, მზად ვართ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031