გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხის მერიაში „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ სხდომა გაიმართა

29-06-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერი ირაკლი ლაზარაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.


ირაკლი ლაზარაშვილმა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე, მოსახლეობის წინაშე არსებულ საჭიროებებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.


ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა, საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში მოსახლეობისათვის 6 თვის განმავლობაში გაწეული დახმარებების შესახებ.


თავის მხრივ, საბჭოს წევრებმა რეკომენდაციები, წინადადებები და მოსაზრებები გააცნეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს. აქცენტი გაკეთდა, როგორც ქალაქ ახალციხეში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ საჭიროებებზე და ინფრასტრუქტურულ პრობლემების მოგვარებაზე. მათ შორის, შიდა გზების, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებაზე, გაზიფიცირების სამუშაოებზე,  სანიაღვრე არხების, მგზავრთა მოსაცდელების მოწყობაზე, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე, კორპუსების ფასადებისა და ეზოების კეთილმოწყობაზე, ახალი რეკრეაციული ზონების შექმნაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ირაკლი ლაზარაშვილმა საბჭოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, აღნიშნა, რომ  თითოეული მოქალაქის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის.


აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. საბჭო 27 წევრისგან შედგება და იგი სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლებისა, ბიზნესის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930