გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ომი თუ მშვიდობა - საქართველო დილემის წინაშე

30-06-2022

გუშინ მმართველი პარტია დატოვეს, დღეს სერიოზული განმარტება გააკეთეს. საქართველოს პარლამენტის წევრები, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.


განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო ომსა და მშვიდობას შორის არჩევანის წინაშე დგას. დეპუტატები ამბობენ, რომ არსებობს სიმართლე, რომელიც ხალხმა უნდა იცოდეს. ეს სიმართლე კი სწორედ ამ დილემას ეხება


პირველ განცხადებაში კარგად ჩანს, როგორ უყურებენ და აფასებენ ისინი პოლიტიკურ პროცესებს, გთავაზობთ ტექსტს უცვლელად. თემას კი ჩვენ კვლავაც მივუბრუნდებით.

 

„გასული დღეების მანძილზე, პარტიის ლიდერებთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან გვქონდა სერიოზული დისკუსია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მოვლენების შესახებ ჩვენი და გუნდის სხვა ლიდერებისა და წევრების შეფასებები სრულად ემთხვევა ერთმანეთს. თუმცა, ვერ ვთანხმდებით მხოლოდ ერთზე - რა დოზით უნდა ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას.


რა თქმა უნდა, დიდწილად გვესმის კოლეგების, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისას თავშეკავებაა საჭირო. თუმცა, დღეს დადგა მომენტი, როდესაც საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ბევრად მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ქართული პოლიტიკის კულისებში. აქ სასწორზე დგას არა ხელისუფლების ან რომელიმე კონკრეტული ჩვენგანის, არამედ სახელმწიფოს და ხალხის ბედი. შესაბამისად, დროა, საკუთარი თავის და ქვეყნის დაცვა უშუალოდ ხალხს უფრო მეტად მივანდოთ.


არიან დიდი ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ რევოლუცია, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლა და მისი ჩანაცვლება ადამიანებით, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი 2004-12 წლებში ჩადენილ უამრავ დანაშაულზე.


ამისათვის შედგა ნაციონალური მოძრაობისა და მისი მედია და ენჯეოსატელიტების შეკრება ბაკურიანში, სადაც ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს რევოლუციების ცნობილი სპეციალისტი, პიტერ აკერმანი.


ამისათვის შემოიტანეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემაც. ცხადია, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დღეს სრულიად არარელევანტურია. რუსული სამხედრო აგრესიის გამო, ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული, ქვეყანა ნადგურდება, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იღუპება და ასეთ დროს, კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნისთვის, ბუნებრივია, მცირე ნუგეშადაც კი არ გამოდგება. იგივე ეხება მოლდოვას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება კონფლიქტის ზონას, ასეულობით ათას უკრაინელ ლტოლვილს იფარებს და უმძიმეს ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა დასჭირდათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის ხელოვნურად შექმნა იყო.

კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს. ამ საქმეში თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ჩართეს, რომელიც ბრიუსელიდან ამ თემით დასაჩუქრებული გამოუშვეს. პირველადი გათვლით, საქართველოს მიერ განაცხადის შეტანის შესახებ განცხადება პარლამენტში სწორედ ზურაბიშვილს უნდა გაეკეთებინა. ამის გამო, მან კონსტიტუციის დარღვევით პარლამენტის სხდომის დაანონსებაც კი იკადრა. თუმცა, გუნდმა სწორად იმოქმედა და ეს სცენარი ჩაშალა. ამის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები აამუშავეს და განაცხადის შესახებ კამპანია მათ ააწევინეს, რის შემდეგაც ხელისუფლებამ განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება აბსოლუტურად რაციონალურად მიიღო.


ბაკურიანის შეკრების მონაწილეებმა წინასწარ იცოდნენ და საქმეში ჩახედული კაცისთვისაც არ უნდა ყოფილიყო რთული გამოსაცნობი, რომ კანდიდატის სტატუსს მისცემდნენ უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს კი სტატუსის გარეშე დატოვებდნენ და ეს მოლოდინი სრულად გამართლდა.


ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, მოვლენებიც ზუსტად ისე წარიმართა, როგორც ამას წინასწარ პროგნოზირებდნენ გუნდის წევრები. ბაკურიანის შეკრების მონაწილეები მყისიერად გამოვიდნენ და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.


ნაცმოძრაობის რევკომს ორი ტერმინი აკერია პირზე: დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. შეგახსენებთ, რომ ეს ორი ტერმინი ჯერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა, ხოლო მოგვიანებით ევროპული კომისიის დასკვნაშიც გადაიტანეს.


ეს ტერმინები მათ მიერ მარტივად ითარგმნება: დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლას, ხოლო დეპოლარიზაცია - სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გამოშვებას.


რევოლუციისთვის ორი ალტერნატიული სცენარი იყო შემუშავებული: ერთი მოკლევადიანი და მეორე შედარებით გრძელვადიანი.

მოკლევადიანი სცენარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე იყო გათვლილი. ცნობილი რეზოლუციით და ევროპარლამენტარების განცხადებებით საქართველოს ხელისუფლებას უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხალხში ემოციური ფონის შექმნას ამით შეეცადნენ. თუმცა, მოკლევადიანი სცენარი ჩავარდა და პირველ ცდაზე რევოლუცია არ შედგა.


მეორე სცენარი კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე არის გათვლილი. კანდიდატობაზე უარის თქმით, შექმნეს გარკვეული ემოციური ფონი, რასაც, მათი გათვლით, უნდა მოყვეს იმ ე.წ. რეფორმების თავს მოხვევა, რომელთა ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ცვლილება და ქართული სასამართლოს მისაკუთრებაა.


ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, მიხაელ გალერს ათქმევინეს კიდეც, პარტიები ახალი პოლიტიკური შეთანხმებისთვის უნდა მოემზადონო. ანუ კიდევ ერთხელ უნდა გაგვიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოდან და ხელი მოგვაწერინონ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზეც ორი დამნაშავე ციხიდან უნდა გამოვიდეს და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან უნდა წავიდეს. ამით უნდათ კონსტიტუციური წესრიგი მოგვიშალონ და სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგვინონ, რისი დაშვებაც არაფრის ფასად არ შეიძლება. დაუშვებელია იმ ადამიანებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, რომლებიც სახელმწიფოს, ხელისუფლებას, არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს არ ცნობენ.


იმავე გალერს ისიც ათქმევინეს, ივანიშვილი თუ პატრიოტია, ქვეყნიდან უნდა წავიდესო. გალერის ამ ფრაზიდან ნათლად იკითხება მათი სულისკვეთება და მთავარი მიზანი: პატრიოტები, ადამიანები, რომლებსაც საქართველო უყვართ, ქვეყანას უნდა მოშორდნენ და ქვეყნის სადავეები არაპატრიოტებს, უსამშობლო და უღმერთო ხალხს უნდა დარჩეს.


უსამშობლო და უღმერთო ადამიანები კი იმიტომ უნდათ, რომ ისინი ნებისმიერ დავალებაზე მოაწერენ ხელს. რაც მთავარია, თვალდახუჭული დაიწყებენ ომს, რაც მთელი ამ სცენარის მთავარი მიზანია. სწორედ ამის გამო იყვნენ ზელენსკი და არახამია რევოლუციური მიტინგის პერსონაჟები, რაც, ასევე, აკერმანის სცენარის ნაწილი იყო.


ფაქტია, რომ საქართველო მხოლოდ საომრად ჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ. კარგად ესმით, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილი გაიმეტებს ქვეყანას და ხალხს საბედისწერო ომისთვის და არც ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს მას ამის გაკეთებას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებაში ჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას განადგურებისთვის უპრობლემოდ გაიმეტებენ. სწორედ ასეთები არიან ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ენჯეოების ლიდერები თუ სატელევიზიო სახეები.


ვხედავთ, რომ კანდიდატის არაფრისმომცემი სტატუსის მინიჭებისთანავე, მოლდოვამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც ჩანს, მოლდოვას ეს პირობა წინასწარ დაუყენეს და ქვეყანა, პრაქტიკულად, არაფრის სანაცვლოდ, სულ მცირე, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირეს.


როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია. საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. სრულიად უპრეცედენტო 6-თვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელდეს. უკრაინა და მოლდოვა, როგორც ვიოლა ფონ კრამონი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობენ, 30-წლიან მოსაცდელში თუ შეუშვეს, ჩვენ არც ამ მოსაცდელში შეგვიშვებენ, რათა გრძელვადიან რევოლუციურ სცენარს აქტუალობა შეუნარჩუნონ.


მიგვაჩნია, რომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ამისათვის, საზოგადოებას თანდათანობით მივაწვდით ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება. რა თქმა უნდა, გარკვეულ დონზე რაღაცეებს ჩვენც გავუფრთხილდებით და ამ ინფორმაციას დოზირებულად გავასაჯაროებთ.


ჩვენი მთავარი მიზანი იმ სცენარის პრევენციაა, რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს. საქართველო ახალ არეულობასა და ომს ვერ გადაიტანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მაღალი პასუხისმგებლობით, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე გვაკისრია.


გარდა ამისა, ჩვენი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას ისახავს მიზნად. თუ საზოგადოება არ აღიჭურვება საჭირო სიმართლით, ის თავად გახდება არეულობისა და ომის სცენარის ნაწილი, რაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას სამუდამოდ შეუძლებელს გახდის. ჩვენ უნდა აღვჭურვოთ საზოგადოება სიმართლით, რათა ის თავად გახდეს საქართველოს ევროპული მომავლის გარანტი.


გვესმის, რომ ჩვენი მხრიდან გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი მმართველ გუნდს უხერხულობას შეუქმნის. ამიტომ, გვიწევს პარტიის, ფრაქციისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება და დამოუკიდებლად მოქმედება. თუმცა, ვრჩებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად და გუნდს ყველანაირად დავეხმარებით ყველა საქმეში, რომელიც ქვეყნის და ხალხის სასიკეთოდ არის გასაკეთებელი“.

 

ongo.ge

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930