2-07-2018
„საქართველოში თურქეთის მოქალაქე სერკან ყურთულუში დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია სირიაში რუსეთის თვითმფრინავის პილოტის მკვლელობაში, აგრეთვე დანაშაულებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში - ადამიანებზე თავდასხმების, შანტაჟისა და გამოძალვის მიზნით“, - ამის შესახებ თურქული გამოცემის, «Hurriyet Daily News»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
იზმირის პროკურატურის მონაცემების თანახმად, სერკან ყურთულუში თურქეთის სხვადასხვა პროვინციებში მაფიოზურ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობდა, მათ შორის თვით იზმირში, აგრეთვე სტამბოლში, ანკარაში, ტრაპიზონსა და ართვინში. თურქეთის პოლიციამ ბოლო დღეებში განხორციელებული სპეცოპერაციების დროს 49 ეჭვმიტანილი პირი დააკავა, თუმცა სერკან ყურთულუშის დაჭერა ვერ მოხერხდა - იგი თურქეთიდან, სავარაუდოდ, საქართველოში გაიქცა.
თურქეთის პოლიციამ დახმარებისათვის ინტერპოლს მიმართა, რის შემდეგაც ქართული პოლიციის თანამშრომლებმა სერკან ყურთულუში 29 ივლისს [ბათუმში] დააკავეს და რუსთავის საპყრობილეში მოათავსეს, საქართველოს დედაქალაქთან ახლოს.
თურქი ჩინოვნიკების თქმით, ანკარამ უკვე გაუგზავნა საქართველოს თხოვნა სერკან ყურთულუშის თურქეთისათვის გადაცემის თაობაზე.
სერკან ყურთულუში ერთ-ერთი იყო იმ 14 ეჭვმიტანილთაგან (მთავარ ბრალდებულ არფარსლან ჩელიკთან ერთად), რომლებიც 2015 წლის ნოემბერში სირიაში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების დროს პილოტის ოლეგ პეშკოვის მკვლელობის გამო სასამართლოს წინაშე წარსდგა. თურქულმა თემიდამ 7 ბრალდებულს, ჩელიკის ჩათვლით, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ერთს - წელიწადნახევრით, ორს - ათი თვით, ხოლო დანარჩენი, მათ შორის სერკან ყურთულუში, გაათავისუფლა. თუმცა სასამართლოს ვერდიქტი საბოლოო არ არის, ზემდგომ ორგანოს საქმის ხელახალი აღძვრა შეუძლია“, - წერს გაზეთი.
18-12-2024