6-07-2022
მგონი, ვიღაცას მართლა აქვს ასეთი ეჭვები და ჰგონია, რომ ჩვენ, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, მე და ის ადამიანები, ვინც გუნდში ასე ვთქვათ, წინა პოზიციებზე არიან, ვერ გავრისკავდით იმას, რომ ქვეყანა ომში არ ჩაგვერთო და ამასთან დაკავშირებით მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილის მითითება გვჭირდებოდა, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, თანხმდება თუ არა ბიძინა ივანიშვილთან იმ ტიპის ფუნდამენტური გადაწყვეტილებები, როგორც არის მაგალითად, საქართველოს მიერ რუსეთისთვის საკუთარი ორიგინალური სანქციების არდაწესება.
„მე მგონი, ვიღაცებს ეს აღქმა აქვთ და ამ აღქმიდან გამომდინარე აქვთ ეს რაღაც დისტანციური დაპირისპირება ამ კაცის მიმართ. სინამდვილეში, აქ ძალიან მარტივად არის საქმე. როცა საქმე ეხებოდა სანქციების დაწესებას, ეს არა მარტო ასამმაგებდა და ახუთმაგებდა, აათმაგებდა ომთან დაკავშირებულ რისკებს. ოპოზიციის წარმომადგენლებს ზუსტად ამიტომ უნდოდათ, რომ რუსეთის მიმართ სანქციები დაგვეწესებინა, რაც ქვეყნისთვის მათ შორის, ეკონომიკური კუთხითაც დამანგრეველი იქნებოდა, მეორე მხრივ კი ომის რისკებს ათმაგად ზრდიდა. მეორე, გახსოვთ თქვენ, რასაც ითხოვდნენ, მოხალისეების თვითმფრინავებით გაშვებას. თუ სანქციები ირიბი მოწოდება იყო ომისკენ, მოხალისეების გაშვება ასე ვთქვათ, მთავრობის მიერ სანქცირებული თვითმფრინავით, უკვე ნიშნავდა პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას. აი, აქეთკენ იყო პირდაპირი მოწოდებები.
რა თქმა უნდა, ჩვენ, პრემიერთან ერთად, გუნდის სხვა წევრებთან ერთად, როცა ვმსჯელობთ და ვხედავთ ამას, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, მეორე მხარეს კი ომი, რანაირად შეიძლებოდა, მიგვეღო გადაწყვეტილება ომის სასარგებლოდ?! ხომ მარტივად არის საქმე და ვიღაცას თუ სჯერა, რომ ჩვენ ვერ გავბედავდით ამას, მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილმა დაგვირეკა და მოგვცა ეს რჩევა, შეუძლიათ, ეს რჩევა თვითონ შეინახონ, მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო რჩევა, ასეთი, თუ ისეთი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას ომის სასარგებლო არჩევანზე. იმიტომ, რომ ომი საქართველოსთვის ნიშნავდა და ნიშნავს ქვეყნის განადგურებას“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დღეს არ არსებობს არავითარი ფაქტი, თუ მტკიცებულება, რომ ის პოლიტიკაში, ან მედიაში ერევა და ოპონენტები რაღაც გაუგებარი აღქმებით საუბრობენ.
„საზოგადოება ამას ხომ ხედავს?! არც საზოგადოებას და არც მათ არავითარი ფაქტი არ აქვთ. ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთი-ერთზე მქონია საუბარი და ვეკითხები – როგორ წარმოგიდგენიათ ეს გავლენა, მსოფლიო ისტორიაში თუ გახსენდებათ შემთხვევა, რომ პირი პოლიტიკურ პროცესში არავითარი ფორმით არ არის ჩართული, არც მედიას ფლობს, არავისთან კონტაქტი არ აქვს, არც ერთი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია და ახერხებს სახელმწიფოს კონტროლს მეთქი. მსოფლიო ისტორიაში ასეთი რამ არ არსებობს. მათ, ან უნდა აღიარონ, რომ ეს კაცი რაღაც ზებუნებრივი ძალების მატარებელი გენიოსია და ესეც არ უნდათ, ან გამოდის, რომ მარტივ ტყუილს ამბობენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024