6-07-2022
კასპის ტექნოპარკში კასპის წყაროთმცოდნეობის საკითხებთან დაკავშირებული კვლევების შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის განყოფილების უფროსმა, კასპის მკვიდრმა ივანე ჯახუამ წარადგინა.
კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საისტორიო არქივში დაცულ საარქივო ფონდებში კასპის მუნიციპალიტეტის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების, საარქივო საქმეებისა და დოკუმენტების გამოვლენა, კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია, ანალიზი და სპეციალური გამოცემის მომზადება (ქრონოლოგიური ჩარჩო XIII საუკუნე - 1921 წწ.)
დღეისათვის გამოვლენილია 3000-ზე მეტი საქმე, რომელთა 90 პროცენტიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრულიად უცნობია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის კვლევა, რომელიც დღემდე საქართველოში არცერთ რეგიონზე არ გაკეთებულა.
კვლევის ფარგლებში ასევე ხდება ქართული პრესის ფურცლებზე 1819-1921 წლებში კასპთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიებისა და ინფორმაციების მოძიება და ქრონოლოგიურად დალაგება, რომლის გამოცემაც შემდგომში წიგნად იგეგმება. შერჩეულია საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული 200-მდე დასახელების ჟურნალ-გაზეთი, საიდანაც ამოღებულია 350-ზე მეტი სტატია და ინფორმაცია.
საქართველოს პარლამენტის წევრმა - ირაკლი მეზურნიშვილმა, კასპის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, შსს არქივის დირექტორმა ბადრი ჩერქეზიშვილმა, პოეტმა ვაჟა ოთარაშვილმა, აშშ-ის ბერკლის უნივერსიტეტის დოქტორანტმა ჰარისონ კინგმა, მისმა პედაგოგებმა, თანაკლასელებმა, თანაქალაქელებმა მნიშვნელოვანი და საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოსთვის, კასპისთვის გაწეული უანგარო და დაუღალავი საქმისთვის ივანე ჯახუას მადლობა გადაუხადეს.
16-11-2024
16-11-2024