11-08-2022
ჩემი აზრით, "ხალხის ძალა“-ს წერილი აუცილებლად უნდა ითარგმნოს და გავრცელდეს დასავლურ მედიაში, რათა გადასახადის გადამხდელებმა გაიგონ, თუ როგორ უწყობენ ხელს მათი კონკრეტული წარმომადგენლები რუსული განწყობების გაღვივებას და სრულ იგნორს უკეთებენ აშშ-სა და საქართველოს მეგობრობას და სტრატეგიული პარტნიორობას,’’- ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე საზოგადოებრივი მოძრაობის ,,ხალხის ძალა’’ წერილს.
როგორც გაბრიჭიძე წერს, წერილში აღწერილია ის მოვლენები რაც საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში აშშ საელჩოსა და კელი დეგნანის უშუალო ჩართულობით და ძალისხმევით ხდებოდა.
,,ძველი ამერიკული ანეკდოტია - რატომ არ ხდება აშშ-ში სახელმწიფო გადატრიალება? იმიტომ, რომ იქ აშშ-ს საელჩო არ არის. საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ხალხის ძალა" საკმაოდ მოცულობითი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც დასაშვები ინფორმაციის გავრცელებისა და კორექტულობის მაქსიმალური დაცვით საკმაოდ ღიად აღწერა ის მოვლენები, რაც ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში აშშ საელჩოსა და კერძოდ ქალბატონი კელი დეგნანის უშუალო ჩართულობით და ძალისხმევით ხდებოდა. წინასაარჩევნოდ საქართველოსთვის განკუთვნილ 75 მილიონ ლარზე დაგეგმილი უარი, რისი საშუალებაც არ მიეცათ, რადგანაც ხელისუფლებამ დაასწრო და თავად განაცხადა უარი ამ თანხაზე.
ლეგიტიმურად ჩატარებულ არჩევნებზე ვითომდა გაყალბების ფაქტის გამოვლენა ერთ-ერთი მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ და ამ მოტივით საპროტესტო ტალღის აგორება და მიუხედავად იმისა, რომ იმ არასამთავრობომ დეკემბრის დასაწყისში აღიარა "თავისი შეცდომა", პროტესტი გაგრძელდა, რასაც მოჰყვა 19 აპრილის შეთანხმება. არ დაგიმალავთ და ამ შეთანხმებამ ქართული ოცნება საზოგადოების თვალში რეპუტაციულად ძალიან დააზიანა. ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე მუდმივი ზეწოლა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ნაბიჯისთვის არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობდა.
პროვოკაციების წახალისება. მაგ: - ლგბტ+ თემის პრაიდების ჩატარების მოთხოვნა, სიცრუისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის რეჟიმში მომუშავე მედიის ხელშეწყობა და მათზე მოსახლეობის გარკვეული წარმომადგენლებისგან უხეშობის არაადეკვატური შეფასება დ.ა.შ.
და ბოლო - ბიძინა ივანიშვილზე შვეიცარიული ბანკის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა, რათა საქართველოს ომში ჩართვისთვის მისი გამოყენება. ამ მიზნით შვეიცარიული მედიის დაბლოკვა, რათა ეს ამაზრზენი ფაქტი დემოკრატიული საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარიყო. როცა ერთის შეხედვით დაუჯერებელი ამ ფაქტების ქრონოლოგიას თვალი გადავავლე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ კოლოსალურ ზეწოლას გაუძლო, გაიარა ბეწვის ხიდზე და მიუხედავად ზოგიერთი არაპოპულარული ნაბიჯისა, რომლებიც იძულებით იქნა გადადგმული, კვლავ ინარჩუნებს საქართველოს მოსახლეობის მაღალი ნდობის ხარისხს. რაც შეეხება "ხალხის ძალას" წერილს, ჩემი აზრით აუცილებლად უნდა ითარგმნოს და გავრცელდეს დასავლურ მედიაში, რათა გადასახადის გადამხდელებმა გაიგონ, თუ როგორ უწყობენ ხელს მათი კონკრეტული წარმომადგენლები რუსული განწყობების გაღვივებას და სრულ იგნორს უკეთებენ აშშ-სა და საქართველოს მეგობრობას და სტრატეგიული პარტნიორობას,’’- წერს გაბრიჭიძე.
16-11-2024
16-11-2024