გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ამერიკის ელჩი არ ემიჯნება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების ომის რიტორიკას, ის ემიჯნება საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც არ სურს ომი

12-08-2022

როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი არ ემიჯნება უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების, რადიკალური ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის ომის რიტორიკას, რომელთაც სურთ ომი, ის ემიჯნება პრაქტიკულად საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც არ სურს ომი, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


როგორც გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, ამერიკის საელჩო თავდაყირა აყენებს იმ ფაქტს, რომ ამერიკა საქართველოს 30 წლის განმავლობაში უანგაროდ ეხმარებოდა დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერებაში. მისი თქმით, ამ ქმედებებს დაუპირისპირებენ ხალხის ძალას, რადგან სწორედ საქართველოს მოსახლეობა წყვეტს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.


,,როდესაც იგი თავის ინტერვიუში ამბობს, რომ 30 წლის განმავლობაში ამერიკა ეხმარებოდა საქართველოს, მათ შორის, მართლმსაჯულების განვითარებაში, ამით იგი პრაქტიკულად ამბობს - იმიტომ ეხმარებოდა ამერიკა საქართველოს 30 წლის განმავლობაში, რომ შემდგომ ელჩს ჰქონოდა უფლება, კონკრეტული მოსამართლისთვის კონკრეტულ საქმეზე მოეთხოვა ანგარიში და, თუ შემდგომ, არ მოეწონებოდა გადაწყვეტილება, დაესანქცირებინა ეს მოსამართლე.


ბუნებრივია, ქართულ საზოგადოებას ამასთან და ძალიან ბევრ სხვა საკითხებთან, მათ შორის, ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებით აქვს კითხვები, რასაც სამწუხაროდ, თავი აარიდა, ან ბუნდოვანი პასუხები გასცა აშშ-ს ელჩმა. ჩვენ, ძალიან კარგად გვახსოვს, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ის პროცესები, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ეწეოდა საქართველოში. როგორც განცხადებაშია მითითებული სამწუხაროდ, ამის უკან იდგა აშშ-ს საელჩო თავისი დუმილით. თუნდაც, როდესაც იგი არ უარყოფდა იმას, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ საქმიანობას ეწეოდა, რითაც ახალისებდა და აქეზებდა მათ ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ სწორედ ხალხის ძალა დავუპირისპიროთ ამ ყველაფერს. საზოგადოება არის ის ძალა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რომელი ხელისუფლება უნდა და რომელი არ უნდა. თავად აირჩიოს, რომელი პოლიტიკური პარტია მოსწონს ხელისუფლებაში და რომელი ოპოზიციაში. ყველა ეს დემოკრატიული პრინციპი, რომელზეც სხვათა შორის 30 წლის განმავლობაში, სწორედ შეერთებული შტატების შესაბამისი ინსტიტუტები საუბრობდნენ, ახლა საელჩომ პრაქტიკულად თავდაყირა დააყენა და თქვა, რომ ის არის ყველაფრის გადამწყვეტი - ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რომელმა მოსამართლემ როგორი გადაწყვეტილება მიიღოს და ა.შ. შესაბამისად, აქ არის უგულებელყოფილი, საელჩოს მხრიდან, ხალხის ნება და ჩვენ ამას დავუპირისპირებთ ხალხის ძალას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930