6-07-2018
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობის მიმართულებით ეროვნული ბანკის უფლებამოსილება გაფართოვდა.
შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და დაამტკიცა"მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესი" და "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესი". დოკუმენტების ძალაში შესვლამდე ეროვნული ბანკმა აქტიური კონსულტაციები გაიარა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე შესაბამის პროფესიულ ასოციაციასთან. პროექტი ასევე გამოქვეყნებული იყო ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ფართო საზოგადოების მიერ მათი გაცნობის, კომენტარებისა და რეკომენდაციების მოწოდების შესაძლებლობის მიზნით. განხილვებს ინტენსიური ხასიათი ჰქონდა და მის საბოლოო ვარიანტში ასახულია ყველა ის საგულისხმო და მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომელიც გამოითქვა როგორც უშუალოდ ბაზრის წარმომადგენელთა, ასევე სხვა დაინტერესებულ პირთა მხრიდან.
დამტკიცებული წესების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის დადგინდა ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, მათ შორის კაპიტალის, ლიკვიდობის, ინვესტიციების და სხვა კოეფიციენტები და საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშების წესი. ასევე, განისაზღვრა აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების მეთოდი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან საქმიანობა ახალი წესების სრული დაცვით განახორციელონ. რაც შეეხება ამ წესების ამოქმედებამდე რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათი საქმიანობის ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსაყვანად დამატებითი ვადები მიეცათ.
გაფართოებული ზედამხედველობის უფლებამოსილების ფარგლებში, 2018 წლის გაზაფხულზე, ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ანგარიშგების შედგენის და გამოქვეყნების ახალი სტანდარტები დაუწესა. გარდა ამისა, უკვე დამტკიცებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგისტრაციისა და ლიკვიდაციის ახალი წესები.
18-12-2024