პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.
კუჭავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხე-ტყის ჭრის საკითხთან დაკავშირებით ძალების გაერთიანება მოხდეს.
„საქართველოში ხე-ტყის ჭრა, უკვე წლებია საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდეს ძალების გაერთიანება, შესაბამისი თანხების გამოყოფა, სტრუქტურების გაძლიერება და გამოცხადდეს უკომპრომისო ბრძოლა უკანონო ხე-ტყის ჭრასთან. ტყის კოდექსი, რომელიც პარლამენტში მუშავდება, ეს მხოლოდ დასაწყისია, ამას უნდა მოჰყვეს ხის სექტორის რეფორმა, რაც სტრუქტურულ ცვლილებებსაც გულისხმობს. ეს საბოლოოდ მიგვიყვანს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის - ტყის მასივების მდგრად მართვაზე. ჩვენ წინა სესიების განმავლობაში გავამკაცრეთ კანონმდებლობა უკანონო ხის ჭრასთან დაკავშირებით, თუმცა ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია სისტემური მიდგომა, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრას და შეწყდეს ტყეების უკანონოდ გაჩეხვა“ - განაცხადა კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ჭუბერში მომხდარი სტიქიას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო ტყის უსისტემო გაჩეხვამ.