გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრებმა თბილისში სატრანსპორტო, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების საკითხები განიხილეს

23-08-2022

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და კონკურენტუნარიანობის ზრდა იყო დღეს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის მთავარი თემა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების ფონზე სულ უფრო იზრდება აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა და მისი განვითარების საკითხი, ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი მარშრუტი ხდება.


„თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა სატრანზიტო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური მიმართულებით არის უმნიშვნელოვანესი. შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომლებიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაშიც. ჩვენ განვიხილეთ არსებული მიმდინარე, კონკრეტული პრობლემები და გადაჭრის გზებიც დაისახა იმისთვის, რომ ტვირთბრუნვა დაჩქარდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტი ტვირთი გადავზიდოთ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით და საბოლოოდ, შევქმნათ არსებული სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტების რეალური ალტერნატივა", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.


სამმხრივი შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოგლუმ. მისი თქმით, რაც მეტი იქნება ჩვენი ქვეყნების დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნები, მით უფრო ძლიერი იქნება სამ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა. როგორც ის აღნიშნავს, დღეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. შუა დერეფანი და აქედან გამომდინარე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც შუა დერეფნის, ისე უწყვეტი სატრანსპორტო დერეფნის განვითარება ჩინეთიდან ლონდონამდე.


„ამის საშუალებას იძლევა უკვე არსებული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, მარმარაის გადასასვლელი სტამბოლში და ამ პროექტების მეშვეობით შესაძლებელი იქნება, რომ ჩინეთიდან გამოსული ტვირთი უწვეტ რეჟიმში მოხვდეს ლონდონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი როგორც რეგიონისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის, 800 მილიარდის სავაჭრო მოცულობა უნდა იქნას ათვისებული, არ მოხდეს მისი დაკარგვა, სხვა სატრანსპორტო დერეფნებში გადანაწილება. აქედან გამომდინარე ეს დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სატვირთო გადაზიდვებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მომავალში სატვირთო გადაზიდვებთან ერთად დაიწყოს სამგზავრო გადაყვანებიც", - აღნიშნა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.


მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს არსებული მდგომარეობა, შემდგომი განვითარების პერსპექტივები და მიმართულებები და მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებიც გულისხმობს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთს შორის სარკინიგზო მაგისტრალით გადაზიდვების გაზრდას და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მშენებლობის დროულ დასრულებას.


შუა დერეფნის მიმართ გაზრდილ საერთაშორისო ინტერესზე საუბრობს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი. რაშად ნაბიევის განცხადებით, მსოფლიოში არსებული მკაცრი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, იზრდება მოთხოვნა და ინტერესი შუა დერეფნის მიმართ.


„ჩვენი ქვეყნები - აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო, ამ დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის განსახილველად. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ამ დერეფნის ეფექტურობა ისეთი საკითხების გადახედვით, როგორიცაა ტარიფების რეგულირება, ბლოკ-მატარებლების გაერთიანება და საზღვრების გასწვრივ რეგულაციებისა და აქტივობების სინქრონიზაცია", - აღნიშნა რაშად ნაბიევმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930