31-08-2022
„როგორც 2003 წლის გადატრიალების მონაწილე ვადასტურებ ბატონი დავით თევზაძის მიერ მოყვანილ ფაქტებს და ვუერთდები მაიკოს პოზიციას - რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ! ეს საქართველოა! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ - ამის შესახებ ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს. ხათუნა ხოფერია ჟურნალისტ მაიკო ელოშვილის სტატუსს აზიარებს, სადაც მოყვანილია ამონარიდები დავით თევზაძის ინტერვიუდან, რომელშიც თავდაცვის ყოფილი მინისტრი დეტალურად აღწერს, როგორ და ვისი მხარდაჭერით მზადდებოდა 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია.
როგორც ჟურნალისტი წერს, ინტერვიუ დავით თევზაძესთან ადასტურებს, რომ ჩრდილოელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის დაგეგმვასა და განხორციელებაში გარკვეული სარგებლის მიღების სანაცვლოდ. არც ამჯერად ვართ მოკლებულნი ამგვარ გარიგებებსა თუ იძულებას.
„ამიტომ, ვისაც ჰგონია, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებენ ან ქვეყნიდან გაუშვებენ, ხელისუფლებას დაამხობენ და თავი ქუდში აქვთ, უნდა იცოდნენ - როგორც კი, ისევ გარედან მოხდება პოლიტიკური პარტიების შექმნა-დაფინანსება-მხარდაჭერა, როგორც კი, კრიმინალურ-დესტრუქციული ძალები ისევ დაიწყებენ პროცესების ქუჩაში დაძაბვას, როგორც კი, საფრთხე დაემუქრება სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურობას, ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, გამოვალთ გარეთ და არ დავუშვებთ ქვეყნის მტრების ხელისუფლებაში მობრუნებას - წერს ელოშვილი. „რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ინტერვიუ (for.ge) დავით თევზაძესთან, სადაც ის დეტალურად აღწერს, როგორ და ვისი მხარდაჭერით მზადდებოდა 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია. ამონარიდები ინტერვიუდან: - "დაზვერვის სამმართველოდან მივიღე ანგარიში, სადაც მოცემული იყო ელჩთან (რიჩარდ მაილსი) სააკაშვილის შეხვედრა. ერთი დეტალი იყო საინტერესო... სააკაშვილს უთქვამს ასეთი ფრაზა - „ყველაფერი, რომ ძალიან სწრაფად და კარგად დასრულდეს, სულ 10 გვამია საკმარისი“. თავიდან, ეს არ მივიღე სერიოზულად, მაგრამ მერე თვითონ ელჩმა მოითხოვა ჩემთან შეხვედრა." - "აშშ-ის ელჩი დაჟინებით მთხოვდა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ავყოლოდით ცდუნებას და სამხედრო ძალა რაიმე ფორმით არ ჩაგვერთო პროცესებში, ვინაიდან იყო საშიშროება." - "იარაღი იყო, და საკმაოდ დიდი რაოდენობითაც." - "ამერიკელების წინადადება იყო, რომ პარლამენტის არჩევნების შედეგების გადახედვა უნდა მომხდარიყო, მაგრამ პრეზიდენტს თავისი ვადა უნდა დაესრულებინა". - "23 ნოემბერს, ბადრი ბიწაძე მოვიდა ჩემთან, ახალი გადამდგარი იყო. პირისპირ დავჯექით, ვუყურებთ ერთმანეთს. მე უკვე ვხვდები, რა უნდა ეთქვა... ველოდები, რა ფორმით იტყვის. არ გეწყინოს, დავით, დამავალეს, რომ შენ რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ ვერ გკადრებო... რამდენიმე საათში მოხდა უფრო საინტერესო რამ... მორიგე ოფიცერმა მომახსენა, რომ ჩემთან მოსულია ორი კაცი და მითხრა გვარები - გიგი წერეთელი და ასევე დამისახელა ჩემი უახლოესი მეგობრის გვარი". - "წერეთლის შემოთავაზება იყო, რომ ხალხი მე მელოდება, რომ გავაკეთებ განცხადებას - არ ვექვემდებარები შევარდნაძეს, მერე ყველაფერი მთავრდება და ხვალიდან იქნები საქართველოს გმირიო. მე შევეცადე გიგისთვის ამეხსნა, რომ გმირობის სხვადასხვა გაგება არსებობს და რომ ჩემი მხრიდან ეს იქნებოდა ცუდი საქციელი. თეორიულ დისკუსიაში ვართ და ამ დროს ძალიან საინტერესო რამ მოხდა...რუსეთის გენერალური შტაბიდან დაუკავშირდნენ გენერალ იმნაძეს, ზუსტად არ მახსოვს მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი, თუ გენერალური შტაბის უფროსი. ჯერ სიტუაცია იკითხეს და მერე უთხრეს, რომ ყურადღება მიაქციეთ მინისტრ ივანოვის ვიზიტს, შეიძლება უკვე თქვენთან იყოს და იცოდეთ, რომ ძალაუფლება იცვლება აფხაზეთზეო "Власть меняется на Абхазию". გიგის რეაქცია იყო ასეთი - წამოხტა, ეს პროვოკაცია არისო და გაიქცა." - "პირველი ნიშნები იმისა, რომ ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, გამოჩნდა მაშინ, როდესაც დაიწყეს ხევსურეთში, სვანეთში და კოდორის ხეობაში ჩვენს მიერ შექმნილი ბატალიონების განიარაღება. განსაკუთრებით - კოდორის ხეობაში... ის საერთაშორისო კონვენციები, რომლითაც ჩვენ მაშინ ვხელმძღვანელობდით, კონფლიქტის ზონაში რეგულარული შეიარაღებული ძალების შეყვანას გვიკრძალავდა, თუმცა ადგილობრივ მოსახლებას ჰქონდა სრული უფლება, რომ ყოფილიყო თავდაცვისათვის ორგანიზებული. ამათ კურატორობას არავინ გვიკრძალავდა. არსებობდა დაჯგუფება, რომელიც ჩვენ გადავახალისეთ, ჩამოვიყვანეთ, წვრთნა გავატარეთ, დავუნიშნეთ ოფიცრები და გვარდიის სარდლობას დავუქვემდებარეთ". - "კოდორში რეგულარული სამხედრო ნაწილის გამოჩენა იყო პროვოკაცია. გაეროს ნებისმიერ დროს შეეძლო ეთქვა, რომ ჩვენ ვარღვევდით ხელშეკრულებას. გაეროს მანდატით აღჭურვილი იყო რუსეთის ჯარი, რომელსაც ხელ-ფეხი ეხსნებოდა, შეეძლო შემოსულიყო ხეობაში და განსხვავებით 2001 წლისაგან, ვერაფერს ეტყოდი - მისი ჩარევა ლეგიტიმური იქნებოდა. მაშინ გამოჩნდა იმის კონტურები, რომ შეიძლება იმ ზარის უკან რაღაც იდგა." ამას მოყვა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. ცხინვალის რეგიონში 125 ქართულ სოფელზე და, ასევე, კოდორის ხეობაზე საქართველომ დაკარგა კონტროლი.
რამდენიმე კვირის წინ, "ალიაში" გამოქვეყნდა უცნობი, გადამდგარი ძალოვანის ინტერვიუ, სადაც რამდენიმე საინტერესო გზავნილი იყო: - "2021 წლის 1 ოქტომბერს, ამერიკელებმა სააკაშვილი შემოიყვანეს საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად". გეგმის ჩავარდნის შემდეგ "მას უთხრეს, რომ ერთი საარჩევნო ციკლი უნდა ჩამოსცილდეს პოლიტიკას." - "2022 წლის სექტემბერში შეიქმნება მესამე ძალა, რომელსაც დააფუძნებს საზღვარგარეთ მცხოვრები 5 ქართველი. მოლაპარაკებები დამთავრებულია. პარტიას ექნება 300 მილიონის დაფინანსება და წინააღმდეგობას გაუწევს ივანიშვილის ფინანსებს. სექტემბერ-ოქტომბერში იქნება გამოსვლები რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით და ეს ხელისუფლება შეიცვლება. ივანიშვილი გაუწევს წინააღმდეგობას, სისხლსაც დაღვრის, მაგრამ მას ან დაასანქცირებენ, ან დაიჭერენ, თუ არ გაასწრო ქვეყნიდან." ბოლო თვეების განმავლობაში გასაოცარი ფაქტების წინაშე დავდექით. ის, რაც აქამდე მოვლენათა ანალიზის საფუძველზე ვიცოდით, გახდა ხილული და ახლა, ყოველდღიურად ვუყურებთ პოლიტიკურ დრამას თუ ტრაგიკომედიას (ვისთვის როგორ), რაც სავარაუდოდ, მიგვიყვანს პოლიტიკური პროცესის უკიდურესი დაძაბვისა და ხელისუფლების დამხობის უფრო სერიოზული მცდელობებისკენ. ზემოაღნიშნული ინტერვიუ დავით თევზაძესთან ადასტურებს, რომ ჩრდილოელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის დაგეგმვასა და განხორციელებაში გარკვეული სარგებლის მიღების სანაცვლოდ. არც ამჯერად ვართ მოკლებულნი ამგვარ გარიგებებსა თუ იძულებას. ამიტომ, ვისაც ჰგონია, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებენ ან ქვეყნიდან გაუშვებენ, ხელისუფლებას დაამხობენ და თავი ქუდში აქვთ, უნდა იცოდნენ: როგორც კი, ისევ გარედან მოხდება პოლიტიკური პარტიების შექმნა-დაფინანსება-მხარდაჭერა, როგორც კი, კრიმინალურ-დესტრუქციული ძალები ისევ დაიწყებენ პროცესების ქუჩაში დაძაბვას, როგორც კი, საფრთხე დაემუქრება სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურობას, ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, გამოვალთ გარეთ და არ დავუშვებთ ქვეყნის მტრების ხელისუფლებაში მობრუნებას. ეს არ იქნება "ქართული ოცნების" მხარდაჭერა. ეს იქნება საქართველოს გადარჩენა კრიმინალურ- მარიონეტული "კოალიციური" ძალების ხელისუფლებაში მოსვლისაგან. ხელისუფლების წყაროა ქართველი ხალხი და არა, რომელიმე პიროვნება, სხვა ქვეყანა ან მისი საელჩო. ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც უნდა იცოდეს, რომ არც ბიძინა ივანიშვილია საქართველო და არც "ქართული ოცნება". მათ გარეშეც, თითოეული ჩვენგანი მზად ვართ, არ დავუშვათ ხელისუფლებაში კრიმინალური ბანდის დაბრუნება. რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ! ეს საქართველოა!" - წერს ელოშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024