გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: რუსეთს საბაბი არ სჭირდება, თუკი გადაწყვეტილებებს იღებს, რუსეთის მოქალაქის მიერ საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესი კი რატომ არის რუსული? - ჩვენთან იწარმოება, შემოსავალსაც აქ იღებს და ხარჯიც აქ აქვს

9-09-2022

ერთ-ერთი, რაშიც ჩვენი ისტორიითაც დავრწმუნდით და ვხედავთ ახლა უკრაინაშიც, არის ის, რომ რუსეთს საბაბი არ სჭირდება, თუკი ის გადაწყვეტილებებს იღებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რომლითაც უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა საფრთხეს რუსეთში მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც, „საქართველოსთან, მოლდოვასთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ურთიერთობისას რუსეთი რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას გაითვალისწინებს“.


შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ისტორიის ეს მომენტი ბრძნულად გაიაროს.


„ჩვენ ამ საფრთხეში ვცხოვრობთ, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც რუსეთის ჯარი ჩვენი ნებართვის გარეშე დგას და აქვს ოკუპირებული ტერიტორია. საფრთხეები რომ არსებობს, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. რაც შეეხება რაღაც საფუძვლების შექმნას, ერთ-ერთი, რაშიც ჩვენი ისტორიითაც დავრწმუნდით, ვხედავთ ახლა უკრაინაშიც, არის ის, რომ საბაბი რუსეთს არ ჭირდება, თუკი ის გადაწყვეტილებებს იღებს.


ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათ შორის ის, რომ ისტორიის ამ მომენტში საქართველომ ძალიან ბრძნულად გაიაროს იმისთვის, რომ იყოს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში რეგისტრირებულ ბიზნესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესი არის ქართული ბიზნესი.


„ერთი უნდა ითქვას, რუსულ კომპანიებს და ბიზნესს რომ ამბობენ, საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესი არის ქართული ბიზნესი, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ტერმინოლოგია.


როცა ითქმებოდა ეს რიცხვები 6 500 რეგისტრირებული ბიზნესი, აქედან 6 ათასი არის ინდმეწარმე, ფიზიკური პირი, ერთი ადამიანი და არა რაღაც კომპანია. ეს ინდმეწარმე რას აკეთებს? სავარაუდოდ, შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ტურისტული გიდია, პირობითად ან შეიძლება გახსნა რაღაც მცირე ბიზნესი, რატომ არის ეს რუსული ბიზნესი, როდესაც არის საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესი, იწარმოება საქართველოში, შემოსავალსაც აქ იღებს და ხარჯიც აქ აქვს?


ოკუპირებული ჩვენ თებერვალში ხომ არ გავხდით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენი ისტორია ხომ კარგად ვიცით. ოკუპირებული ტერიტორიები დიდი ხანია გვაქვს. რამე სხვაობა არის 2022 წლის სექტემბერსა და 2011 წლის სექტემბერს შორის? რა სხვაობაა საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის კუთხით? ოკუპაციის კუთხით, ხომ არაფერი სხვაობა არ არის?“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


მისივე შეფასებით, რუს ტურისტებზე საუბარი ქსენოფობიური კამპანიის, აღელვების და არევის მცდელობის ნაწილია.


„ტურიზმს რაც შეეხება, 2019 წელს თუ შევადარებთ, უფრო რუსეთის უფრო ნაკლები მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე 2019-ში იყო. ეს არის იმ ხაზის ნაწილი - საქართველოს აღელვების და არევის, ეს იყო ტიპური კამპანია ქსენოფობიური. ჩვენ ვნახეთ შედეგი რაც ჰქონდა ამას მარტში, შუა დედაქალაქში, ჭავჭავაძის გამზირზე რუსი ეროვნების ადამიანს, რომელიც წლებია აქ ცხოვრობს, ქალს, ქვა ესროლეს იმის გამო, რომ რუსული გარეგნობის იყო თუ რუსულად ლაპარაკობდა. აი, ეს არის შედეგი ქსენოფობიის. სამწუხაროდ, ის ორგანიზაციები, რომლებიც სემინარებს ატარებენ „ფოვერ ფოინთით“ და საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, საქმე საქმეზე რომ მიდგა, მათი ქმედება რომ გახდა საჭირო, გაჩუმდნენ ან ამ ქსენოფობიური კამპანიის მხარეს დადგნენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930