16-09-2022
"სასიხარულოა, რომ ტურიზმის ინდუსტრია განაგრძობს დადებითი დინამიკით განვითარებას და აღდგენას. აგვისტოში ჩვენ გვაქვს საამაყო შედეგი. ჩვენ არა მხოლოდ სრულად აღვადგინეთ 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელი, არამედ ის დაახლოებით 30 პროცენტამდე გავაუმჯობესეთ. ასევე სასიხარულოა, რომ იანვარი - აგვისტოს მონაცემებით ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმის ინდუსტრიიდან მიიღო 2,1 მლრდ დოლარი," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის აგვისტოს თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა, უკვე მეორედ პანდემიის შემდეგ, გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. აგვისტოს თვეში 522,945,221 აშშ. დოლარი შეადგინა, 2021 წლის აგვისტოს თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 324,158,964 (+163.1%) აშშ დოლარით.
რაც შეეხება იანვარი-აგვისტოს პერიოდს, მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,141,568,321 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 94.6% აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-აგვისტოს თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 204.3 პროცენტით აშშ დოლარით.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ტურიზმის შემოსავლების სტატისტიკაში ქვეყნების წილი უფრო მეტად დივერსიფიცირებულია. „ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების წილი, როგორიცაა ევროკავშირის და ყურის სახელმწიფოები და ისრაელი. ჩვენ განვაგრძობთ ყველა იმ აქტივობას, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
16-11-2024
16-11-2024