19-09-2022
,,როდესაც, ჩვენ ვთქვით, რომ მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას, ეს ზუსტად, იმიტომ გავაკეთეთ, რომ ჩვენ გვინდა ეს თემა, ცალკე, განხილვის საგნად ვაქციოთ. რადგან, ეს თემა ცალკე საკითხია,’’ - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია ,,იმედის’’ ეთერში დასმულ შეკითხვას, თუ რას გულისხმობდნენ ,,ხალხის ძალის’’ წევრები გამოქვეყნებულ წერილში - ამერიკელების მიერ, განათლების სფეროში ჩადებული ინვესტიციების შესახებ.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მოძიებულია და საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.
,,გვაქვს ინფორმაცია მოძიებული და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხნის განმავლობაში უფრო მეტი ინფორმაცია დაგროვდება. რადგან, ამ საკითხს შევეხეთ, აქვე დავაანონსებ, რომ ჩვენს აქტიურობას, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, გამოქვეყნებულ წერილებს, გარკვეულ წილად მხილების კამპანიის ნაწილშიც აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან. ძალიან ბევრი ადამიანი გვიცხადებს თანადგომას და უახლოეს დღეებში, შეიძლება, დაიწყოს ეს პროცესი. მოხდება ,,ხალხის ძალის’’ გაფართოება, ადამიანური რესურსით, ინტელექტუალური რესურსით და ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება, როგორც პოლიტიკოსები, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, პოლიტოლოგები, ექსპერტები თუ სხვა," - განაცხადა სოზარ სუბარმა.