21-09-2022
მაუწყებლობის შესახებ კანონის მიღება იყო ევროკავშირის მოთხოვნა. უფრო მეტიც, თვის ბოლომდე ამ კანონის პირველი მოსმენით მიღება იყო ევროკავშირის კონკრეტული მოთხოვნა. არის კონკრეტული ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებულია საქართველო და იქიდან წევრობის გაუქმების რისკიც კი დგებოდა. პირდაპირ გაგვაფრთხილეს ამაზე ევროკავშირიდან, ანუ მათი ინიციატივა იყო ამ კანონის მიღება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
მისი თქმით, დეტალებში შესვლას დღეს აზრი არ აქვს, ჯერ პირველი მოსმენით მიიღება პრინციპების დონეზე, ამის შემდეგ იქნება ინტენსიური კონსულტაციები.
„პირველი მოსმენა იყო საჩქარო, ამას ითხოვდა ევროკავშირი. წლის ბოლომდე შეიძლება აღარც ვიჩქაროთ, გვექნება ინტენსიური კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან მათ შორის და იქ უკვე თითოეული ნორმა შეჯერდება. თუ რამეზე იქნება შენიშვნები, ეს მათი მოთხოვნაა, რა თქმა უნდა კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბდება ახლებური ფორმულირებით შესაბამისი ნორმები, მაგრამ როცა საუბარია მედიის შეზღუდვაზე, თვითონ ამ მოთხოვნის არსიც ეს იყო, ანუ შეზღუდვა არ არის აპრიორი ნეგატიური ტერმინი. ადამიანის უფლებების შეზღუდვა შესაძლებელია იმისთვის, რომ სხვა ინტერესები იყოს დაცული, მათ შორის ერთერთია მედიის თავისუფლება.
როდესაც საუბარია სიძულვილის ენაზე, აქ შეზღუდვაზეა რა თქმა უნდა საუბარი, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, საზოგადოებას რომ განვუმარტოთ, ევროკავშირი ითხოვს მედიის თავისუფლების შეზღუდვას იმისთვის, რომ ადამიანები სიძულვილის ენისგან იყვნენ დაცული. ეს არის მთელი არსი ამ მოთხოვნის ამ კანონპროექტის შესაბამისად. აქ მთავარია, ჭარბად არ შეიზღუდოს მედიის თავისუფლება და მაქსიმალური ბალანსი იყოს დაცული მედიის თავისუფლებასა და ადამიანების ინტერესებს შორის, რომლებიც შეიძლება გახდნენ სიძულვილის ენის მსხვერპლი. აქედან გამომდინარე, აქ მარტივად არის საქმე, ეს იყო მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან, მეორე მოსმენამდე გვექნება სერიოზული კონსულტაციები და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება საბოლოო ტექსტი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024