გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«USA Today» (აშშ): რუსეთი კვლავ ბოროტების იმპერიაა და ამას ადასტურებს აგრესია საქართველოსა და უკრაინის მიმართ

6-01-2018

აშშ-ის ყოველდღიურ საერთოეროვნულ გაზეთ USA Today-ს სარედაქციო სტატიაში მკვეთრი სათაურით „რუსეთი კვლავ ბოროტების იმპერიაა“, გაკრიტიკებულია თანამედროვე რუსეთის საგარეო პოლიტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც მეზობლებს, ასევე მსოფლიოს.

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„1983 წელს რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს „ბოროტების იმპერია“ უწოდა. მას მხედველობაში ჰქონდა მოსკოვის სამხედრო ძლიერების ზრდა, რაც მსოფლიოში საფრთხის მატების მომასწავებელიც იყო. მართალია, დღევანდელი რუსეთი იმ კომუნისტური რეჟიმის ფერმკრთალი ვერსიაა, რომელიც 1991 წელს გაქრა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლით ძალიან იყო ნაწყენი, იმისკენ მიისწრაფვის, რომ ყოფილი დიდება ნაწილობრივ მაინც დაიბრუნოს. თავისი მიზნების შესასრულებლად ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო არენაზე არეულ-დარეულ, ქაოსურ სიტუაციას ქმნის. ამის დადასტურებაა რუსეთის შეჭრა საქართველოში (2008 წელს), უკრაინაში (2014 წელს), ყირიმის უკანონო ანექსია (რომელიც მე-2 მსოფლიო ომის შემდგომი ევროპული საზღვრების ცვლილების პირველი მცდელობაა). რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა, რომლებიც სირიაში იყვნენ გაგზავნილი, საძულველი ბაშარ ასადის ხელისუფლება დამხობისაგან გადაარჩინეს და მხეცობას სჩადიოდნენ - ბომბავდნენ გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ავტოქარავანს და საავადმყოფოებს. გარდა ამისა, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, გამოძიების ფედერალური ბიურო და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვლადიმერ პუტინმა რუს ჰაკერებს კიბერული შეტევები და პროპაგანდისტული კამპანიის განხორციელება დაუკვეთა, რათა გავლენა მოეხდინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე და დემოკრატიის მიმართ ამერიკელი ხალხის ნდობა შერყეულიყო. იგივე კიბერშეტევები განხორციელდა გერმანიაში, საფრანგეთში და ნიდერლანდებშიც.

რუსული აგრესიის კიდევ ერთი აშკარა გამოხატულებაა იარაღის მიყიდვა ავღანელი თალიბებისათვის და ნავთობის - ჩრდილოეთ კორეისათვის. კრემლი თავშეფარს აძლევს სხვადასხვა კიბერდამნაშავეებს, რუსული თვითმფრინავები უთვალთვალებენ და კუდში დასდევენ აშშ-ის თვითმფრინავებს სირიაში და ნატოს თვითმფრინავებს - ბალტიისპირეთის ცაში. მოსკოვი თავის წყალქვეშა ნავებს გზავნის ატლანტის ოკეანეში მდებარე წყალქვეშა კაბელებისაკენ, რომლებიც მსოფლიო კომუნიკაციების 97% მოიცავენ.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პასუხი კრემლის ამ ყველა მოქმედების მიმართ შიზოფრენულია. მართალია, როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის ტანკების საწინააღმდეგო იარაღის მიწოდების შესახებ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება დონალ ტრამპის [ლოიალურ] დამოკიდებულებას ვლადიმერ პუტინის მიმართ: იგი ძალიან გვიან იღებს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ერთხელაც არ შეუკრებია მინისტრები საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევების საკითხის განსახილველად.

რონალდ რეიგანმა 1983 წელს რადიოთი გამოსვლისას მსმენელებს მოუწოდა, რომ ფხიზლად ყოფილიყვნენ და ყურადღება არ მოედუნებინათ ბოროტების იმპერიის აგრესიული იმპულსების მიმართ. 35 წლის შემდეგ მისი სიტყვები კვლავ აქტუალურია და ყურადღებას იმსახურებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930