7-10-2022
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინ ჟურნალის „დიგიტალური ქართველოლოგია‘‘ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო.
ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას ონლაინჟურნალის შექმნისა და გამოცემის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს სამეცნიერო სივრცე ონლაინჟურნალის დახმარებით საერთაშორისო მასშტაბით კიდევ უფრო მეტად იქნება გაზიარებული, რაც ქართველი და უცხოელი მკვლევრებისთვის საქართველოს შემსწავლელ სამეცნიერო კვლევით მასალებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის.
ონლაინჟურნალის პრეზენტაციაზე პროფესორ მზექალა შანიძის მისასალმებელი წერილი წაიკითხეს, სადაც მან დამსწრე საზოგადოებასჟურნალის პირველი ნომრის გამოცემა მიულოცა და სამეცნიერო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობა მიიღეს უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგებმა და დიგიტალურიჰუმანიტარიის დარგის წარმომადგენლებმა – პროფესორებმა იოსტ გიპერტმა, ბერნარ უტიემ და კრისტა მიულერ-კესლერმა, რომელთა სტატიები ონლაინჟურნალის პირველ ნომერშია გამოქვეყნებული. გამომსვლელებმა საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობების გაძლიერების კუთხით ახლად დაარსებული ჟურნალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ „დიგიტალური ქართველოლოგია‘‘ ქართველოლოგებისთვის ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
სამეცნიერო ონლაინჟურნალი, რომელშიც 8 ქართველი და 6 უცხოელი მეცნიერის სტატიაა გამოქვეყნებული, მიზნად ისახავს საქართველოში დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარების ხელშეწყობას, ინტერნაციონალიზაციასადა დიგიტალურჰუმანიტარიაში მომუშავე სპეციალისტებისათვისსამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად შესაბამისი აკადემიური პლატფორმის შექმნას.
ონლაინჟურნალი, რომელიც დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია-საქართველოს მიერ არის დაარსებული, ფრანკფურტის უნივერსიტეტთან ერთად ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის კავკასიოლოგიის მიმართულების ერთობლივ სამეცნიერო გამოცემას წარმოადგენს.
ონლაინჟურნალს, რომლის რედაქტორია ფრანკფურტის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, პროფესორი მანანა თანდაშვილი, სამეცნიერო საბჭო განაგებს. სამეცნიერო საბჭო დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებით საქართველოდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ნორვეგიიდან.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქართული სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.
16-11-2024
16-11-2024