ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენ დავიწყეთ ღვინის დღეები ოფიციალურად და ჩვენი სურვილია, რომ ყოველწლიურად აღვნიშნოთ ღვინის ფესტივალი
9-10-2022
მინდა, პირველ რიგში ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღეს ჩვენ დავიწყეთ ღვინის დღეები ოფიციალურად და ჩვენი სურვილია, რომ ყოველწლიურად აღვნიშნოთ ღვინის ფესტივალი, ასე დავარქვით - „ღვინის დღეები". ჩვენთვის, ყველასთვის საამაყოა, რომ ვართ ღვინის სამშობლო, რაც დადასტურებულია, დადგენილია, მთელი მსოფლიოს მიერ არის აღიარებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში განაცხადა, სადაც ფესტივალის - „ღვინის დღეები საქართველოში" ფარგლებში იმყოფება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ღვინის წარმოების 8 000-წლოვანი ისტორია. მანვე იმედი გამოთქვა, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა არა მხოლოდ კახეთს, არამედ ყველა იმ რეგიონს, სადაც ღვინო იწარმოება.
„გვაქვს უნიკალური, 8 000-წლოვანი, ღვინის წარმოების ისტორია და ჩემი სურვილი იყო, რომ ყველა ის მეღვინე, იქნებოდა ეს დიდი, თუ საშუალო სიდიდის კომპანია, მცირე მეწარმეები, მარნის მფლობელები, ყველას წარმოედგინა საკუთარი წარმოებული ღვინო და ამას გარდა, ჩვენ ეს უნდა ვაქციოთ სახალხო დღესასწაულად, რომ იტყვიან. ეს უნდა იყოს ყოველწლიური ფესტივალი, ღვინის ფესტივალი და ღვინის დღეები, ისეთი როგორიც არის ევროპაში, ბევრ წარმატებულ ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი.
მჯერა, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა, არა მხოლოდ კახეთში, არამედ ყველა იმ რეგიონში, სადაც ღვინო იწარმოება და ეს უნდა გახდეს ჩვენი საფირმო ნიშანი, რომ იტყვიან. მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო," - განაცხადა პრემიერმა.