9-10-2022
რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც არის პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა - ევროპული გაერთიანება. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო დისკუსიები გვქონდა პრაღაში, 44 ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ, იქ შემდეგ 4 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და მქონდა პატივი მათ შორის ერთი სამუშაო ჯგუფისთვის მე მეხელმძღვანელა, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა თელავში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტს შეეხებოდა, სადაც პრემიერმა პრაღაში მიიღო მონაწილეობა.
მისივე თქმით, მთავარი დღეს ევროპასა და მთელ მსოფლიოში არის უსაფრთხოების გამოწვევები.
„ძალიან საინტერესო დისკუსია მოვისმინეთ, ჩვენ ყველამ მივიღეთ მონაწილეობა. მთავარი გამოწვევა, რაც დღეს არის ევროპაში და მთელს მსოფლიოში, არის ბუნებრივია უსაფრთხოების გამოწვევები, ეს არის ომი უკრაინაში, რომელიც არ მთავრდება, რომელიც კიდევ უფრო საშიშ გამოხატულებებს ჰპოვებს და რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ჩვენი მთავარი საზრუნავია მშვიდობა და უსაფრთხოება, ჩვენი მოქალაქეების, თქვენი ყველასი, ამ ქვეყნის მკვიდრი ყველა მოქალაქის.
მეორე მთავარი თემა, რაც იყო ეს არის ენერგოუსაფრთხოება. დღეს ევროპაში არის ძალიან მწვავე კრიზისი, ენერგოკრიზისი იმიტომ, რომ მოგეხსენებათ კარგად, რუსეთმა გაზი შეუწყვიტა, 7%-მდე შეამცირა უკვე გაზის მიწოდება ევროპისთვის და რეალურად ევროპის ქვეყნები ახლა მსჯელობენ იმაზე თუ, როგორ ჩაანაცვლონ რუსული გაზი, რაც რა თქმა უნდა არ იქნება ძალიან იოლი მოკლევადიან პერსპექტივაში - ამ თემებზე იყო საუბარი, ბუნებრივია უკრაინის ომი არის დიდი გამოწვევა მთელი ევროპისთვის, ასეთი კრიზისი არ ყოფილა მთელ მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მანვე რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველო, როგორც ამ რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, ვართ მონაწილენი ამ პროცესების, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ჩვენს რეგიონში უნდა იყოს მშვიდობა. აზერბაიჯანში, სომხეთში ბუნებრივია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში თურქეთში, ჩვენ ვართ დაინტერესებული, იყოს უფრო შეხმატკბილებული ურთიერთობა და ამის პირველი ნაბიჯები გამოიკვეთა იმიტომ, რომ პირველი შეხვედრა შედგა სომხეთის პრემიერი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს და ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტს და საქართველო ასევე არის მედიაციის პროცესში ჩართული. მთავარი, რაც მინდა გითხრათ არის შემდეგი, რომ არავითარი გამოწვევა ქვეყანას არ გააჩნია, ჩვენ ძალიან მტკიცედ მივუყვებით ჩვენს გზას, ჩვენს არჩეულ პოლიტიკას, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკა, ასევე ზამთარში არავითარი შეფერხება არ ექნება ჩვენს მოქალაქეებს არც ენერგომომარაგების კუთხით,"- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო საერთაშორისო ორგანიზაციების აგარიშებს. მისი თქმით, საქართველოს რეკორდული, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.
„ასე, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ ყოფნა ქვეყნის განვითარება, მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებაც გამოქვეყნდა და ჩვენ მთელი ევროპის და ცენტრალური აზიის მასშტაბით ყველაზე რეკორდული, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ევროპის ქვეყნებში არის ძალიან მძიმე ვითარება ამ მიმართულებითაც. ამ ფონზე მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასეთი მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნებას ქვეყანაში, ქვეყნის შიგნით. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მშვიდად, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ჩვენი გამოწვევები - ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ გვჭირდება გონიერება, ემოციების ნაკლებობა, მეტი მუშაობა, მეტი ეკონომიკური განვითარება, მეტი კეთილდღეობა და მეტი სიყვარული და პოზიტივი,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024