"სინერჯის" კაპიტალის პარტნიორების დირექტორი, პაპუნა ტოლიაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია.
მისივე თქმით, ქობულია საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის ერთ-ერთი ოფისის დირექტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი რამდენიმე სფეროშია კომპეტენტური.
"ორი საკითხია მნიშვნელოვანი, პირველი, რომ კომპანია McKinsey-ის ყველაზე დიდი ოფისი აქვს მოსკოვში და ამისი დირექტორია გიორგი ქობულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პიროვნება იმ იშვიათი ადამიანების სიაშია, რომლებიც მინიმუმ რამდენიმე სფეროში არიან კომპეტენტურები. McKinsey ყველაზე ძლიერი საკონსულტაციო კომპანიაა რაც არსებობს, ბრენდის თვალსაზრისითაც და არსებობის ხანგრძლივობის თვალსაზრისითაც. გარდა ამისა, მოსკოვის ოფისი განსაკუთრებით ძლიერია ენერგეტიკის მიმართულებით, კარგად იციან ეს სფერო და მსოფლიო მასშტაბით ხელმძღვანელობენ მათი პრაქტიკით.
გიორგი ქობულია კი ძალიან ჭკვიანი და კომპეტენტური ადამიანია, როგორც ეკონომიკის ცოდნის თვალსაზრისით ისე სხვა დარგებში, რომელშიც ეს ოფისია ძლიერი. მას ამერიკაში ერთ-ერთი სერიოზული ბიზნეს სკოლა აქვს დამთავრებული და ამ მხრივაც გამოირჩევა ის. მგონია, რომ ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია", - განაცხადა პაპუნა ტოლიაშვილმა.