გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომეო მიქაუტაძემ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრთა სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

13-10-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ქალაქ პრაღაში გამართულ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტების სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ენერგეტიკის სფეროში კონტინენტზე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს შეეხებოდა.


შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე ევროპასა და აზიას შორის და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით.


მისი თქმით, საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა უკავია საიმისოდ, რომ წარმატებით შეასრულოს ენერგეტიკული ხიდის ფუნქცია და ამის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელის პროექტი, რომლითაც საქართველო და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონი შეძლებს დაუკავშირდეს ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემას. რომეო მიქაუტაძის განცხადებით, 1195 კმ სიგრძის კაბელი, რომელიც საქართველოს და რუმინეთის ენერგოქსელებს დააკავშირებს ერთმანეთს, შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირს ამ ინფრასტრუქტურის მეშვეობით სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებსაც დაუკავშირდეს. მისი თქმით, პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამჟამად პროექტის ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს.


რომეო მიქაუტაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქციის მატარებელი ქვეყნის შესაძლებლობებზე ენერგეტიკული რესურსების ევროპაში ტრანსპორტირების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოს მიზანია, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გაამყაროს საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია და ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მეშვეობით ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას. მინისტრის მოადგილემ დაასახელა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა მეშვეობითაც ევროპას კასპიის ზღვის რეგიონის ენერგეტიკული რესურსები უწყვეტად მიეწოდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930