გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ქობულია: ჩემთვის ეს გამოწვევა ძალიან საინტერესოა

13-07-2018

“ჩვენი ეკონომიკური ზრდის ფილოსოფია ემყარება არამარტო ეკონომიკის ზრდას, არამედ შემოსავლების თანაბარ გადანაწილებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც პარლამენტის წევრებმა მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატების პროგრამებს მოუსმინეს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდასა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთა განხორციელებითაც აღნიშნული მიზანი მიიღწევა.


მათ შორის, გიორგი ქობულიამ აქცენტი გააკეთა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, ინდუსტრიალიზაციის დონის დაჩქარებაზე, რეგიონების განვითარებაზე და ბიზნესის სტიმულირების სხვა ღონისძიებებზე.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მიუხედავად დადებითი ეკონომიკური ტენდენციებისა და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის პოზიტიური შედეგებისა, საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ღარიბ ქვეყნებს შორისაა, ეკონომიკური შემოსავალი კი, რომელიც ქვეყანაში იქნება, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით არის მცირე. გიორგი ქობულია ასევე შეეხო უმუშევრობის მაღალ დონეს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა. ესენია: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ეკონომიკურ პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა; ინდუსტრიალიზაცია და ახალი წარმოებების შექმნა; რეგიონებში ახალი პერსპექტივების გაჩენა, განსაკუთრებით, აგროსექტორისა და მასთან მომიჯნავე დარგების განვითარების მიმართულებით. გიორგი ქობულიამ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის განვითარებას.


აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულებების სტიმულირებისთვის, გიორგი ქობულიამ აქცენტი გააკეთა შრომითი რესურსების განვითარებაზე, აგრეთვე საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს მეტ ინტეგრაციაზე, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებებისა და მომსახურებების შექმნასა და გამრავალფეროვნებაზე და სხვ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა თავის საპროგრამო სიტყვაში ასევე გაამახვილა ყურადღება ისეთი მექანიზმის შექმნაზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაში დაეხმარება. კიდევ ერთ ასეთ ინიციატივად გიორგი ქობულიამ ე.წ. აგროპოლისების შექმნა-განვითარება დაასახელა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც რეგიონებში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას, ისე აგროსექტორში პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად ზრდას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ინდუსტრიალიზაციაზე საუბრისას, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანამ არჩევანი იმ სექტორების განვითარებაზე გააკეთოს, სადაც ქვეყანას შედარებითი უპირატესობა აქვს. კიდევ ერთ პრიორიტეტად გიორგი ქობულიამ საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება და საერთაშორისო ბაზრებზე მეტი ინტეგრაცია დაასახელა.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ საერთო ძალებით შევძლებთ საქართველოს კეთილდღეობის კიდევ უფრო გაძლიერებას - დიდი ენთუიზიაზმით ვარ განწყობილი ამ ამოცანის შესასრულებლად, ჩემთვის ეს არის გამოწვევა და ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031