17-10-2022
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამ ქვეყნის გარემოს, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს სიმონეტა სომარუგას შეხვდა და მასთან ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.
მინისტრის მოადგილემ შვეიცარიელ კოლეგას საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე ტენდენციები გააცნო, ასევე ისაუბრა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე, რომელსაც საქართველო, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ეგიდით, ახორციელებს. რომეო მიქაუტაძემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოსა და ზოგადად რეგიონში ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას და ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომელთაც ქვეყანა ამ მიმართულებით ახორციელებს. მათ შორის, საუბარი წარიმართა შავი ზღვის ფსკერზე ენერგოკაბელის გაყვანის პროექტზე, რომლითაც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება.
შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოში მწვანე ენერგეტიკის განვითარების საკითხებზე, განსაკუთრებით, ჰიდროენერგეტიკაზე. აღინიშნა, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეისწავლოს ევროპაში მსგავსი რელიეფის მქონე ქვეყნების, მათ შორის, შვეიცარიის გამოცდილება, თუ როგორ მართავს ქვეყანა წყლის რესურსებს ენერგეტიკული გამოწვევების გადასაჭრელად. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ე.წ. წყალსაცავიან ჰესებზე, რომლითაც შვეიცარია საკმაოდ მდიდარია. რომეო მიქაუტაძის ინფორმაციით, საქართველოს აქვს წყლის რესურსები, რომელთა ათვისებითაც შესაძლებელი იქნება ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა და ზამთრის თვეებში ელექტროენერგიის დეფიციტის მნიშვნელოვნად შემცირება.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ თანამშრომლობას ენერგეტიკის მიმართულებით, მათ შორის, გამოცდილების გაზიარების მხრივ.
შვეიცარიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მოხსენებით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჰიდროენერგეტიკის სექტორში ინვესტირების საკითხებს მიეძღვნა. კონფერენცია განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა.
16-11-2024
16-11-2024