გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენადი არველაძე: წლებია, თურქული კომპანიები აგრძელებენ საქართველოში ინვესტირებასა და გაფართოებას, ამის დასტურია "ბეკოს" 25-წლიანი საქმიანობაც ჩვენს ქვეყანაში

26-10-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდის "ბეკოს" საქართველოში საქმიანობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 


როგორც სიტყვით გამოსვლისას გენადი არველაძემ აღნიშნა,   ათწლეულების მანძილზე თურქეთი, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. მისივე თქმით,  2021 წელს პირველად ქვეყნებს შორის  საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 


აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინვესტიციების შემოდინება თურქეთიდან პირველად 1997 წელს განხორციელდა. 2005-2020 წლებში სულ განხორციელდა 1 778.7 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია.მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინვესტიციები თურქეთიდან მზარდია. 


"განსაკუთრებით გვახარებს ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში თურქულ კომპანიებს არ განელებიათ საქართველოში ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების განხორციელების ინტერესი. თურქი ინვესტორების ესოდენ დიდი დაინტერესება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ნდობაზე, რომელიც გამოწვეულია საქართველოში მიმდინარე რეფორმებით და  ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემოთი, ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატითა და სხვადასხვა ხელშემწყობი და წამახალისებელი ღონისძიებებით. სწორედ საქართველოს ბიზნეს კლიმატისა და ასევე ორმხრივი  ნაცვალგების საფუძველზე აგებული სავაჭრო პარტნიორობისა და ურთიერთთანამშრომლობის შედეგია, რომ 25 წელია საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ბეკო" და ვულოცავ კომპანიას ამ წარმატებულ საქმიანობას", - განაცხადა გენადი არველაძემ. 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს, ევროკავშირსა  და თურქეთს შორის ამოქმედებულ დიაგონალურ კუმულაციას, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდა მხარეთა ინდუსტრიული ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე. 


ამასთან, აღსანიშნავია , რომ საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის გათვალისწინებით ბეკოსთან ერთად დღეის მდგომარეობით, საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებს 10-ზე მეტი მსხვილი თურქული კომპანია სხვადასხვა სექტორებში. 


კომპანია "ბეკომ" საქართველოში საქმიანობა 1997 წელს, ბათუმში გახსნილი ერთი მაღაზიით დაიწყო, დღეს კი  „ბეკოს" ანგარიშზე ქვეყნის მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილი, 5 სერვის ცენტრი, 800 დასაქმებული ადამიანი და ასობით ათასი ერთგული მომხმარებელია. 


„ბეკო საქართველო" ევროპაში ყველაზე დიდ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტოპ 3 ბრენდს შორის დასახელებული „ბეკო გლობალის" ღირსეული წარმომადგენელია. მსოფლიო მასშტაბით „ბეკო გლობალი" 7 კონტინენტის 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 300 მილიონ მომხმარებელს ითვლის, აერთიანებს 12 ბრენდს და ჯამურად  40 000 თანამშრომელი ჰყავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930