28-10-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვია და განათლების სისტემის ყველა საფეხურზე დანერგილ სიახლეებს გაეცნო.
მიხეილ ჩხენკელი ბაქოს საჯარო სკოლებს ესტუმრა, ადგილობრივ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა და STEAM-ისა და ციფრული ტექნოლოგიების კლუბების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს დაესწრო.
მინისტრმა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფრანგულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტი და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია (ADA Universiteti) მოინახულა, სადაც უნივერსიტეტების რექტორებთან და წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა ბაქოს მრეწველობის, ინოვაციებისა და პროფესიული განათლების სახელმწიფო ცენტრშიც გამართა, რომლის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების მხარდამჭერი პროექტები და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განათლებისა და მეცნიერების 2022-2030 წლის ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ითვალისწინებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის მოდერნიზებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შესაქმნელად, ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.
მიხეილ ჩხენკელი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ფუად მურადოვს. საუბრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებაზე, საერთო მიზნებსა და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
მიხეილ ჩხენკელს ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ემინამრულაევმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დადებითად შეაფასა აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტები. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია განათლების ყველა მიმართულებით აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება. მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებაზე.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
16-11-2024
16-11-2024