14-07-2018
სმიტების ოჯახის სასტიკად დახოცვის შემდეგ, საზოგადოებაში სულ უფრო მწვავე გახდა მსჯელობა მკვლელობაში ბარლდებული მწყემსის მალხაზ კობაურის შესაძლო უდანაშაულობის შესახებ.
დაკავებულის დედა მარიამ მარტიაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მისი შვილის უკან შესაძლოა ვინმე იდგეს, რომელმაც არ არის გამორიცხული მას ეს დანაშაული ჩაადენინა, ან საკუთარ თავზე აღება აიძულა.
მარტიაშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დაკავებული 19 წლის მწყემსი ოკუპირებულ რეგიონში ხშირად გადადიოდა და მას ოკუპანტების მიერ გამოწერილი საშვი ჰქონდა. დედის განცხადებით, სანამ ის ხადას ხეობაში მწყემსად მუშაობას დაიწყებდა, მანამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში რუსებთან და ოსებთან მწყემსად მუშაობდა.
ასევე საინტერესოა როგორ და რა სოცილურ გარემოში გაიზარდა მალხაზ კობაური. ადგილობრივების და მეზობლების ინფორმაციით, ის მუდმივად უყურებდა როგორ ძალადობდა ოჯახში მამა დედაზე.
ასევე გამოითქვა მოსაზრებები, რომ შესაძლოა ბრალდებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლი თავადაც გამხდარიყო. მკვლელობაში ბრალდებული კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდანაა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წილკანში ცხოვრობს.
კობაურების მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მწყემსის დედა მისმა მეუღლემ სასიკვდილოდ დაჭრა და მას 5 წელი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ასევე, მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში დედაც და მამაც სრულიად ჯანმრთელი ადამიანები არიან, ბიჭი იძულებული იყო, რომ წლების განმავლობაშ ოჯახის სარჩენად ფიზიკურად ეშრომა.
სმიტების მკვლელობაში ბარლდებული კობაური ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, როდესაც ცხვარში მწყემსად ჯერ ოსებთან, შემდეგ კი რუსებთან მუშაობდა.
„რეზონანს“ სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის დედამ მარიამ მარტიაშვილმა დაუდასტურა, რომ მისმა ქმარმა მისი დაჭრისთვის 2,5 წლიანი სასჯელი მოიხადა. მას 5 წელი ჰქონდა მისჯელი, თუმცა მისი თხოვნის შემდეგ, რომელიც მან ქმრის შეწყალებაზე შეიტანა, მას სასჯელი გაუნახევრდა და ამინისტია შეეხო. მარტიაშვილი ამბობს, რომ მისი დაჭრა ქმარს არ სურდა და ეს სრულიად შემთხვევით მოხდა.
თუმცა მარტიაშვილი არ აკონკრეტებს რა სიტუაციაში მოხდა აღნიშნული დანაშაული. ადასტურებს, რომ ის ქმარმა დანით ნამდვილად დაჭრა, მაგრამ არა განზრახ. ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი იძულებული გახდა ოჯახის სარჩენად ემუშავა. თუმცა უარყოფს ფაქტს, რომ შესაძლოა, მისი ქმარი შვილზეც ძალადობდა.
„სისულელეა ყველა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩემი შვილი ძალადობრივ გარემოში იზრდებოდა. ოჯახში კონფლიქტი ვის არ აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მკვლელია. ჩემი ქმარი ჩემი დაჭრისთვის სასჯელს ნამდვილად იხდიდა, თუმცა ამას მე არ ვეთანხმებოდი.
დაჭრა შემთხვევით დანით მოხდა. არ მინდა კონკრეტულად ამაზე საუბარი. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ისევ ერთად ვცხოვრობთ და ის ისევ ჩემი ქმარია. მის შეწყალებაზე განცხადება არაერთხელ დავწერე, თუმცა, ბოლოს შეწყალებით გათავისუფლდა.
არ ვიცი ხადას ხეობის მოსახლეობა ჩემს შვილს ხელს რატომ ადებს. არც ის ვიცი მისი დამსაქმებელი რას ამბობს, მასთან საუბარი არ მქონია. გავიგე თურმე მწყემსები ამბობენ, რომ მას ტელეფონში გარდაცვლილი ქალის ფოტოები ჰქონდა. არც ტელეფონი მინახია მისი და არც მასთან მისაუბრია. მისი მჯერა. ვისთანაც მუშაობდა, ყველა ამბობს, რომ მას ცხვრის დაკვლაც კი არ შეეძლო, ბავშვის მოკვლას როგორ შეძლებდა.
გამოძიებას უნდა, რომ ყველაფერი ჩემს შვილს შეტენოს. საცოდავ ბავშვზე ხელის შეწმენდა ყველაზე ადვილია. დარწმუნებული ვარ, რომ მის უკან ვიღაც ნამდვილად დგას. ის დიდი ხანი რუსებთან და ოსებთან მუშაობდა. მას აქვს საოკუპაციო ხელისუფლებისგან გაცემული საბუთი, რომლითაც ის რეგიონში მოძრაობდა“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ბრალდებულის დედა.
ხადას ხეობაში ადგილობრივები „რეზონანსთან“ საუბარში კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ იმ დროს, როდესაც ხეობაში სმიტების ოჯახი გაუჩინარდა უცხო პირები ყოფილიყვნენ.
მათი აზრით, დაუშვებელია, რომ ისინი პატარა სოფელში ადგილობრივებს არ შეემჩნიათ. მწყემსებმა ნახეს როგორ დაჰქონდა ტელეფონი ბრალდებულს და გარდაცვლილი ლორა სმიტის ფოტოებს სხვა მწყემსებს აჩვენებდა, ნახეთ რა „ნაშა“ მყავსო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მან მკვლელობა ქალის გამო ჩაიდინა და დანაშაულის მოტივიც ქალზე ძალადობა გახდა. ხეობაში დარწმუნებულები არიან, რომ დანაშაული 19 წლის მწყემსმა ჩაიდინა, რომელმაც უბრალოდ გვამების თავიდან მოშორება ვეღარ მოასწრო.
ქალზე ძალადობის ეჭვს, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციაც აღძრავს. მედიის განცხადებით, ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით, ლორა სმიტი გაუპატიურებულია. ტელეკომპანიამ, ასევე გამოაქვეყნა ბრალდებული მწყემსის ჩვენება, სადაც ის დეტალურად აღწერს როგორ დახოცა ოჯახი.
"რეზონანსი"