გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ჩვენ შეთანხმებულები ვართ იმ პრინციპებზე, რა პრინციპებზეც უნდა იქნას დაფუძნებული ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა

31-10-2022

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში მთავრობა ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით განახლებულ სქემას წარმოადგენს. როგორც მან აღნიშნა, დამატებით ენერგოსიმძლავრის შექმნაზე გამოცხადდება ღია აუქციონი. 


„ენერგეტიკა ყოველთვის იყო ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, თუმცა ამ სიტუაციაში, რის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამ მიმართულებით, ჩვენ ენერგეტიკის სექტორში განახლებული მხარდაჭერის სქემას წარმოვადგენთ, კონკრეტულად, ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით.


ჩვენ უკვე, პრაქტიკულად, დავასრულეთ მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის მისიაც ამჟამად საქართველოში იმყოფება. ჩვენ იმ ძირითად პრინციპებზე შევთანხმდით, რა პრინციპებზეც ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა უნდა იქნას დაფუძნებული. ეს არის საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის განსხვავების მოდელი, რომელიც გულისხმობს გარკვეული კონტრაქტის ღირებულებასა და საბაზრო ფასს შორის გარანტიის მიცემას სახელმწიფოს მხრიდან იმ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში ახალი ელექტროგენერაციის მშენებლობას უზრუნველყოფენ. ეს შეეხება როგორც ჰიდრორესურსებს, ასევე, სხვა განახლებად რესურსებს, როგორიც არის მზისა და ქარის ენერგია.


მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება მიღწეულია მთლიან მოცულობაზე, ეს მოცულობა ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, დაახლოებით, 1500 მეგავატი მომდევნო სამი წლის განმავლობაში. გაწერილია, ასევე, გრაფიკიც, როგორ უნდა მოხდეს ამ მოცულობის გამოტანა ბაზარზე და ბუნებრივია, ეს მოხდება გამჭვირვალედ, ღია აუქციონის წესის მიხედვით, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს, თუ ინვესტორს, შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს აუქციონში და თავისი კონკურენტული წინადადება წარმოადგინოს. ამ მიმართულებით ჩვენ უახლოეს დღეებში მოვამზადებთ შესაბამის ბრძანებას.


შემდეგ, დისკუსია გადაინაცვლებს კერძო სექტორთან, ინვესტორებთან, იმისთვის, რომ ახალი მოდელი უკეთ გაიცნონ და შემდეგ, მონაწილეობა მიიღონ აუქციონებში, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიწყოს ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930