გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა კაკაბაძე: ოლიგარქია აღქმით, ჩადგმით და ჩამოტარებით, ძალაუფლების მისატაცებლად გაჩაღებული ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა

24-11-2022

საქართველოში, 2024 წლის არჩევნებამდე, ოპოზიციის უკანონო მიზნების მისაღწევად, აუცილებელია  მოედნის მოსუფთავება, რაც  ნაციონალებისა და მათი დასავლელი ლობისტების აზრით, ივანიშვილის განეიტრალების გარეშე შეუძლებელია. აქამდე ყველა მცდელობა მარცხით დასრულდა, ამიტომ ახლა სხვა მხრიდან დაიწყეს შეტევა - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ძალაუფლების მისატაცებლად გაჩაღებული ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და ბევრისთვის გაუგებარი,  დემონიზირებული სიტყვა „ოლიგარქის“  ივანიშვილისთვის მიკერება-მისადაგებით  ცდილობენ  მიზნის მიღწევას.

 

"ოლიგარქია აღქმით, ჩადგმით და ჩამოტარებით ძალაუფლების მისატაცებლად გაჩაღებული ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. საქართველოში, 2024 წლის არჩევნებამდე, ოპოზიციის უკანონო მიზნების მისაღწევად, აუცილებელია  მოედნის მოსუფთავება, რაც  ნაციონალებისა და მათი დასავლელი ლობისტების აზრით, ივანიშვილის განეიტრალების გარეშე შეუძლებელია.

 

აქამდე ყველა მცდელობა მარცხით დასრულდა. ოპოზიცია არჩევნებში 9 ჯერ დამაჯერებლად დამარცხდა. ვერ მოხერხდა პარლამენტში  შეჭრა და ხელისუფლები დამხობა, ვერ განხორციელდა პროექტი-"ტექნიკური მთავრობა", ვერ მოხერხდა  ხალხის დარწმუნება, რომ ბიძინა საქართველოში პუტინისაგან  გამოგზავნილი რუსეთუმე დიქტატორია, დემოკრატიისა და დასავლური ღირებულებების მტერია, სახელმწიფო ბიუჯეტის მჭამელია, ქვეყნის ბუნების გამნადგურებელია, მიწებისა და ძალაუფლების  უკანონოდ მიმტაცებელია,  ფულის მონაა და რომ მისი მიზანი ქვეყნის დაქცევაა.

 

ამიტომ ახლა სხვა მხრიდან დაიწყეს შეტევა. ბევრისთვის გაუგებარი,  დემონიზირებული სიტყვა „ოლიგარქის“  ივანიშვილისთვის მიკერება-მისადაგებით  ცდილობენ  მიზნის მიღწევას. აღმოჩნდა, რომ უკრაინის გარდა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ამ უკრაინული  კანონის   კოპირება  გადაწყვიტა.

 

ნაცებმა მყისიერი განგაში ატეხეს. „ეგ არ ითვლება, რადგან უკრაინული კანონის კრიტერიუმებში ბიძინა ვერ ხვდება“-ო და ახალი კანონპროექტი გუშინ თვითონვე შემოგვთავაზეს. ნაცების კანონ-პროექტი 19 მუხლისგან შედგება და მისი მე-4 მუხლის მიხედვით „ოლიგარქის“ განსაზღვრება ასეთია: ოლიგარქი - პირი, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე სამ შემდეგ პირობას და ახორციელებს ზეგავლენას საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე:

 

ა) პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას;

 

ბ) მისი ოჯახის წევრები ან დაკავშირებული პირები, მის მფლობელობაში არსებულ იურიდიულ სუბიექტებში დასაქმებული პირები იკავებენ სახელმწიფო-პოლიტიკურ, პოლიტიკურ ანდა სახელმწიფო თანამდებობებს;

 

გ) პირდაპირ ან ირიბად (მათ შორის მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის მეშვებით) ახორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედია მომსახურების საშუალებებზე;

 

დ) წარმოადგენს საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტი ან უკავია დომინანტური (მონოპოლიური) მდგომარეობა ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად;

 

ე) პირის ანდა სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მფლობელი პირის დადასტურებული აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%, ანდა მას, მისი ოჯახის წევრებს და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს მიწის რესურსის 7 % ზე მეტი.

 

ვ) სანქცირებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ;  შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუ როგორ უწვალიათ ამ კანონპროექტის ავტორებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მოექციათ მათ მიერ დაწესებულ უცნაურ და გაუგებარ  6 მახასიათებელში.

 

პარადოქსია, რომ ნაცებს საკუთარი აღქმები დადგენილ ფაქტებად მიაჩნიათ და ამ აფსურდში სხვების დარწმუნებასაც ცდილობენ :

 

ა) ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური საქმიანობის "ირიბად"განხორციელებაში,

 

ბ) სწორედ ბიძინასთან  „დაკავშირებული პირები“ იკავებენ თურმე სახელმწიფო-პოლიტიკურ, პოლიტიკურ ანდა სახელმწიფო თანამდებობებს (განსაკუთრებული აფსურდულობით გამოირჩევა „დაკავშირებული პირების“ დეფინიცია),

 

გ) სწორედ ბიძინა ანხორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედია მომსახურების საშუალებებზე, მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის მეშვეობით

 

დ) სწორედ მას უკავია მონოპოლიური მდგომარეობა ბაზარზე

 

ე) სწორედ მისი აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%, და სწორედ მას, მისი ოჯახის წევრებს და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს მიწის რესურსის 7 % ზე მეტი და ბოლოს

 

ვ)სწორედ ბიძინას სანქცირებისკენ არის მიმართული ნაცებისა და მათი ამბსონების   მთელი ძალისხმევა და იმედები. აქ აღარაფერს ვამბობთ იმაზე, თუ საიდან გამოთვალეს კანონპროექტის ავტორებმა ეს 7 თუ 0,35%, არც იმაზე, თუ რომელ „ჭკვიან თავში“ დაიბადა „სახელმწიფოს მიტაცების“ ასეთი ფორმულირება: „სახელმწიფოს მიტაცება - პირადი უპირატესობებისათვის, ეკონომიკური, პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის, სისტემური პოლიტიკური კორუფციის სახეობა, სადაც პირადი (კერძო) ინტერესები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ, სახელმწიფოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე“ (შინაარსისგან დაცლილი სიტყვების რახარუხია). პროექტის ავტორები არ ან ვერ გვეუბნებიან, ეს „მნიშვნელოვანი ზეგავლენა“ ვინ და როგორ უნდა გაზომოს. როგორც ჩანს მათ ეს საჭიროდ არც მიაჩნიათ, ვინაიდან ნაცების აღქმით,   „მნიშვნელოვანი“ ზეგავლენა სწორედ ბიძინა ივანიშვილს აქვს და მათი ჰალუცინაციები დანარჩენებმა  "მტკიცებულებად" უნდა მივიჩნიოთ.

 

კანონპროექტის ნოუჰაუს წარმოადგენს „ნათესავის“ დეფინიციის კიდევ უფრო აბსურდულ-კომიკური ახსნა. სისხლის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები იძლევიან „ახლო ნათესავის“ თუ „ნათესავის“  განსაზღვრებას. ნაც-კანონპროექტის ნოუჰაუს კომიკურობა  იმაში მდგომარეობს, რომ ტრადიციულად ცნობილ ნათესავის განსაზღვრებაში მათ შეუყვანიათ „აგრეთვე რელიგიური რიტუალებით დანათესავებული პირები“, ანუ ნათლიები, ნათლულები, ნათლიმამები, ნათლიდედები (ალბათ ნათლიბებიები, ნათლიბაბუებიც და მათი ბიძაშვილ-მამიდაშვილებიც).

 

მოკლედ, შორს რომ არ წავიდეთ, ზემოთქმულიც საკმარისია ამ მკვდარდშობილი კანონ-პროექტის ავტორების უსუსური მცდელობების მიზნების და მისწრაფებების ამოსაცნობად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ კანონპროექტის,  პრაქტიკაში განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის რეალიზატორებს მიეცემათ უფლება ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე მხოლოდ საკუთარი აღქმებით და პოლიტიკური გემოვნებით ვოლუნტარისტურად შეაფასონ კონკრეტული მოცემულობები, მხოლოდ საკუთარი სურვილით  მიაკერონ  იარლიყი, მათი მხრიდან დემონიზებულ „რუს ოლიგარქს“. უბედურებაა, რომ პოლიტიკურ ტორპედოდ გამოსაყენებელ კანონს ჩვენი  „მეგობრებიც“ მოიწონებენ და გულმხურვალედ მიესალმებიან. ისინი ხომ ევროპარლამენტარის მაღალ სტატუსს ატარებენ. ზოგიერთი ქართველი "პოლიტიკოსი", ასევე ყველაფერი ევროპულით მონუსხული პუბლიკა, ვაი მეგობრების მერკანტილური ინტერესებით ნაკარნახევ პოზიციებს,  უმაღლესი  ინსტანციის უდავო ჭეშმარიტებად მიიჩნევენ. ასე გამოიყურება  "მთავარი"   ოპო-ზიციური პარტიის  დე-ოლიგარქიზაციის კა-ნონპროექტი, აღქმით, ჩადგმით და ჩამოტარებით" - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930