26-11-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმათსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა.
მინისტრმა განაცხადა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, რომლის წიაღშიც ცნობილ მეცნიერთა არაერთი თაობა აღიზარდა, დაარსებიდან დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. მისი თქმით, ფასდაუდებელია თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა მიერ შეტანილი წვლილი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისა და განვითარების საქმეში.
მიხეილ ჩხენკელი: „მსურს, მთელი გულით მოგილოცოთ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილე. მართლაც ემოციურია ჩემთვის დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და ამ ღირსშესანიშნავი თარიღის აღნიშვნა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აღზრდილი ჰყავს ჩვენი გამოჩენილი ეკონომისტების მთელი თაობები, რომელთა წვლილი უდიდესია როგორც აკადემიური სფეროს, ასევე მთლიანად ქვეყნის განვითარების საქმეში.
ტრადიციულად, აქ სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს სიღრმისეულად შეისწავლონ ყველა საკითხი და აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევით პროცესში.
ძალიან სასიხარულოა, რომ 100-წლიანი ისტორიის მქონე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დღესაც არ თმობს მოწინავე პოზიციებს და ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განათლებას აძლევს.“
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელმა, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკან გიორგი ღაღანიძესთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები ვლადიმერ პაპავა და ავთანდილ სილაგაძე დააჯილდოვა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო იმ მეცნიერთა ფოტოები, ხელნაწერები და წიგნები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში ეკონომიკის, როგორც მეცნიერების განვითარების საქმეში. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა ფილიპე გოგიჩაიშვილის, ნიკოლოზ ქოიავას, გიორგი გეხტმანის, მალაქია ტოროშელიძის, პაატა გუგუშვილისა და სხვათა ხელნაწერებსა და ფოტოებს, რომლებიც საქართველოს ეროვნული არქივისა და თსუ-ის მუზეუმის ფონდებიდან შეირჩა.
1922 წლის 30 ივლისს, პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილისა და დოცენტ ლევან ანდრონიკაშვილის მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტი შეიქმნა, რომლის პირველი დეკანი პროფესორი შალვა ნუცუბიძე გახლდათ. სწორედ, აღნიშნული ფაკულტეტის შექმნით დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება.
16-11-2024
16-11-2024