გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე უცხოელ რადიკალებზე: დასავლეთის რიგი პოლიტიკოსების თვალახვეული პოლიტიკა დიდხანს ბრმად ვერ ივლის, სიმართლე ყველაზე უკუნ სიბნელეშიც კი ანათებს

30-11-2022

მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე დასავლეთის ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი შეფასებებით უცხოელი პარტნიორები თავად ახდენენ ქართველი ხალხის „დასავლეთისგან ზურგშექცევას“.

 

დეპუტატის აზრით, რაც უფრო მეტს ისაუბრებენ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ცვლილებაზე და რაც უფრო მეტად ღია იქნება მათი მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის მიმართ, მით უფრო მეტად აგრესიულად განაწყობენ ხალხს, რაც საბოლოოდ შესაძლოა ნამდვილად სახიფათო აღმოჩნდეს ქართულ-ამერიკული პარტნიორობისთვის.

 

„უპირველეს ყოვლისა, მაინტერესებს ამდენი გადამდგარი და ყოფილი პოლიტიკოსი, თუნდაც მოქმედი, რატომ ერევიან სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში ამ დოზით? რას ნიშნავს მათი მხრიდან ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისთვის თითის ქნევა და მოწოდება რადიკალიზმისკენ? თავად ეს პოლიტიკოსები თუ მისცემენ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს თავიანთი ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის უფლებას? რა თქმა უნდა, არა!

 

ამას ჩვენ გვიბედავენ, რატომ? იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებამ მისცა ამის უფლება. მათ გაყიდეს საქართველოს ეროვნული ღირსება თუნდაც იმ რამდენიმე მილიარდზე, რომლის უდიდესი ნაწილიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ხმარდებოდა.

 

და დღეს, თუკი რომელიმე ჩვენგანმა ხმა ამოვიღეთ, ეროვნული ღირსება და ქვეყნის დამოუკიდებლობა დავიცავით, ეს, როგორც იან კელიმ თქვა, „დასავლეთისგან ზურგშექცევა“ ყოფილა და თურმე ისევ ჩვენ უნდა დაგვაკისრონ „მიზნობრივი მძიმე ფასი“. ჩვენ ვართ ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების მომხრე და არა ორმაგი სტანდარტების, თუნდაც ეს დასავლური იყოს.

 

ნამდვილად არ ღირს ნაცების მეგობარ, გადამდგარ ჩინოვნიკებზე თუ მოქმედ რადიკალებზე ამდენი საუბარი რომ არა ერთი გარემოება, ისინი საუბრობენ საკუთარი ქვეყნის სახელით და ქართველ ხალხსაც შიდა რევოლუციისკენ სწორედ ქვეყნის სახელით მოუწოდებენ. ეს კი ნამდვილად სახიფათო თამაში და უდიდესი პოლიტიკური ავანტიურაა. მართალია, მათი მხრიდან ომში ჩართვის პირდაპირი მოწოდება აღარ ისმის, მაგრამ ქართველ ხალხთან ახალ ტონალობაში საუბარიც ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია, ერთი ხელით მეგობრობას გვიმტკიცებენ და მეორე ხელით ომში გვეპატიჟებიან. მათი მოწოდება იმის თაობაზე, რომ საქართველომ უკრაინას მიაწოდოს იარაღი ან მეტი დოზით ჩაერთოს სანქციებში, სხვა არაფერია, თუ არა ომში ირიბი ჩართვა რუსეთისგან ისედაც ოკუპირებული ქვეყნისგან.

 

რუსეთთან საომარი ქმედება საქართველოს ორჯერ ჰქონდა, თუმცა, არც ერთხელ არავისთვის არ უთხოვია ომში ჩართვა, არც დასავლეთიდან დაუყენებია ვინმეს საკითხი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების და არც მისი სანქცირების. როგორც ვნახეთ, მხოლოდ „შეშფოთებულმა“ განცხადებებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.

 

დასავლეთის რიგი პოლიტიკოსების თვალახვეული პოლიტიკა დიდხანს ბრმად ვერ ივლის, სიმართლე ყველაზე უკუნ სიბნელეშიც კი ანათებს. ყველასათვის ნათელია, თუ რატომ არ აღიარებენ მიხეილ სააკაშვილის მეგობარი პოლიტიკოსები საქართველოში დღეს არსებულ წინსვლას ყველა სფეროში. ეს არის მათი მხრიდან მიზანმიმართული ქმედება საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შესაქმნელად. თუმცა, ცდებიან. გონჩარენკოების, კრამერების, ფოტიგების და სხვა მსგავსი პოლიტიკოსების დრო უსწრაფესად იცვლება, დღეს ახალი დასავლეთი იღვიძებს. საქართველოც ძალიან მალე ახლადგადაფასებული, ცივილიზებული სამყაროს და ჭეშმარიტი დემოკრატიის ნაწილი გახდება“ - აცხადებს ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930