გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ქადაგიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დატოვებულ სისტემას ძვრა ვერ უყვეს, საზოგადოება მარწუხებში ვეღარ მოაქციეს, ქვეყანა ომში ვერ ჩართეს და სასოწარკვეთილები ერთმანეთის ჭამასა და გინებაზე გადავიდნენ

30-11-2022

გუშინ ინგა გრიგოლიამ დაიჩივლა, ბიძინა ივანიშვილმა „შეგვისრულა“ და ისეთი რეალობა შექმნა, სადაც თანაპარტიელი თანაპარტიელს აგინებს, ჟურნალისტი ჟურნალისტს, ყველა ერთმანეთს ჭამს და ყველას ერთმანეთი სძულსო. ინგა გრიგოლიას ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დავეთანხმო, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი დათქმით - სინამდვილეში, ეს ყველაფერი არა ქვეყანაში, არამედ ექსკლუზიურად იმ პარტიაში ხდება, რომელსაც ინგა გრიგოლია წარმოადგენს, - ამის შესახებ imedinews-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.


„ნაციონალი“ აგინებს „ნაციონალს“, „ნაცმედიის“ ჟურნალისტი აგინებს „ნაცმედიის“ ჟურნალისტს; „ნაცმოძრაობაში“ უკვე ისე დაერივნენ ერთმანეთს, ვინ ვის ჭამს, წესიერად ვეღარც გაარჩევ; ამ პარტიას და მის ტელევიზიებს სძულთ ყველა და ყველაფერი წმინდა - სახელმწიფო, ეკლესია, ქვეყნის წინსვლა, სიმშვიდე, მშვიდობა და ქართველი სპორტსმენების წარმატებაც კი. „ნაციონალების“ სიძულვილს შეუძლებელია რამე მოუხერხო, მაგრამ მათ მიერ ერთმანეთის გინება და ჭამა ნამდვილად საშური შედეგია და ამისათვის ბიძინა ივანიშვილი საგანგებო დაფასებას იმსახურებს. ბიძინა ივანიშვილმა დატოვა გუნდი, რომელშიც არათუ არავინ ერთმანეთს არ აგინებს და ჭამს, ყველა ერთ მუშტად არის შეკრული და ქვეყნის ინტერესებს იცავს. ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მედიაგარემო, სადაც, ნაცმოძრაობის რუპორების გარდა, არცერთი მედიასაშუალება ზიზღსა და სიძულვილს არ თესავს და არცერთი ჟურნალისტი მეორე ჟურნალისტს არ უპირისპირდება. „ნაციონალების“ შიდა დაპირისპირება და ურთიერთაუტანლობა სწორედ იმის შედეგია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ სისტემას მათ ძვრა ვერ უყვეს, საზოგადოება მარწუხებში ვეღარ მოაქციეს, ქვეყანა ომში ვეღარ ჩართეს და სასოწარკვეთილების შედეგად, ერთმანეთის ჭამასა და გინებაზე გადავიდნენ.


ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ავტორიტარიზმი დაამარცხა და თავისუფლება და დემოკრატია დაამკვიდრა. დემოკრატიას, გარდა სხვა სიკეთეებისა, ერთი მნიშვნელოვანი სიკეთეც ახასიათებს - თავისუფლების პირობებში, კარგიც და ცუდიც თავის სახეს სრულად წარმოაჩენს. ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულმა დემოკრატიულმა წყობამ „ნაციონალებს“ მისცა თავისუფლება, საკუთარი სახე და უსამშობლო ბუნება კიდევ ერთხელ სრულად ეჩვენებინათ.


საბედნიეროდ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელსაც ინგა გრიგოლიაც ამაყად მიეკუთვნება, ამ ქვეყანაში უმცირესობაა. საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას უყვარს საკუთარი ქვეყანა, ეკლესია, სახელმწიფო, ჯარი, პოლიცია და უნდა მშვიდობა საკუთარი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ინგა გრიგოლიას უმორჩილესად ვთხოვდი, საკუთარი უსამშობლო პარტიის პათოლოგიას ქართულ საზოგადოებაზე ნუ განაზოგადებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930