6-12-2022
საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობა იწყება – შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და სან მარინოს რესპუბლიკის განათლების, კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკის, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევების მინისტრმა ანდრეა ბელუციმ მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და გაცვლითი და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების განხორციელებას აკადემიური პერსონალის, მასწავლებლების, სტაჟიორების, განათლების ექსპერტებისა და სტუდენტებისთვის; ასევე, ერთობლივი კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას განათლების ყველა საფეხურზე – უწყვეტი სწავლისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.
გარდა ამისა, შეიქმნება ორივე ქვეყნის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ერთობლივი კომიტეტი, რომელიც შეასრულებს ერთგვარ მაკოორდინირებელ როლს საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკის საგანმანათლებლო ინსტიტუტების თანამშრომლობის საქმეში.
საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე, მიხეილ ჩხენკელმა სამუშაო შეხვედრა გამართა სან მარინოელკოლეგასთან, ანდრეა ბელუცისთან და დეტალურად განიხილა სამომავლო თანამშრომლობის ყველა ის ასპექტი, რომელსაც მემორანდუმი ითვალისწინებს.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში საქართველოსა და სან მარინოს სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენელთა შორის თანამშრომლობის საკითხებს.
შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჩხენკელმა სან მარინოელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
16-11-2024
16-11-2024