13-12-2022
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, სამსახურის უფროსის - სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის შიდა შემოსავლების სამსახურს (IRS) ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
შიდა შემოსავლების სამსახურის (IRS) საერთაშორისო ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში დელეგაცია გაეცნო კრიმინალური გამოძიების დანაყოფის საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. მხარეებმა, საგამოძიებო სამსახურის მანდატის გათვალისწინებით, ერთმანეთს გაუზიარეს წარმატებული გამოცდილება. ჩატარდა ორმხრივი სამუშაო შეხვედრები გლობალური ოპერაციების, ფინანსური დანაშაულებისა და პოლიტიკის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ - კარიმ კარტერთან და ამ სფეროში მოღვაწე სხვა ამერიკელ ექსპერტებთან. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, ვიზიტის განხორციელების პროცესში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს როლი.
მხარეებმა განიხილეს ფინანსური დანაშაულების თავისებურებები, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენის თანამედროვე მეთოდები, გამოძიების წარმოების, დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის ხერხები.
დელეგაციის წევრებმა და ამერიკელმა ექსპერტებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: გადასახადებისთვის თავის არიდება, დღგ-ს დაუსაბუთებელი დაბრუნება და აქციზური პროდუქციის უკანონო ბრუნვა, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, აქტივების მოძიება და დაყადაღება, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დანაშაულის გამოძიება, ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული გამოძიება და სხვა.
ვიზიტის ფარგლებში მხარეები ორ უწყებას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. სამომავლოდ, ასევე დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გამოცდილების გაზიარების მიზნით.
16-11-2024
16-11-2024