21-07-2018
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო. აღნიშნული კანონთა პაკეტი საპენსიო რეფორმის შემადგენელია ნაწილია, რომლის მთავარ მიზანსაც საქართველოში არსებული სოციალური სისტემის სრულყოფა წარმოადგენს.
კანონპროექტი პარლამენტარებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს შექმნას დანაზოგი, რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასისა და საშულებას მისცემს მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, დაგროვებითი პენსიის ამოქმედება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმ გამოწვევის საპასუხოდ, რასაც ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა წარმოადგენს. მისი თქმით, გრძელვადიან პერიოდში, დაგროვებითი პენსია სოციალურ პენსიასთან ერთად მნიშვნელოვნად, 50 პროცენტამდე გაზრდის პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტს.
„სწორედ სოციალური გამოწვევებზე პასუხია დაგროვებითი საპენსიო სქემა. ამ რეფორმით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას დანაზოგის გაკეთებაში და მათთან ერთად სრულად გაიზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვქმნით იმის რეალურ საფუძველს, რომ მოგვარდეს ის პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს სამართლიანობის და ეფექტიანობის თვალსაზრისით. სწორედ ეს არის რეფორმის მთავარი მიზანი. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ რეფორმას ასევე აქვს დადებითი ეკონომიკური გავლენა. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება დანაზოგები ეკონომიკაში, გაჩნდება ფინანსური რესურსი, რომელიც მკვეთრი ბიძგია კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის. ეს არის ალტერნატიული გრძელვადიანი რესურსი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბიზნესს, განახორციელოს ახალი პროდუქტიული ინვესტიციები, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
18-12-2024