გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ის, რაც დავით ჭიჭინაძემ გააკეთა, არცერთ დეპუტატს არ გაუკეთებია

21-07-2018

„როდესაც, არაერთგზის, თვეების განმავლობაში, კონკრეტული დეპუტატი შეურაცხყოფას აყენებს სხვა დეპუტატებს და კოლეგებს, გუნდის წევრებს, მთავრობის წევრებს, ბუნებრივია, ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა და ამაზე დავა, არის, უბრალოდ, შეუძლებელი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შესახებ საუბრისას განაცხადა.


ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს დაგვიანებული გადაწყვეტილება იყო, თუმცა, ამას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზებიც. ჟურნალისტის კითხვის პასუხად, იქნება თუ არა ცვლილებები უმრავლესობაში, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს მოსალოდნელი არ არის.


„რაც შეეხება კონკრეტულად, ამ ერთ შემთხვევას, ეს იყო, მე ვიტყოდი, დაგვიანებული გადაწყვეტილება, თუმცა, ამ დაგვიანებას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები. რაც შეეხება შემდგომ ცვლილებებს უმრავლესობის შემადგენლობაში, მე ვფიქრობ, რომ ეს მოსალოდნელი არ არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით გუნდში, მათ შორის, კონცეპტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ გუნდში ერთიანობის შენარჩუნებას ზუსტად ისევე, როგორც ვახერხებდით ამას გასული სესიების განმავლობაში, გასული ორი წლის განმავლობაში. გუნდი არის ერთიანი, ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა, საერთო პრინციპები და ამ პრინციპების გარშემო ვიქნებით, რა თქმა უნდა, გაერთიანებული მომავალშიც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის, რაც დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა, არის „ყოველგვარი წითელი ხაზის გადაკვეთა“, რაც აქამდე არცერთ სხვა დეპუტატს არ გაუკეთებია. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადაადგილებები მოსალოდნელი არ არის.


„ის, რაც გააკეთა ამ კონკრეტულმა დეპუტატმა, არ გაუკეთებია არცერთ სხვა დეპუტატს. როდესაც შენ შენს კოლეგებს უწოდებ კომკავშირელებს, კოლექტიურ ზარდიაშვილებს და ასე შემდეგ, ეს არის ყოველგვარი წითელი ხაზის გადაკვეთა. ასეთი რამ სხვა დეპუტატებს არ გაუკეთებიათ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად, ბუნებრივია, ვერავის ასეთი მოლოდინი ვერ ექნება. ეს იყო ერთი კონკრეტული დეპუტატი, რომელმაც გადაკვეთა ყველა ზღვარი. ჩემთვის მართლა აუხსნელია, რატომ შეიძლებოდა, ეს გაეკეთებინა ამ კონკრეტულ დეპუტატს. არ ვიცი, შეიძლება, რაღაც ეჭვები და ვარაუდები არსებობდეს, მაგრამ ნადვილად აუხსნელია ის, რომ ასეთი რამე კეთდება კონკრეტული დეპუტატის მხრიდან. შესაბამისად, რაც შეეხება შემდგომ რაიმე გადაადგილებას, ეს მოსალოდნელი არ არის. ჩვენ გვექნება კონსულტაციები, აქტიურ რეჟიმში წარიმართება კონსულტაციები ყველა საკითხთან დაკავშირებით გუნდში და ამ კონსულტაციების საფუძველზე გაგრძელდება ჩვენი მუშაობა უმრავლესობაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, ისე იქნა წარმოჩენილი, რომ დავით ჭიჭინაძე პარტიიდან მის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო გარიცხეს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არის გუნდის არაერთი წევრი, მიმართაც, დეპუტატმა შეურაცხყოფელი განცხადება გააკეთა.


„ასე ცდილობენ წარმოაჩინონ, თორემ მე ჩამოგითვლით არაერთ წევრს ჩვენი გუნდისას, რომლის მიმართაც შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოვიდა ეს კონკრეტული დეპუტატი, დაწყებული საპარლამენტო უმრავლესობის წევრებით, დამთავრებული, მთავრობის კონკრეტული წევრებით. იყო არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება, იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები ზოგადად გუნდის მიმართ, პარტიის მიმართ. ყველა წითელი ზღვარი გადაიკვეთა. მე ვუსმენდი კონკრეტულ ე.წ. ექსპერტებს, რომლებიც გაუგონარ რაღაცეებს ლაპარაკობდნენ, თითქოს, პარტიული დისციპლინა, ასეთი რამ, არ არსებობს დემოკრატიულ სივრცეში, რაც არის ღიმილისმომგვრელი, ვინც ოდნავ ერკვევა. მე თვითონ,დისერტაცია მაქვს დაცული პარტიებთან დაკავშირებით. ვინც ოდნავ მაინც ერკვევა იმაში, თუ როგორ მუშაობს ევროპული პარტიული სისტემები, ყველამ იცის, რომ პარტიული დისციპლინა არის მათი მოგონილი და მათი შენარჩუნებული. ასეთი ექსპერტები გვყავს ჩვენ, სამწუხაროდ. არასწორად ხდება ხოლმე იმ მოვლენების წარმოჩენა, რომელიც ვითარდება პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ რომელიმე ოპოზიციური პარტია: მაგალითად, „ევროპულ საქართველოში“ ოთარ კახიძემ რომ თქვას, ვიღაცეებზე, რომ პირობითად, ესენი არიან „გიგა ბოკერიები“ ან „ხათუნა გოგორიშვილები“, ბუნებრივია, ეს გახდება მყისიერად, მისი გარიცხვის საფუძველი, ანუ, ანბანურ ჭეშმარიტებებზე არ შეიძლება ვიდაოთ და სამწუხაროა, როდესაც ე.წ. ექსპერტები, ხანდაზმული თუ არა ხანდაზმული, საუბრობენ ასეთ თემებზე. ანუ, არასწორად ხდება ამ ყველაფრის წარმოჩენა. როდესაც, არაერთგზის, თვეების განმავლობაში, კონკრეტული დეპუტატი შეურაცხყოფას აყენებს სხვა დეპუტატებს და კოლეგებს, გუნდის წევრებს, მთავრობის წევრებს, ბუნებრივია, ეს რის წითელი ხაზების გადაკვეთა და ამაზე დავა, არის, უბრალოდ, შეუძლებელი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძის თქმით, დეპუტატს პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, წესდების თანახმად, პოლიტსაბჭოში შეუძლია. მისივე განცხადებით, პრინციპული გადაწყვეტილებების მიღებისას, აქტიური კონსულტაციების რეჟიმი მიმდინარეობს პარტიის შიგნით და პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარესთან.


„პროცედურა არის დადგენილი პარტიის წესდებით. პარტიის წესდების თანახმად, სამდივნოს გადაწყვეტილება საჩივრდება პოლიტიკურ საბჭოში, 14 დღის ვადაში, შესაბამისად, კონკრეტულ დეპუტატს შეუძლია ამის გასაჩივრება პოლიტსაბჭოში და იქ თავისი თვალით ნახავს იმას, თუ ვინ იყო მომხრე და ვინ არ იყო მომხრე მისი გარიცხვისა პოლიტიკური პარტიიდან. მე თქვენ გარწმუნებთ, რომ გვაქვს ძალიან აქტიური კონსულტაციების რეჟიმი პარტიის შიგნით, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გვაქვს კონსულტაციები პარტიის თავმჯდომარესთან, როდესაც მიიღება პრინციპული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, უნდა არსებობდეს კონკრეტული მოლოდინები გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. პოლიტსაბჭოში არის შესაძლებელი ამის გასაჩივრება და ბუნებრივია, იქ შეიძლება, ხელმეორედ განვიხილოთ ეს საკითხი. მაგრამ, რაც შეეხება გარიცხვის საფუძვლებს, ამის ეჭვქვეშ დაყენება, ბუნებრივია, არ ჯდება არანაირ ლოგიკაში და მე უნდა ვთქვა, რომ, სამწუხაროდ, ასეთი რაღაცეები მოვისმინე ე.წ. ექსპერტების მხრიდან და ასევე, ჩვენი გუნდის წევრების მხრიდანაც იყო ასეთი განცხადებები. საფუძველი რომ არსებობდა გარიცხვის, ეს ყველასთვის არის, ბუნებრივია, თვალნათელი. როდესაც კაცი თვეების განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებს თავის თანაგუნდელებს, ბუნებრივია, საფუძველი ამ შემთხვევაში, არსებობს და განცხადებები იმის თაობაზე, რომ ვიღაც კრიტიკისთვის გაირიცხა, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ან არის დაკვეთილი, როგორ შეიძლება, ექსპერტმა ასეთი რამ თქვას, რომ კრიტიკისთვის გაირიცხა ჭიჭინაძე, როცა ყველამ იცის, რომ კრიტიკისთვის არ გარიცხულა, არ ვიცი, ამის უკან რა შეიძლება იდგას. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ქართულ პოლიტიკურ, მედია თუ საზოგადოებრივ სივრცეში ხშირად ასეთი ალოგიკური განცხადებები კეთდება ხოლმე და მერე აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ამ განცხადებების უკან შეიძლება იდგას გარკვეული ინტერესები, მათ შორის, მერკანტილური გარიგებებიც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031