23-07-2018
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ოთხ სხვადასხვა საქმეზე, პოლიტპატიმრების: ბექა პეტრიაშვილის, ზვიად შინჯიკაშვილის, ბაკურ კიღურაძის და გია სალუქვაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.
ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც სიანფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ საქმეებზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა მსჯავრდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
2011 წლის ივლისში, შსს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ, წერეთლის გამზირზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან თითქოსდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულ იქნა ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ბექა პეტრიაშვილი, რომლის მიმართაც საქმეზე შეკრებილი იქნა ყალბი და გამოგონილი მტკიცებულებები.
2011 წლის 06 დეკემბერს, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე ბექა პეტრიაშვილი უკანონოდ იქნა გასამართლებული და მას მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი საპატიმროდან გათავისუფლება მხოლოდ პოლიტპატიმრის სტატუსის შეძენის შემდეგ მოხდა.
ახალი გამოძიების პროცესში, პროკურატურის მიერ გამოვლენილ იქნა ცრუ მოწმე, რომელმაც ბრალდებულის მიმართ განზრახ ცრუ ჩვენება მისცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მოწმე კ.ჯ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, რომლის მიმართაც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. საქმეზე ასევე შეკრებილი იქნა ბექა პეტრიაშვილის მიერ თითქოსდა ჩადენილი დანაშაულის სხვა გამომრიცხავი მტკიცებულებები.
პოლიტპატიმარი ზვიად შინჯიკაშვილი იყო ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრი, რომელიც მონაწილეობას იღებდა 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში.
სწორედ მისი პოლიტიკური აქტიურობის გამო, სამართალდამცავების მიერ დაიგეგმა ზვიად შინჯიკაშვილის დაკავება და მისი უკანონო მსჯავრდება. 2011 წლის 06 სექტემბერს, გურჯაანში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც ზვიად შინჯიკაშვილი პირად საქმეზე მიდიოდა, მასთან მოულოდნელად მივიდნენ შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც მას პოლიციის განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვეს. ადგილზე მისულს კი განუცხადეს, რომ იგი იყო დაკავებული ხულიგნობის ბრალდებით - ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტისთვის, რომელსაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. მოგვიანებით, მისი განზრახ უკანონო მსჯავრდების მიზნით დაკითხეს გამოგონილი ინციდენტის ე.წ. ,,თვითმხილველი“ მოწმეები, რომლებმაც პოლიციელების ზეწოლის შედეგად გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.
ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიტიკური მოტივით დაკავებული ზვიად შინჯიკაშვილი გასამართლებულ იქნა თელავის რაიონული სასამართლოს მიერ და მას მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულ საქმეში, ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ზვიად შინჯიკაშვილის დაკავების შემსწრე ახალი მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა, რომ მის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
პოლიტპატიმარ ბაკურ კიღურაძეს გამოძიება სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურის დავალებით, მეცნიერ-მუშაკებთან ერთად, გლობალიზაციის პირობებსა და ეპოქაში საქართველოს ნეიტრალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ სამეცნიერო ნაშრომის შექმნას და საკუთარ საცხოვრებელ სახლში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვას ედავებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 07 მარტის განაჩენით, ბაკურ შალვას ძე კიღურაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ჩატარებული ახალი გამოძიებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ ბაკურ კიღურაძის მიმართ მტკიცებულებათა შეგროვება კანონის უხეში დარღვევით, ხელოვნურად მოხდა. კერძოდ, საპატიმრო დაწესებულებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ერთი კვირის მანძილზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას პოლიტპატიმრის ჯაშუშობაში მამხილებელ მთავარ მოწმეზე, რის შედეგადაც მოწმეს ხელი მოაწერინეს მათ მიერ შეთხზულ ჩვენებაზე. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საიდუმლო მასალა, რომელიც ბაკურ კიღურაძის საცხოვრებელი ბინიდან იქნა ამოღებული, ჩხრეკის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე ე.წ. ,,მოდულის“ შენობაში ინახებოდა და ამ მასალის მტკიცებულების სახით გამოყენების მიზნით, დაკავების წინა დღით დაწყებული იყო მისი თარგმნა.
რაც შეეხება პოლიტპატიმარ გია სალუქვაძეს, 2011 წლის 25 მაისს, იგი ორგანიზებას უწევდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას, რომელიც დარბეულ იქნა სამართალდამცველების მიერ.
აქციის დარბევიდან რამოდენიმე დღეში, 31 მაისს, როდესაც გია სალუქვაძე ხსენებული აქციის დარბევის დროს გარდაცვლილი მოქალაქის დაკრძალვიდან სახლში ბრუნდებოდა, ქავთარაძის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც იგი ავტომანქანაში იძულებით ჩასვეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოგვიანებით მისი განზრახ უკანონო მსჯავრდების მიზნით შეადგინეს ყალბი დაკავების ოქმი, თითქოსდა გია სალუქვაძე ქუჩაში ხულიგნურად თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც ხელოვნურად დაიკითხნენ გამოგონილ ინციდენტში ე.წ. ,,მონაწილე“ პოლიციელები, რომლებმაც მის წინააღმდეგ მისცეს მამხილებელი ჩვენებები.
ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე უკანონოდ დაკავებულ გია სალუქვაძეს 2012 წლის 06 თებერვალს სასამართლოს მიერ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სააპელაციო სასამართლომ ოთხივე სისხლის სამართლის საქმეზე სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებები და ოთხივე პოლიტპატიმრის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით დეპარტამენტმა სასამართლოს 59 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, ამათგან 13 ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს, რომელიც მათ მიენიჭათ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის დადგენილებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით 47 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი“- ნათქვამია განცხადებაში.
19-12-2024
18-12-2024