23-07-2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის, შესაძლოა, კანონმდებლობა გადაიხედოს.
ირაკლი კობახიძის თქმით, კრიმინალთან ბრძოლა ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ მიმართულებით სერიოზული წარმატებები ექნება.
„მუშაობა წარიმართება, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში. ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის ბულინგი სკოლებში. შესაბამისად, არის კონკრეტული ზომები მისაღები, არის სტრატეგია ჩამოსაყალიბებელი და პარლამენტი ამ ყველაფერში აქტიურად ჩართულია. პირველ რიგში, განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხებზე.
ყველა მიმართულებით არის სამუშაო. შინაგან საქმეთა სამინისტროშიც არსებითი ცვლილებები ხორცილდება, რომელსაც სათავეში უდგას გიორგი გახარია და მისი ხელმძღვანელობით, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიმართულებით იქნება სერიოზული პროგრესი. კრიმინალთან ბრძოლა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ამ კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება სერიოზული წარმატებები.
თუ ეს არის საჭირო, მათ შორის, შეიძლება, კანონმდებლობაც გადაისინჯოს“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
18-12-2024