23-07-2018
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის წევრს, საქართველოზე მომხსენებელს ანდრეს მამიკინსს შეხვდა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის წევრს 14 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ“ გამო, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი ოკუპაციას და ასევე, მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ-სახელმწიფოებს, დაუწესონ სანქციები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მითითებულ პირებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, საქართველოს მთავრობის კონსტრუქციული ნაბიჯებისა და სამშვიდობო ინიციატივების პასუხად, ოფიციალური მოსკოვი განაგრძობს უკანონო პოლიტიკას,რომელიც მიმართულია ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიისკენ. აღნიშნულ კონტექსტში, დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტის წევრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო რეაგირების აუცილებლობას.
ანდრეს მამიკინსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობა. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს ევროპარლამენტის წევრმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმები. მან აქვე განაცხადა, რომ ევროპარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ არჩევანს.
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარებაზე, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესზე, ახლადშექმნილი უმაღლესი დონის ფორმატის მნიშვნელობაზე და ასევე, საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის - ევროკავშირში საგზაო რუკის შესახებ, რომელიც ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად და ამ პროცესში ახალი შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს ატარებს.
19-12-2024
18-12-2024