გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება

1-01-2023

საქართველო, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ერთიანი, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა.


როგორც პრემიერი აღნიშნავს, მთავრობა ახალი ხედვით, ამბიციური, მასშტაბური გეგმებით, პროექტებითა და მეტი შემართებით ეგებება ახალ, 2023 წელს.


„ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა და გონიერებით და რაც მთავარია, მშვიდად და სტაბილურად გავიარეთ ეს წელი და იმედით ვეგებებით ახალი, 2023 წლის შემობრძანებას.


წელს, საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შევიტანეთ და ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ერთიანი, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება.


ტრადიციულად, მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მთელ წლის განმავლობაში, თავდაუზოგავად, მუხლჩაუხრელად, უანგაროდ, საკუთარი პროფესიონალიზმითა და გულწრფელი სიყვარულით ემსახურა ქვეყანას და მის ინტერესებს, ჩვენი ხალხის კეთილდღეობას.

ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩვენ გმირ ჯარისკაცებს, ჩვენ გმირ პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ჩვენ ოფიცრებს, მეხანძრე-მაშველებს! გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, საჯარო მოხელეებს - თქვენი ერთგულებითა და თქვენი შრომის შედეგით ამაყობს ჩვენი ქვეყანა!


ვულოცავ ჩვენ ვეტერანებს, ჩვენ ძვირფას უფროს თაობას და ჩვენ მომავალ თაობას, ახალგაზრდებსა და ბავშვებს. განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ უცხოეთში მყოფ ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენ დიასპორას, რომლებიც არ წყდებიან ქართულ ფესვებს.


ასევე, ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ ჩვენ უკრაინელ დებსა და ძმებს, ბავშვებს, ომის მალე დასრულებას და თავიანთ სამშობლოში მშვიდობიან დაბრუნებას ვუსურვებ მათ.


ვულოცავ ჩვენი დიდი ეთნიკური, კულტურული, თუ რელიგიური მრავალფეროვნების თითოეულ წევრს, ვისაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში.


გასული წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი აღმოჩნდა გეოპოლიტიკური რისკების თვალსაზრისით, უკრაინაში მიმდინარე ომმა არამხოლოდ უამრავი ადამიანის ოჯახის ცხოვრება შეცვალა, არამედ, სრულიად ახალი, გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა ჩვენ რეგიონში, ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში. გამოწვევებისა და რისკების გაცნობიერებით, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი მოქმედება და ჩვენი მთავარი სათქმელიც მხოლოდ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს, მის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მის უკეთეს მომავალს ეფუძნება. ამ გონიერი და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის კონკრეტული ნაყოფია მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა, რომელიც ჩვენი ხალხის კეთილდღეობის კიდევ მეტ საშუალებას იძლევა, ჩვენი ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება, მისი სტაბილური მომავალი, ჩვენი მთავრობის ამოსავალი და მთავარი სტრატეგიის საყრდენია. ქართველი ხალხი გონიერებას მუდამ ზომიერებით ზომავდა. მცირერიცხოვანი, მრავალ ჭირნანახი ერის მთავრობას განსაკუთრებული ზომიერება და გონიერება მართებს დღევანდელ, მრავალრისკიან გარემოში. საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის, ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ საქართველო სტაბილურობით, სიმშვიდით, უსაფრთხოებით, განვითარების ტემპით მათთვისაც სასურველი სახლია, სადაც ისინი დაცულად, ყველა იმ სიკეთით და კეთილდღეობით ისარგებლებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივით იქმნება და მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. მე მჯერა, ჩვენ ისევ ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში. კიდევ ერთხელ, მთელი გულით ვულოცავ ახალ წელს ჩვენ აფხაზ და ოს ძმებსა და დებს.


თავისუფლების მოყვარე, ამაყ ქართველ ხალხს სირთულეებთან დანებება და შეგუება არ გვჩვევია. ჩვენი ახალი ხედვით, ამბიციური, მასშტაბური გეგმებითა და პროექტებით და მეტი შემართებით ვეგებებით 2023 წელს უკეთესი, კიდევ უფრო წარმატებული, უფრო ბარაქიანი და მშვიდი წლის მოლოდინში. ჩვენი, საერთო სამშობლოს წინსვლა, მისი სტაბილურობა, ჩვენი ხალხის ჯანმრთელობა და მათი სოციალური კეთილდღეობა ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ ერთად დავძლევთ ყველა შიდა, თუ გარე დაბრკოლებასა და გამოწვევას, ერთად გავუმკლავდებით ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა სირთულეს და ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას და გაძლიერებას.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ საზოგადოებას კარგად ესმის, რა სჭირდება მას და რა სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ გვესმის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ვასრულებთ ჩვენი ხალხის ნებას, ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ საქართველოს ინტერესებს.


მადლიერება ქართველთა ერთ-ერთი ძვირფასი ღირებულებაა, ხოლო იმედი და თავისუფლება, ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამიტომ, მადლიერებით გავაცილოთ 2022 წელი და იმედით, პოზიტიური განწყობითა და შემართებით შევეგებოთ 2023 წელს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, გულწრფელად გისურვებთ ყველა თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისათვის ყოფილიყოს ეროვნული, ერთიანობის, სიმშვიდის, იმედების გამართლების, მეტი სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, ბარაქიანი და წარმატებული წელი. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930