8-01-2018
სოფელ ჩუღურეთთან დამაკავშირებელ ხიდზე გავლისთვის, რომელიც ნუგზარ ერისთავს აუგია, მგზავრი სპეციალურ გადასახადს - სახიდურს იხდიდა.
1795 წლის 23 დეკემბრიდან სოფელ ჩუღურეთის მფლობელი ხდება თავადი გიორგი ამატუნი.
მოგვიანებით კი აქ მიწას მაკა თოიძე ყიდულობს, გამოჩენილი მხატვრის, მოსე თოიძის დედა.
სოფელი ჩუღურეთი მდებარეობდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე და თბილისს ჩრდილოეთიდან ემიჯნებოდა. ქალაქის სანახებში სახელს „ჩუღურეთი“ პირველად ვახუშტი ბაგრატიონის „თბილისის 1735 წელს გეგმაზე“ ვხვდებით. გეგმაზე დატანილი დასახლების აღმნიშვნელი უჯრედების მიხედვით ჩუღურეთი საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული სოფელია.
სანამ სოფელს ჩუღურეთი შეერქმეოდეა, მას ჩუხური რქმევია. ამაზე მეტყველებენ ჩვენამდე მოღწეული XVIII საუკუნის დასაწყისში გაცემული სიგელ–გუჯრები.
1707 წელს მეფე ვახტანგ VI მეუღლის, დედოფალ რუსუდანის მიერ გაცემული წყალობის წიგნი მოგვითხრობს, რომ სამეფო კარის მღვდლის ნაობის თხოვნით, დედოფალმა ჩუხურში მას და მის ოჯახს უწყალობა „საბძელ კალოს ალაგი“, სხვისი ნაქონი, უპატრონოდ მიტოვებული ნასახლარი.
1721 წლის აღწერის მიხედვით ჩუხურეთში ექვსი მოლაშქრე კომლი სახლობდა, საიდანაც ცხრა მოლაშქრის გამოყვანა შეიძლებოდა.
საინტერესოა სიტყვა „ჩუღურეთის“ წარმომავლობისა და მნიშვნელობის ახსნა–დადგენა.
ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი ჯავახეთის მხარეზე ლაპარაკისას ხსნის ტერმინ ჩუღურეთს: „ამავე წყალზედ არს ფოსო ანუ „ჩუღურეთი“.
სიტყვა „ფოსო“ ვახუშტის თანადროულს დიდ ქართველ ლექსიკოლოგს საბას ასე აქვს განმარტებული: „ფოსვი, ფოსო, მცირე დაღრმობილი“. ჩუღურეთი ნაწარმოებია თურქული სიტყვიდან „ჩუკურ“, „ჩუხურ“, რაც ორმოს, ფოსოს, ხრამს, ფლატეს, დაბლობს, დაცემულ ადგილს ნიშნავს.
სიტყვა „ჩუღურეთი“ არც ერთ ჩვენს ლექსიკოლოგს არ აქვს შეტანილი თავის ლექსიკონში. ჩვენდა საბედნიეროდ, სიტყვა „ჩუღური“ დღესდღეობით შემორჩენილია შიდა კახეთის სოფლების – გრემის, ენილესის, ალმატის და შილდას სალაპარაკო ლექსიკაში. აქაური გლეხები ამბის თხრობისას ამბობენ ხოლმე: „შარშანა, აი, იმ ჩუღურში ხარი გადამეჩეხა“, ანდა „იმ ჩუღურში ბევრი ზღმარტლია“ და სხვა. ჩუღური აქ დახევებული, მთის კალთის გამომხატველი ცნებაა. ასეთი მთის ფერდზე ბუჩქნარი, ანდა ტყეა შეფენილი. ვახუშტი ბაგრატიონი ზუსტად ასეთი რელიეფით წარმოგვიდგენს ჩუღურეთს „თბილისის 1735 წლის გეგმაზე“.
აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, შიდა კახეთში გეოგრაფიული ცნების აღმნიშვნელ ტერმინად „ჩუღურის“ შემორჩენა გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება ძველი ჩუღურეთის მკვიდრნი კახეთიდან ყოფილიყვნენ გადმოსახლებულნი. საგულისხმოა, რომ XVII საუკუნეში ფერეიდანში გადასახლებული ქართველების, კერძოდ, კახელების მიერ დაარსებული სოფლების სახელწოდებათა შორისაც ვხვდებით ჩუღურეთს: „ჩუღიურეთი“ „სოფელი ჩოღურეთი და მაღალ მთებშია“.
ამგვარად, სიტყვა „ჩუღურეთი“ ნაწარმოებია გეოგრაფიული ცნების აღმნიშვნელი სიტყვიდან „ჩუღური“, რომელსაც დაერთო „ეთ“ სუფიქსი და მივიღეთ დასახლებული პუნქტის სახელწოდება.
ვახუშტის „თბილისის 1735 გეგმის“ მიხედვით სოფელი ჩუღურეთი ყოველი მხრიდან ბუნებრივი საზღვრებითაა შემოზღუდული. სამი მხრიდან ხევი აკრავს, მეოთხე, დასავლეთის მხრიდან კი – მდინარე მტკვარი. ჩუღურეთის ჩრდილოეთი და სამხრეთი საზღვრების ზუსტ დადგენაში გვეხმარება ორი საორიენტაციო პუნქტი: სოფლის სამხრეთი ხევის (ჩუღურეთის) მარჯვენა მხარეს მდგარი სომხების საყდარი „სურბ–კარაპეტა“ და ჩრდილოეთი ხევის (დიდი ხევის) მარჯვენა მხარეს მდგარი კვირაცხოვლის ეკლესია.
გეგმაზე სოფლის მოსახლეობა სახლობს აღნიშნულ ხევებს შორის მტკვრის ნაპირზე. ჩუღურეთს ორად – აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ყოფს მასზე გამავალი „ავჭალის გზა“, რომელიც იწყება ქალაქის კარიდან (ისნიდან) და მიემართება მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირისაკენ.
ვახუშტის შემდეგ თითქმის XVIII საუკუნის დასასრულამდე „ჩუღურეთს“ აღარ ვხვდებით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ 1765 წელს შედგენილ „მცხეთის საბუთში“ მოხსენიებულ „ჩუღურელ მეჭურჭლე“ თომას.
გიულდენშტედტს საქართველოს რუკაზე ქალაქ თბილისის გვერდით დატანილი აქვს სოფლები: კუკია, დიღომი, დიდუბე, ნავთლუღი, სონღალუღი. რაც შეეხება ჩუღურეთს, მოგზაურს იგი არ აღუნიშნავს. რა არის ამის მიზეზი, არ ვიცით. შეიძლება ლეკიანობის გამოისობით აქ ისე იყო შეთხელებულოი მოსახლეობა, რომ მოგზაურმა საჭიროდ აღარ ჩათვალა, ასეთი პატარა პუნქტი რუკაზე დაეტანა. მკვლევარი ქალაქის გარეუბნების განსახლების აღწერისას აღნიშნავს: „...მიდამო ქალაქის გარშემო, ისე როგორც მთელი საქართველო, მცირედ და ცუდადაა გაშენებული და დასახლებული“. შეიძლება, გიულდენშტედტი უბრალოდ შეცდა რუკის შედგენისას და არ აღნიშნა სოფელი ჩუღურეთი. ამას იმიტომ ვფიქრობთ, რომ ძნელი წარმოსადგენია კუკიის გვერდით ჩუღურეთის პირწმინდად გაქრობა. ანდა შეიძლება მან ჩუღურეთი თბილისის გარეუბნად მიიჩნია ქალაქთან სიახლოვის გამო. მოგზაური მტკვრის მარცხენა მხარეს ასე ხედავს: „მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქის პირდაპირ, არის ბაღები და ყანები.
პიშჩევიჩის „თბილისის 1785 წლის გეგმის“ ექსპლიკაციაზე ჩუღურეთი საერთოდ არაა აღნიშნული. მის ტერიტორიაზე #85–ით აღნიშნულია ქართული მონასტერი, ხოლო #86–ით სომხური მონასტერი. სომხური მონასტრის ჩრდილოეთით ბაღია გაშენებული. სხვა აღნიშვნა ამ ტერიტორიაზე არაა. ვფიქრობთ, გეგმაზე #85–ით აღნიშნული მონასტერი არის კვირაცხოვლის ეკლესია, ხოლო თუ ეს ასეა, მაშინ #86–ით აღნიშნული სომხური მონასტერი უცნობია და სად უნდა მდგარიყო, ძნელი გასარკვევია. თუ ვივარაუდებთ, რომ პიშჩევიჩს შეცდომა მოუვიდა ქართული და სომხური მონასტრების გეგმაზე დატანისას და მის შეცდომას გავასწორებთ, მივიღებთ ასეთ სურათს: ქართული მონასტერი (#85) არის კვირაცხოვლის ეკლესია, სომხური მონასტერი (#86) კი იქნება ვახუშტის „თბილისის 1735 წლის გეგმაზე“ დატანილი „ახალი სოფლის“ დასახლებული პუნქტის ეკლესია.
შეიძლება პიშჩევიჩმაც თავის გეგმაზე იმავე მიზეზით არ აღნიშნა ჩუღურეთი, რა მიზეზითაც აუარა გვერდი მას გიულდენშტედტმა, კერძოდ, ჩუღურეთის მოსახლეობის შემცირების გამო. 1800 წლის თბილისის გეგმაზე ჩუღურეთი დატანილია #10–ით. გეგმაზე მას ასეთი წარწერა აქვს: „Урочище Чугурети”. აქვე ჩუღურეთის ტერიტორიაზე, დატანილია აქ გამავალი ავჭალის გზა და მის აღმოსავლეთით მდებარე კვირაცხოვლის ეკლესია. 1707 წლის სიგელი, 1721 წლის აღწერის დავთარი, ვახუშტის „თბილისის 1735 წლის გეგმაზე“ დატანილი მოსახლეობის აღმნიშვნელი უჯრედები მიგვანიშნებენ, რომ XVIII ს. I ნახევარში სოფელი ჩუღურეთი მჭიდროდაა დასახლებული. შემდეგ კი მოსახლეობა ნელ–ნელა მცირდება, ან სულ ქრება.
ჩვენ არ ვიცით რა ეწოდებოდა ადრეული ხანის ჩუღურეთს. შეიძლება ამ ადგილს ძველად ქართული სახელი ფოსვი ერქვა. ასეთი სახელწოდების სოფელი ხომ ბოლო დრომდე არსებობდა თბილისიდან არც თუ ისე მოშორებით, სოფელ გლდანსა და ჯვარს შორის.
ძნელი დასაჯერებელია, რომ შუა საუკუნეების ძლიერი და გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქის სანახები აუთვისებელი ყოფილიყო და „ჩუღურეთი“, როგორც სოფელი ან უბანი, არ გაჩენილიყო, ანდა არ ყოფილიყო ამის მცდელობა. მით უმეტეს, რომ საამისოდ არსებობდა ყოველგვარი პირობა: ქალაქის და ბაზრის სიახლოვე, აგრეთვე მის ტერიტორიაზე გამავალი იმ დროისათვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი გზა „ავჭალისა“, რომელიც თბილისს ჩრდილოეთთან აკავშირებდა.
ავჭალის გზას ქვეყნისათვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიური და სამხედრო–საფორტიფიკაციო მნიშვნელობა ჰქონდა. იგი ქვეყნის ცენტრს პერიფერიებთან აკავშირებდა, სოფელს ქალაქთან, დამამზადებელს – გამსაღებელთან. გზა ხელს უწყობდა ჯარის სწრაფ ფორსირებას და სხვა.
ავჭალის გზის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ იგი „ქალაქის კართან“ – ისანთან იწყებოდა. კარს კი ქალაქის გალავნის მხრიდან ატანდნენ, საიდანაც ინტენსიური მიმოსვლა და ვაჭრობა წარმოებდა.
XII საუკუნის დასასრულს და XIII საუკუნის დასაწყისში საქართველოს მეფე საჯდომ ადგილად მტკვრის მარცხენა ნაპირს ირჩევს. თამარ მეფე იმყოფებოდა „საჯდომსა მთასა ციხესა ისანს“. მტკვრის მარცხენა ნაპირზე ჩქეფს სიცოცხლე. ნაირ–ნაირი საქონელით დატვირთული ქარავნები თბილისში „ქალაქის კარით“ შედის, გამარჯვებული მეფე მტრისთვის წართმეულ ნადავლს მტკვრის მარცხენა ნაპირზე. „ქალაქის კარიდან“ გლდანამდე ფენს. თამარ მეფე ჯვარს დიდუბის ეკლესიაში იწერს, ქორწილსაც დიდუბის სასახლეში იხდის. ძველი ჩუღურეთის ტერიტორიაზე გამავალი ავჭალის გზა რომ ინტენსიურად გამოიყენებოდა XII-XIII საუკუნეებში იქიდანაც ჩანს, რომ სწორედ ამ გზის ახლოს, რიყის ქუჩაზე 1940 წელს მიწის თხრისას აღმოჩნდა XIII საუკუნის ორი ცალი მონღოლური მონეტა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდუბეში მიმავალი გზა გადის ჩუღურეთის ტერიტორიაზე მდებარე ორ ხევზე – „ჩუღურეთისა“ და „დიდხევზე“. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ დროს გაჩენილიყო, ანდა შეიძლება, ამის მცდელობა იყო, მაგრამ ბედის უკუღმართობამ ქართველი ხალხის ისტორიის წინსვლა ჯერ შეაფერხა, მერე კი უკუღმა დაატრიალა. ჩუღურეთის სოფლად ჩამოყალიბება ჩანასახშივე მოსპო მოძალებულმა მტერმა – მონღოლებმა, თურქებმა, ყიზილბაშებმა. დროის მცირე მონაკვეთში თბილისი რამდენჯერმე დაარბიეს, გაძარცვეს და დაანგრიეს. ერი ახლის აშენებას კი არა, მტრისგან მიყენებული იარების მოშუშებას უნდებოდა. მოძალებული მტრის გამოისობით ბევრი საქარავნო გზა გავერანდა და დავიწყებას მიეცა. ვერც ავჭალის გზა აცდა ამ ხვედრს, ძველებურად ინტენსიურად აღარ გამოიყენებოდა.
ცენტრალური ხელისუფლება მოიშალა. სახელმწიფო სათავადოებად დაიყო. თავადი თავის მამულში – სათავადოში – გამოიკეტა და მეფეს ნომინალურად ემორჩილებოდა. „ავჭალის გზამ“ ჩრდილოეთთან კავშირის დამყარებაში პირველობა „დიღმის გზას“ დაუთმო და ადგილობრივ გზად იქცა, თუმცა მთლიანად მაინც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.
XVII საუკუნის დასაწყისში არაგვრის გოროზი ერისთავი ნუგზარი, რომელსაც თბილისში, „გარეთუბანში“, დაახლოებით იქ, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმია, სასახლე ედგა, მდინარე მტკვარზე, ახლანდელი ბარათაშვილის სახელობის ხიდის ადგილას, აგებს ქვითკირის ბურჯზე შემდგარ „2 ან 3 მალიან“ ხიდს. 1850 წლის „Кавказский календарь“–ში ვხვდებით ცნობას ამ ადგილას, მდინარე მტკვარზე, ძველი ხიდის ბურჯების არსებობის შესახებ. ხიდის მშენებლობა მეტად შრომატევადი და ძვირად ღირებული საქმე იყო. ამიტომ ხიდზე გადასვლისას მგზავრი იხდიდა საგანგებოდ დაწესებულ გადასახადს – სახიდურს, რომელსაც ხიდის თავში მდგომი პირი კრეფდა. რადგანაც ხიდის გადასახადი შემოსავლის ერთ–ერთ წყაროდ ითვლებოდა, უეჭველია, მისი ამგები ისეთ ადგილს ამოირჩევდა, სადაც მოსახლეობა მრავლად იყო. ვინაიდან ხიდის შეკეთება–აღდგენა ხიდზე გამავალი მგზავრებისგან შემოსული თანხით ხდებოდა.
ნუგზარ ერისთავის მიერ აღნიშნულ ადგილას ხიდის აგება მიგვანიშნებს, რომ XVII საუკუნეში „ავჭალის გზას“ გამოცოცხლება დაუწყია და თავისი პირვანდელი ადგილი დაუკავებია ქვეყნის ეკონომიკურსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში. XVII საუკუნის საქართველოში საქალაქო ცხოვრება ცოცხლდება – ხელახლა იწყება თბილისის დაცარიელებული უბნების დასახლება.
შესაძლოა, XVII საუკუნის დასაწყისში ჩუღურეთის ტერიტორიაზე აღნიშნული ხიდის აგებამ ბიძგი მისცა მისი ტერიტორიის ათვისებას და განსახლებას, ან პირიქით, ნუგზარ ერისთავს აქ ხიდის აგება უკარნახა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლების: ჩუღურეთის, კუკიის, დიდუბის, ავჭალის და გლდანის ხელახალმა გაშენიანებამ და ეკონომიურად მომძლავრებამ. აღნიშნულ ადგილზე ხიდის აგებისას შესაძლოა გათვალისწინებული იქნა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორიც – თბილისის ჩრდილოეთ გალავანში დატანებული კარი.
XIX საუკუნეში, როცა ჩუღურეთი და ძველი კუკია თბილისს შემოუერთეს, ძველი „ავჭალის გზის“ ნაწილს, მდინარე მტკვართან სიახლოვის გამო, „რიყის ქუჩა“ ეწოდა.
ჩუღურეთის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთით, გადიოდა მეორე გზაც – „ზემო გზა“. იგი გატანილი იყო „ავჭალის გზის“ პარალელურად, დაახლოებით იქ, სადაც დღეს რკინიგზა გადის. „ზემო გზა“ მოემართებოდა სოფელ ავლაბრიდან და სადღაც, დიდუბესთან თუ ავჭალასთან უერთდებოდა „ავჭალის გზას“. ძირითადად ამ გზის სარგებლობდნენ აღმოსავლეთ საქართველოდან წამოსულნი.
მატერიალური კულტურის ძეგლებიდან ჩუღურეთის ტერიტორიაზე დღესდღეობით შემორჩენილია სამი ეკლესია: „კვირაცხოვლისა“ და „წმ.ნიკოლოზის“ ქართული ეკლესიები და „ღვთისმშობლის“ სომხურის ეკლესია. ამათან ყველაზე ადრეული „კვირაცხოვლის“ ეკლესია მდებარეობს ჩუღურეთის ჩრდილო–აღმოსავლეთით, დიდხევის მარცხენა ნაპირზე, რკინიგზის ხაზთან, შემაღლებულ ადგილზე.
რა ხნისაა „კვირაცხოვლის“ ეკლესია, არ ვიცით. იგი ქართველ გეოგრაფს, ვახუშტი ბაგრატიონს დატანილი აქვს „თბილისის 1735 წლის გეგმაზე“. ეკლესიის მიმდებარე გორა-სამლოცველოები, – ყეენის და კვირიკობისა გვაფიქრებინებს, რომ კვირაცხოვლის ეკლესია უფრო ადრინდელი უნდა იყოს. შეიძლება იგი ღვთაება კვირიას ძველი საკულტო ნიშის ადგილას ააგეს. საგულისხმოა, რომ დროთა ცვლაში წარმართმა ღვთაება კვირიამ ქრისტიანულ რელიგიაში კვირაცხოვლის სახელი მიიღო.
მლოცველთა შეგნებაში წარმართულ ღვთაება კვირიას და ქრისტიანულ ეკლესია „კვირაცხოველს“ ერთი და იმავე ფუნქციის შესრულება ევალებოდათ. ეს სალოცავები განაგებდნენ ამქვეყნიურ საქმეებს. ამაზე მეტყველებს კვირიას ეპითეტები: ხმელთმოურავი, კარავიანი. მას ეკუთვნოდა ცოდვა–მადლის განკითხვა, წულიანობა, მოსავლიანობა, განაყოფიერება და სხვა. თვით სახელი „კვირაცხოველი“ კომპოზიტი უნდა იყოს კვირიასა და „ცხოველისა“. „ცხოველი“ ცოცხალს ნიშნავს, ე.ი. კვირია სიცოცხლესა და ნაყოფიერების ღვთაებაა. შეიძლება ძველად, ქართველი ხალხის წარმართობის დროს, დღევანდელი კვირაცხოვლის ეკლესიის ადგილზე იდგა წარმართი კვირიას კარავი.
რაც შეეხება კვირიასა და ყეინის კავშირს, ივანე ჯავახიშვილი, როცა ზემო სვანეთში საყველიერო დღესასწაულთან – მურყვანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ჩვევას ეხება, ახსენებს „კვირიას“ და დაასკვნის, რომ სვანეთში დაცული ამ ჩვევებით შეიძლება ყეენობის პირველყოფადობის დადგენაო. დროთა სვლამ დაამახინჯა წულიანობისა და ნაყოფიერების მთავარი ღვთაების – კვირიას დღესასწაულის პირვანდელი სახე. იგი თბილისურ, საერთოდ ქართულ ყოფაში შემონახულია ყეენობის სახით. ასე რომ, „კვირია“ და „ყეენი“, მიუხედავად მათი სახელების წარმოშობის დროის სხვადასხვაობისა, იდენტურნი არიან. ამდენად, ჩვენი აზრით, ზემოთ ნახსენები „ყეენის გორა“ კვირაცხოვლის ეკლესიასთან გენეტიკურ კავშირში უნდა იყოს. კვირაცხოვლის ეკლესია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პიშჩევიჩს ვარაუდის სახით 1775 წლის „თბილისის გეგმაზე“ #85–ით უნდა ჰქონდეს დატანილი. თბილისის 1800 წლის გეგმაზე კი #11–ით კვირაცხოვლის ეკლესია უკვე ნანგრევების სახითაა დატანილი. ეტყობა, იგი აღა–მაჰმად–ხანის შემოსევის მსხვერპლი შექმნილა. ხევს, რომლის პირასაც კვირაცხოვლის ეკლესია დგას, გეგმის (1800წ.) ექსპლიკაციაში ეწოდება: „Цховели хеви“. ეს სახელი ეკლესიის სახელიდან უნდა იყოს ნაწარმოები.
ქართველები კვირაცხოვლობას დღესასწაულობდნენ აღდგომის სწორს. საქართველოში კვირაცხოვლობას – წმინდა თომას დღეს– დიდი ზეიმი იცოდნენ. ამ დღეს ქართველებს წესად ჰქონდათ ბურთის თამაში. ეკლესიაში წირვის შემდეგ ორ ჯგუფად გაყოფილი ხალხის ერთმანეთს ეცილებოდა ბურთის ხელში ჩაგდებაში. ხალხს სწამდა, რომელი ჯგუფიც გაიმარჯვებდა და ბურთს აიღებდა, მთელი წლის განმავლობაში უხვი ჭირნახული ექნებოდა. ზოგჯერ ბურთს ნაკუწ–ნაკუწ გლეჯდნენ და ინაწილებდნენ და ნაგლეჯის პატრონიც დარწმუნებული იყო, რომ მის ოჯახს მთელი წელიწადი სიუხვე და ბარაქა არ მოაკლდებოდა.
კვირაცხოვლის გორას „წითელი გორა“ – „Красная горка“ – კვირაცხოვლობის დღეს წითელი კვერცხების დაგორების გამო ეწოდა. დილაადრიან კვირაცხოვლის გორაზე მლოცველები ანჩისხატის ეკლესიიდან მოასვენებდნენ ხატს, რომელზეც ხალხი ლოცულობდა. ლოცვა–წირვის დამთავრების შმდეგ იმართებოდა სახალხო დღესასწაული, სანახაობანი, ჯირითი, ცეკვა–თამაში და ლხინი.
ჩუღურეთის მეორე ქართული ეკლესია „წმ. ნიკოლოზი“ დგას მტკვრის ნაპირას. იგი სამნავიანი გუმბათიანი ეკლესიაა. აშენებული 1812 წელს. 1856 წელს ეკლესია ხელმეორედ აუგიათ ეკლესიის შემოსასვლელითა და მრევლისგან შემოწირული სახსრებით. ეკლესიის სამხრეთ სვეტში დატანებული მარმარილოს ფილაზე დაწერილი ეპიტაფია გვაუწყებს ეკლესიის აღმშენებლის ვინაობას: „ეს არს განსასუენებელი ჩვენი ამას დავემკვიდრენით მარჯვნივ მხარეს ღვთაების ხატის წინ განისუენებენ გუამნი ამა ეკლესიის აღმშენებლის უწმინდესის სინოდის კანტორის ჩლენის დეკანოზის იოანე პეტრეს ძის იმნაძისა გარდაცვალებულისა 1872 წ–სა მარტის 4–სა შობიდგან 84–ის წ–სა და მეუღლის მისისა მაგდანელ მაკარის ასულისქა გარდაცვალებულისა 1876 წ–სა სეკდემბრის 30–ს შობიდგან 66–ის წლისა“. 1812 წელს აგებულ ეკლესიას კი ამ იოანეს მამას, მღვდელ პეტრე იმნაძეს უკავშირებენ.
1901–1902 წლებში მრევლიდან შეგროვილი სახსრებით, საქართველოს ეგზარქოსის ნებართვით, ეკლესია გაფართოვდა, მიემატა ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავები. მშენებლობას მოთავეობდა ეკლესიის მოძღვარი სოლომონ შოშიაშვილი. მშენებლობაზე დაიხარჯა 4.000 მანეთი. შოშიაშვილის მოწვევით მხატვარმა გიგო ზაზიაშვილმა ეკლესია თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის ფრესკებით მოხატა და ძველი მხატვრობაც აღადგინა. შოშიაშვილისავე თაოსნობით, ეკლესიასთან XIX საუკუნის 80–90–იან წლებში დაარსდა ქართული სამრევლო სასწავლებელი, სადაც თვითონვე ასწავლიდა.
აღსანიშნავია, რომ შოშიაშვილი ერთ–ერთი პირველთაგანია იმ ქართველ მოღვაწეთა შორის, რომლებმაც ქართულ ეკლესიასთან სამრევლო სასწავლებელი დააარსეს. მოძღვარ შოშიაშვილთან, როგორც ქართველი ერის გულშემატკივართან, ხშირად დაიოდნენ დიდი ილია, სოფრომ მგალობლიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ზაქარია ჭიჭინაძე.
ჩუღურეთში არსებული მესამე ეკლესიაა „ღვთისმშობლის“ სომხური ეკლესია. იგი იდგა მექოთნეთა და პანასევიჩის ქუჩებს შორის. უნდა აგებულიყო XIX საუკუნის პირველ მეოთხედში. ზუსტი თარიღი არ ვიცით.
ფეოდალურ საქართველოში მეფე დიდი ფეოდალია. მისი პირადი შემოსავალი დამოკიდებულია სამეფო მამულზე.
ქალაქი თბილისი და მისი სანახები, სოფლებითა და გარეუბნებით, ოდითგანვე მეფის კუთვნილება იყო. ჩვენ უკვე არაერთგზის აღნიშნეთ, რა მნიშვნელობაზეც ჰქონდა ქალაქის ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალაქისპირა სოფლებს, ავბედითობის დროს აქედან აყრილი და გახიზნული მოსახლეობის ხელახლა ჩამოყვანას და მათ დასახლებას. გამუდმებულმა ომებმა, რასაც თან სდევდა მოსახლეობის გამეჩხერება, სახელმწიფოს არსებობაში სამკვიდრო–სასიცოცხლოდ აქცია იმიგრაციის საკითხი. იმიგრაციასა და რეპატრიაციას ქვეყნის აღორძინებასა და სამეურნეო ცხოვრების აღდგენაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამან თავისი ასახვა ჰპოვა კიდეც ქართულ სამართალში.
სწორედ ამ მოტივით – ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიური პოლიტიკით – ხელმძღვანელობდა მეფე ერეკლე მეორე, როცა 1795 წლის 23 დეკემბერს მან ქალაქისპირა, თავისი კუთვნილი სოფელი ჩუღურეთი თავად ამატუნს უბოძა. ეჭვს გარეშეა, აღა–მაჰმად ხანი ქალაქ თბილისის და მისი მიდამოების დარბევისას ჩუღურეთსაც გაანადგურებდა. შეიძლება ამ მძიმე მდგომარეობით ისარგებლა თავადმა ამატუნმა და მეფეს სოფელი ჩუღურეთი გამოსთხოვა. ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება: 1795 წლის 23 დეკემბრიდან სოფელ ჩუღურეთის მფლობელი ხდება თავადი გიორგი ამატუნი. ის კი, თავის მხრივ, ყოველ ღონეს იხმარდა, თავისი უფლების გასამტკიცებლად ახალ მამულში თავისი ყმა–გლეხები დაესახლებინა.
XVIII საუკუნის ბოლოს მეფის კუთვნილი მამულის სოფელ ჩუღურეთის სათავადო მამულად გადაქცევა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ობიექტური პირობების გამო, XV-XVI საუკუნეებში დაწყებული საქართველოს სახელმწიფო აპარატის დეცენტრალიზაცია კვლავაც გრძელდებოდა. სოფელ ჩუღურეთის თავად ამატუნის მფლობელობაში გადასვლა მეფის ხელისუფლების დასუსტებასა და თავადის გაძლიერებას ნიშნავდა.
მარიამ დედოფალმა მეფე გიორგი XII გარდაცვალების შემდეგ სოფელი ჩუღურეთი მიიტაცა. ეს ის დროა, როცა მეფის მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრები ერთმანეთს ეცილებიან სამეფო ტახტის დაკავებაში, მამულების მიტაცებაში და სხვა. დედოფალმა მარიამმა ისარგებლა გიორგი ამატუნის რუსეთში ყოფნით და სოფელი ჩუღურეთი მიისაკუთრა, როგორც მეფის კუთვნილი ძველი მამული. დიდი დავაქარობა ატყდა ჯერ ამ ცილობის, ხოლო შემდეგ ამატუნის მიერ სოფელ ჩუღურეთის მომიჯნავე სოფლების- კუკიის, დიდუბისა და ავლაბრის მიწების მიტაცების მცდელობისათვის.
1802 წელს, საქართველოში რუსული მმართველობის დაარსებისთანავე, გიორგი ამატუნმა სარჩელი აღძრა მარიამ დედოფლის წინააღმდეგ ჩუღურეთის მამულის გამო.
საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII გარდაცვალების შემდეგ, 1801 წლის 18 იანვარს, პეტერბურგის უწყებაში გამოქვეყნდა იმპერატორ პავლე I მანიფესტი საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ. ამ მანიფესტს მოჰყვა იმპერატორ ალექსანდრე I მანიფესტი, რომელიც თბილისში გამოცხადდა 1801წლის 12 სექტემბერს.
მეფის რუსეთმა შეიმუშავა საქართველოს მმართველობის ახალი დებულება, რომლის საფუძველზეც საქართველო რუსეთის გუბერნიად ცხადდებოდა. 1802 წლის 12 აპრილს გაიხსნა საქართველოს უმაღლესი მმართველობა, რომლის უფროსად დაინიშნა სამოქალაქო მმართველობაში ჩაუხედავი ადამიანი, კავკასიის ხაზის უფროსი, გენერალი კნორინგი. თბილისის მოსახლეობას დილით ზარბაზნის გასროლით ეუწყა ახალი მმართველობის შექმნა.
ქალაქი თბილისი, ისევე, როგორც რუსეთის შიდა გუბერნიების სხვა ქალაქები, ეკატერინე II 1782 წლის „ქალაქის მმართველობის დებულების“ მიხედვით დაიწყო ნაწილებად - საპოლიციო უბნებად. ქალაქის ძველი ხელისუფლების მელიქის მაგიერ დაინიშნა ობერპოლიცმეისტერი.
სოფელ ჩუღურეთის საქმის გაჭიანურებას ხელს უწყობდა, ერთი მხრით, რუსი სახელმწიფო მოხელეების მიერ ქართული ენის უცოდინრობა, არაკვალიფიციურობა და დაუდევრობა, მეორე მხრივ- ამატუნის გაქნილობა და სითაღლითე.
1817 წელს, გიორგი ამატუნის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მემკვიდრეებმა ისევ ატეხეს დავაქარობა ჩუღურეთის საზღვრების გამო. 1827 წლის ბოლოს სამხედრო გუბერნატორის, სიპიაგინის მმართველობის დროს გამოყოფილმა სამიჯნო ექსპედიციამ აღადგინა და დაადგინა ჩუღურეთის ზუსტი საზღვრები. 1829 წლის 29 მარტს სახაზინო ექსპედიციამ ჩუღურეთის შესახებ თავისი მოხსენება და გადაწყვეტილება წარუდგინა საქართველოს მთავარმმართველებს, გენერალ პასკევიჩს. სახაზინო ექსპედიციის კომისიას ამ მოხსენებაში შეჯამებული ჰქონდა თავისი წინამორბედი კომისიებისა და ექსპედიციების დადგენილებები და დასკვნები, რის საფუძველზეც თავად ამატუნის მამული სოფელი ჩუღურეთი შემოიფარგლა მისი ბუნებრივი და არსებული ძველი საზღვრებით. დადგინდა, რომ ჩუღურეთი მოიცავს: 49 დესეტინა და 1040 საჟენ სასარგებლო მიწას და 3 დესეტინა და 200 საჟენ გამოუსადეგარ მიწას. ჩუღურეთის მიწაზე სახლობს 104 კომლი მოსახლე, აქედან 12 საეკლესიო, 44 სახელმწიფო და 48 სათავადაზნაურო.
ეს აქტი უზენაესმა სენატმა დაამტკიცა 1836 წლის 4 მაისს.
მართალია, რუსეთთან შეერთებით საქართველომ თავისი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებელი სახე დაკარგა, მაგრამ არსებითად ამ აქტის ძირითადი პროგრესულობა გამოიხატა იმაში, რომ ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა ფიზიკური არსებობა, რაც აუცილებელი და ესოდენ საჭირო იყო ეროვნული კულტურისა და ეკონომიკური ცხოვრების შემდგომი აყვავებისათვის.
სულ მცირე შესვენებაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ თბილისს თავისი საუკუნოვანი ზღუდე გაერღვია და მდინარე მტკვრის აღმა, ორივე ნაპირზე განევრცო თავისი ტერიტორია.
თავდაპირველად ქალაქმა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ე.წ. გარეთუბნის ტერიტორიაზე დაიყო განაშენიანება. ამას ხელს უწყობდა ის, რომ აქ გადიოდა რუსეთისკენ მიმავალი გზა.
XIX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში კი დღის წესრიგში დადგა ქალაქისპირა სოფლების: ჩუღურეთის, კუკიისა და ხარფუხის ქალაქთან შეერთების საკითხი.
1823 წელს მოეწყო თბილისის პირა სოფლების კამერალური აღწერა, რის შედეგადაც გამოირკვა, რომ ჩუღურეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ როგორც მიწათმოქმედი ყმა გლეხები, ისე სხვადასხვა ხელობის ხელოსნები.
1823 წლისთვის საქართველოს სტატისტიკური აღწერის მიხედვით ჩუღურეთში სახლობს: სახაზინო (სახელმწიფო) – 44, საეკლესიო- 12 და საბატონო- 57, სულ 113 კომლი ყმა გლეხი. სოფელ ჩუღურეთის ტერიტორიაზე სახნავ-სათესად გამოიყენებოდა 5.000 დღიური მიწა. გამოუსადეგარი იყო 500 დღიური მიწის ფართობი. აღწერის შედეგად გამოირკვა, რომ ჩუღურეთში იყო: 10 აგურის ქარხანა, 4 სამეთუნეო ქარხანა, 8 სამღებრო, 3 სამჭედლო, 1 საპნის ქარხანა, 1 სადალაქო, 2 დუქანი, 2 გაჯის ქარხანა, 1 თონე.
ამრიგად, ჩუღურეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა დანიშნულების ქარხნები ყოფილა. ეს ქარხნები ცხადია არ უნდა წარმოვიდგინოთ ამ ტერმინის დღევანდელი გაგებით: იმდროინდელი ქარხანა იყო პატარა სახელოსნო, სადაც მუშაობდა 2-3 ან ცოტა მეტი ხელოსანი.
გარდა ამისა, დიდუბის მიწაზე ჩუღურეთელებს ეკუთვნოდათ 19 ბაღი. ამგვარად, ჩუღურეთი ყოფილა როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე ხელოსნური მეურნეობის უბანი.
XIX საუკუნის საუკუნის 20-იან წლებში სოფელი ჩუღურეთი და კუკია ისე შეემიჯნენ ქალაქ თბილისს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, ეს სოფლები ქალაქისთვის მიერთებულად გამოეცხადებინა.
ამიერიდან ჩუღურეთი და კუკია თავისუფლდებოდნენ საერობო პოლიციის მეურვეობიდან და შედიოდნენ თბილისის პოლიციის ზედამხედველობაში.
მართალია, ჩუღურეთი თბილისს შემოუერთეს, მაგრამ იქაურები ისევ სოფლის მცხოვრებლებად იწოდებოდნენ და ისევ იბეგრებოდნენ, როგორც ჩვეულებრივი საბატონო ყმა გლეხები.
ქალაქთან ჩუღურეთის ტერიტორიული შეერთების მიუხედავად, მისი კეთილმოწყობის და აზომვა- დაგეგმარების საქმეში კარგა ხანს არაფერი გაკეთებულა. საქართველოს მთავარმმართველების ხშირ-ხშირი ცვლა ხელს უწყობდა ადგილობრივი მართვის აპარატში გამეფებულ ქაოსს.
ადგილობრივიც და საერთოდ, მეფის რუსეთის ხელისუფლება იმ დროს დაინტერესებული იყო კავკასიის მთიანეთის ამბებით (კავკასია ჯერ კიდევ მთლიანად არ იყო შეერთებული რუსეთთან) და სამოქალაქო საქმეებს ნაკლებ ყურადღებას უთმობდა.
1827 წლის 29 ივნისს დაარსდა ქალაქ თბილისის მომწყობი კომიტეტი, რომელსაც თბილისის კეთილმოწყობა ეკისრებოდა. კომიტეტს თავმჯდომარეობდა საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორი. შედგებოდა საგუბერნიო პროკურორის, თბილისის პოლიცმეისტერის, საგუბერნიო არქიტექტორისა და ინჟინრისაგან, კომიტეტი საქმეების განსახილველად კვირაში ორჯერ იკრიბებოდა- ხუთშაბათობით და შაბათობით, ორ კვირაში ერთხელ კი მემორიალი (ჩანაწერი) უნდა წარედგინა სამხედრო გუბერნატორისთვის. კომიტეტი მუშაობას წარმართავდა წინასწარ შემუშავებული, 7 მუხლისგან შემდგარი დღის წესრიგით. მას უნდა აეზომა და გეგმაზე დაეტანა ყველა დაუსახლებელი სახაზინო მიწის ნაკვეთი. იმ შემთხვევაში თუ კერძო პირი სახაზინო მიწის ნაკვეთის გამოყოფას მოითხოვდა კომიტეტს უნდა გაეთვალისწინებინა, შემდგომში აღნიშნულ ადგილზე სახელმწიფო დაწესებულების აშენებას ხომ არ აპირებდნენ. უნდა განეხილა გეგმები და პროექტები, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მშენებლობათა სამოქალაქო უწყებანი; გამოეძებნა სახსრები იმ პირთა წასახალისებლად, რომლებიც მიწის ნაკვეთის შეძენას აპირებდნენ; ყურადღება მიექცია ძველი შენობების შეკეთებისათვის; რაც შეიძლება მალე გამოეძებნა ქალაქის შუაგულში მდებარე სასაკლაოსათვის და სხვა.
XIX საუკუნის დასაწყისში ჩუღურეთში მეტწილად მიწურ სადგომებსა და ერთსართულიან ბანიან სახლებს თუ შევხვდებოდით, რომლებიც ყოველგვარი გეგმისა და პროექტის გარეშე უსისტემოდ იყო აგებული. იმხანად, ასე თუ ისე, ქუჩის სახე ჰქონდა ავჭალის გზას, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩუღურეთის ტერიტორიაზე გადიოდა. ერთი სიტყვით, ჩუღურეთის კეთილმოწყობას კონკრეტული ღონისძიებანი ესაჭიროებოდა.
1827 წლის ოქტომბერში თბილისის მომწყობ კომიტეტს მითითებას აძლევს, განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ ქალაქთან ახლად შემოერთებული კუკიისა და ჩუღურეთის კეთილმოწყობისათვის. უნდა შემდგარიყო აღნიშნული უბნების გეგმა: სასტიკად იკრძალებოდა ამ ტერიტორიაზე მშენებლობა მთავრობის ნებადაურთველად და გეგმაზე დაუტანლად: უნდა დაგეგმარებულიყო ქუჩები მითითების თანახმად: თუ ქუჩის გაყვანას რომელიმე ძველი ნაგებობა შეუშლიდა ხელს, ის უნდა აეღოთ და სხვა.
ჩუღურეთისა და კუკიის ტერიტორიის ახალი ქუჩებისა და კვარტალების გეგმაზე დატანა დაევალა კომიტეტის წევრს, ინჟინერ-პოდპორუჩიკ ლაზარევს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საქმე ხელიდან ხელში გადადიოდა: ლაზარევის შემდეგ მაგ სათავეში ჩაუდგა ანჩიკოვი (1831წ.), რომელმაც თავის მხრივ, ამ დავალების შესრულება გადააბარა სოკოლოვანოვს.
რაღა თქმა უნდა, საქმის შემსრულებელთა ასეთი ხშირი ცვლა კარგ შედეგს არ გამოიღებდა. საქმე ფერხდებოდა და ჩუღურეთს ისევ ისეთი გარეგნული სახე რჩებოდა, როგორიც საუკუნის დასაწყისში ჰქონდა.
იმ დროს თბილისის მარჯვენა ნაწილი მარცხენას ავლაბრის ხიდით უკავშირდებოდა. ნორმალურ მიმოსვლას ძლიერ აფერხებდა ჩუღურეთის ხევები. ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველ რიგში ყურადღება საკომუნიკაციო საკითხს, გზებისა და ხიდების მშენებლობას მიაქცია.
1827 წლის 26 დეკემბერს სამოქალაქო გუბერნატორის მითითებით დაიწყო ჩუღურეთის ხიდის მშენებლობა ავლაბრის მხარეს.
თბილისის პოლიცმეისტერის 1831 წლის 11 დეკემბრის მოხსენებაში საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორის ზავილეისკისადმი მოცემულია თბილისის ხიდების სია, საიდანაც ვიგებთ, რომ თბილისში რვა ხიდი ყოფილა, აქედან ერთი- ჩუღურეთში.
ქალაქის მომწყობმა კომიტეტმა ჩუღურეთის კეთილმოწყობისათვის ბევრი ვერაფერი გააკეთა.
პირველად კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობა მიიღო გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა (1845-1854). ახალი თანამდებობის დასაკავებლად იგი თბილისში 184 5 წლის გაზაფხულზე ჩამოვიდა.
მეფისნაცვალ ვორონცოვს კავკასიაში ადგილობრივი ხალხების მიმართ იგივე რუსიფიკატორული მიზნები ამოძრავებდა, რაც მის წინამორბედ მეფის რუსეთის მოხელეებს. ოღონდ მათგან განსხვავებით, იგი ამ მიზნების მისაღწევად სხვაგვარ, უფრო მოქნილ პოლიტიკას ხმარობდა. მის დროს ქალაქ თბილისში დაიწყო გაცხოველებული საქალაქო მშენებლობა. იწყება თბილისის ევროპიზირება- ქალაქიდან იდევნება ეროვნული წეს-ჩვევები და მის ადგილს ევროპული წეს-ჩვევები იკავებს. ვორონცოვის დროსვე იწყება რუსების ინტენსიური ჩამოსახლება საქართველოში.
1845 წლის 7 ნოემბერს მეფისნაცვალმა ქალაქის გარეუბნების სააღმშენებლო სამუშაოებისთვის დააარსა განსაკუთრებული კომისია, რომელიც აღნუსხავდა აღნიშნულ გარეუბნებში მდებარე სახლების მდგომარეობას, დაიტანდა ქუჩებს, ქუჩათა გეგმებს, თუკი ასეთი რამ არსებობდა, და ამ უბნებში მიწის ნაკვეთების მფლობელთა უფლებებს.
XIX საუკუნის 20-იან წლებში აგებული ჩუღურეთის ხის ხიდი დროთა განმავლობაში დალპა და დაზიანდა, ასე რომ, მასზე გავლა ფეხით მოსიარულეთათვისაც კი საშიში შეიქმნა. დაიწყო ხიდის ახალი საყრდენების აშენება. ამჯერად ხის ხიდი ქვითკირის საყრდენებზე გაიდო.
1845 წლის 3 დეკემბერს გენერალ-ლეიტენანტ რუეტს დაევალა ქალაქის გარეუბნების- ჩუღურეთის, კუკიის, ავლაბრისა და ნავთლუღის საზღვრების დადგენა და გამიჯვნა. ეტყობა, უბრალო მითითებამ საქმეს ვერ უშველა და 1847 წლის დეკემბერში შეიქმნა ახალი განსაკუთრებული კომისია რეუტის თავმჯდომარეობით. ახალი კომისიის ფუნქციებშიც იგივე შედიოდა: უბნების აღრიცხვა, დაგეგმარება და გამიჯვნა.
სოფელი ჩუღურეთი, რომელიც 40-იან წლებში თბილისის გარეუბნად იხსენიებოდა, თანდათანობით კარგავს ამ ზედსახელს და ქალაქის განუყოფელი ნაწილი ხდება. თითქმის 60-იან წლებამდე ჩუღურეთის დაგეგმარება დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. მართალია, ჩუღურეთში ნელ-ნელა ჩნდება ქუჩები, მაგრამ ისინი მაშინდელი ქალაქის მოთხოვნილებებს და ნორმებს მაინც ვერ პასუხობდნენ.
1847 წელს თბილისის სამ საპოლიციო უბანში 58 ქუჩაა. აქედან მესამე საპოლიციო უბანში, რომელშიც შედიოდა ჩუღურეთი, კუკია და ავლაბარი, 7 ქუჩა იყო. ადვილი წარმოსადგენია, რა წილი ედებოდა ქუჩათა ამ რაოდენობაში ჩუღურეთს. ჩუღურეთში დღეს არსებულმა ქუჩების უმეტესმა ნაწილმა თავისი ადრინდელი სახე, დაახლოებით, 60-იან წლებში მიიღო. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ შემდეგდროინდელ ქუჩებს სახელწოდებანი მეტწილად უნდა შერქმეოდა ადრე იქ მობინადრეთა საქმიანობის მიხედვით, როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე. 50-60-იან წლებში და უფრო გვიანაც ჩუღურეთში მრავლად იყო დაუსახლებელი მიწის ნაკვეთები- სამოსახლოები. მაგალითად, 60-იან წლებში მექოთნეთა ქუჩაზე სამოსახლოს ყიდულობენ : კაპანაძეები, ბერიძეები, უფრო გვიან სამოსახლოს ყიდულობს მაკა თოიძე, გამოჩენილი მხატვრის, მოსე თოიძის დედა და ბევრი სხვა.
ჩუღურეთისა და კუკიის თიხნარი ნიადაგი, რომელიც სამეთუნეო მეურნეობის ერთ-ერთი წყარო იყო, ვეღარ გამოიყენებოდა ამ საქმიანობისათვის, რადგან ამ ადგილებს მოსახლეობა იკავებდა. ამიტომ თბილისში დაიწყო თიხის „შიმშილი“. ხელოსნები ეძებენ თიხის ახალ-ახალ ადგილებს- კარიერებს. 1847 წლის 11 მარტს თბილისის მეთუნეები მეფისნაცვალ ვორონცოვს მიმართავენ თხოვნით, მტკვრის პირას, გერმანელთა კოლონიის მახლობლად, თიხის მოჭრის ნებართვის თაობაზე. მაგრამ მტკვრისპირა თიხას იქ მოსახელე გერმანელები თავიანთი პირადი საჭიროებისათვის ჭრიდნენ, გარდა ამისა, ეს ადგილები გამოყენებული ჰქონდათ ვენახისა და ბაღების გასაშენებლად.
გარეუბნის მომწყობი კომისიის წევრმა, მიწის მზომელმა ფედოროვმა, რომელსაც მიწის ნაკვეთის გამოყოფა ჰქონდა დავალებული თბილისის მეთუნეებისათვის, აღნიშნულ კომისიას მოახსენა, რომ თბილისის მეჭურჭლეებს, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, თიხის მოსაჭრელად მიწის ნაკვეთი ახალ კუკიაზე გამოეყოთო. ხელოსნებს თითოეული კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთში უნდა გადაეხადათ 40 კაპ. ვერცხლით.
მეთუნეები, ისე როგორც სხვა სახის ხელოსნები, გაერთიანებულნი იყვნენ ამქარში. ამქარი ეწოდება ერთი დარგის ხელოსანთა გაერთიანებას. ამქარს სათავეში ედგა ხელმძღვანელი, რომელსაც უსტაბაში ეწოდებოდა.
თბილისში 50-იანი წლების ბოლოს ვხვდებით ხუთ სამეთუნეო ქარხანას, რომელიც 3.000 მანეთის პროდუქციას იძლეოდა, აქ დამზადებული ნაწარმი მთლიანად თბილისის ბაზრის მოთხოვნილებებს ხმარდებოდა, მაგრამ უკვე XIX საუკუნის 60-იან წლებში თბილისის ბაზარზე სხვადასხვა ნაწარმთან ერთად დიდი რაოდენობით შემოდის სპილენძის, ბროლის, მინის და ქაშანურის ჭურჭელი. სპილენძის ჭურჭლის ქარხანა წელიწადში უშვებდა 45.000 მანეთის პროდუქციას, ხოლო ქალაქის ხუთი სამეთუნეო ქარხნის პროდუქციის ღირებულება წელიწადში 2.000 მანეთს არ აღემატებოდა. მართალია, გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ჩუღურეთში ჯერ კიდევ არის სამეთუნეო ქურები, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი უმეტესი ნაწილი ან უქმდება, ან არადა მათი გამოშვებული ნაწარმი მეტისმეტად უმნიშვნელოა და ქალაქის ბაზარზე მცირე რაოდენობით გადის.
1885 წელს შედგა თბილისის უძრავი ქონების აღწერის დოკუმენტური დავთარი. წიგნში მოტანილი სამეთუნეო ქარხნების უმეტესი ნაწილი ჩუღურეთზე მოდის: 120 კვ. საჟენ ფართობზე ჰქონდა ჭურჭლის ქარხანა სურბ-კარაპეტას ხევში, ჩუღურეთის მხარეს იაკობ გუკასოვს, მეთუნეთა ქუჩის შესახვევში 72 კვ. საჟენ ფართობზე- კარაპეტა ეგანოვს, 50 კვ. საჟ. ფართობზე- დიმიტრი ჯანაშვილს, მექოთნეთა ქუჩაზე 60 კვ. საჟ. ფართობზე- მელქო ნუნიევს, 50 კვ. საჟენ ფართობზე- ამირბეგოვს.
მთავრობა კრძალავდა ქალაქში, საცხოვრებელი სახლების ახლოს, გამოსაწვავი ქურების მოწყობას, უკვე არსებულის ადგილას კი სახლები შენდებოდა. XIX საუკუნის მიწურულს ამ უბანში, მექოთნეთა ქუჩის ზემოთ, დოქის ქუჩაზე, სახლობდა ერთი მეჭურჭლე, გვარად ორკოდაშვილი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისშიც ამზადებდა თიხის ჭურჭელს - კოკებსა და დოქებს.
დღეს ჩუღურეთში ძველ მეთუნუქეობაზე მიგვანიშნებს ქუჩების სახელები. ძველი ქუჩების სახელები ზოგი ცხოვრების წინსვლას შეეწირა, ზოგიც ადამიანთა დაუდევრობის მსხვერპლი გახდა, მაგრამ ზოგმა მაინც შეინარჩუნა თავისი ყოფადობა.
დროს მაინც თავისი მოჰქონდა. თიხის ჭურჭელზე მოთხოვნილება ნელ-ნელა კლებულობდა, რაც, ცხადია, გავლენას იქონიებდა მის საწარმოთა და მწარმოებელთა ძალასა და რაოდენობაზე.
XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ჩუღურეთში ხელოსნური მეურნეობის გვერდით ჯერ კიდევ არსებობდა სოფლის მეურნეობა. ილღვიანის ტბის დასავლეთ მხარეზე მდებარე ჩუღურეთის კუთვნილი ტერიტორია სახნავ-სათესად და საძოვრად გამოიყენებოდა. XIX საუკუნის 50-იან წლებში ზოგი ჩუღურეთელი მისდევდა სოფლის მეურნეობას, ამუშავებდა მიწას.
ჩუღურეთი ტერიტორიულად დიდი არაა და აქ არსებულ ქუჩათა რაოდენობაც შესაბამისია. ზოგი ქუჩის სახელის ეტიმოლოგია დადგენას არ მოითხოვს. შინაარსი თავისთავად ხსნის მის ისტორიას და რაობას (მაგალითად: მექოთნეთა, კოკის, დოქის, ჩუღურეთის, არსენალის, რიყის), მაგრამ არის ქუჩათა სახელები,რომელთა წარმომავლობა საკამათოა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ასეთებია: ზარბაზნის, დიდხევის, საპნის, სანთლის, კრასნოგორსკაიას ქუჩების ეტიმოლოგია.
XIX საუკუნეში თბილისმა ინტენსიური განაშენიანება დაიწყო მტკვრის მარჯვენა მხარეს, ჩრდილოეთისკენ. ძველი გარეთუბნის ტერიტორიაზე აშენდა ადმინისტრაციული და სამხედრო დანიშნულების სახლები და ნაგებობანი. ამჟამინდელი საქართველოს სსრ მთავრობის სახლის დასავლეთით მდებარეობდა არსენალი, ხოლო უწინდელი სასტუმრო „ინტურისტის“ წინ მოწყობილი იყო სამხედრო პლაცი- მოედანი. 1845წლის 22 დეკემბერს მეფისნაცვალმა ვორონცოვმა ბრძანება გასცა საქართველოს ოლქის საარტილერიო გარნიზონის უფროსის სახელზე, რომ 1846 წლის 1 იანვრიდან არსენალის მოედნიდან ყოველდღე, შუადღის აღსანიშნავად ერთჯერ გასროლილიყო ზარბაზანი. ცოტა მოგვიანებით არსენალმა და, საერთოდ, სამხედრო უწყებებმა და ყაზარმებმა მტკვრის მარჯვენა ნაპირიდან გადაინაცვლეს მარცხენა ნაპირზე, კერძოდ, ჩუღურეთის აღმოსავლეთით მდებარე გორაზე, რომელსაც შემდეგში არსენალის გორა ეწოდა. აღნიშნული „საათი- ზარბაზანი“ დაიდგა ჩუღურეთის ტერიტორიაზე არსენალის გორის მახლობლად, სადაც დაახლოებით დღეს ზარბაზნის ქუჩაა. და აი აქედან ყოველდღე, დღის 12 საათზე, თბილისელთ ზარბაზნის გასროლით ეუწყებოდათ შუადღის მოახლოება. ეს ტრადიცია მოიშალა რევოლუციის შემდეგ.
XIX ს. 70-იანი წლებიდან დაიწყო ჩუღურეთის ჩრდილოეთი საზღვრის დიდი ხევის ამოვსება და ნიაღვარსაშვები კოლექტორების გადახურვა. ამ საქმის დაჩქარებას ხელი შეუწყო თბილისი-ბაქოს რკინიგზის მშენებლობამ, რომელიც დამთავრდა 1872 წელს. იმის გამო, რომ რკინიგზას „დიდი ხევი“ უნდა გადაეკვეთა, ჯერ ხევის ის ნაწილი ამოივსო, რომელზედაც რკინიგზას უნდა გაევლო, კერძოდ, კვირაცხოვლის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე. აქედან მოკიდებული ნელ-ნელა იწყება ძველ ხევზე ქუჩის გაყვანა კოლექტორების საშუალებით. „დიდ ხევზე“ გატანილ ახალ ქუჩას „კრასნოგორსკიას“ (წითელი გორა) სახელი ეწოდა, იმ გორის მიხედვით სადაც კვირაცხოვლის ეკლესია იდგა. ზემოთაც ვთქვით, რომ გორას ეს სახელი შეერქვა იმ თამაშის გამო,რომელსაც ეკლესიაში მოსული მლოცველები მართავდნენ კვირაცხოვლობა დღეს, აღდგომის კვირის თავზე. საგანგებოდ მოწყობილ არხში, ანდა პირდაპირ მიწაზე, გორის ფერდზე, წითლად შეღებილ სააღდგომო კვერცხებს აგორებდნენ. შორს გაგორებული კვერცხის პატრონი მოგებულად ითვლებოდა. ეს თამაში ჩვენში რუსი მართმადიდებლების მიერაა შემოტანილი (ქართველ მლოცველებს ამ დღეს ჩვეულებად ჰქონდათ ბურთის თამაში, რაც მიწათმოქმედებასთანაა დაკავშირებული).
1861 წელს დაიწყო რიყის ქუჩის მოკირწყვლა. ამ ქუჩის მნიშვნელობა დღე და დღე იზრდებოდა, როგორც მტკვრის მარცხენა ნაწილის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალისა.
რიყის ქუჩა თავისი სიგრძით მეშვიდე ადგილზე იყო მაშინდელ თბილისში. მისი სიგრძე 530 საჟენს უდრიდა და აერთებდა ავლაბარს, ჩუღურეთს, კუკიას და თბილისთან ახალშემოერთებულ გერმანელთა კოლონიას.
80-90-იანი წლებში გატარდა დიდი ღონისძიება უამინდობის დროს ჩუღურეთის ხევნარიდან მოვარდნილი წვიმის წყლისათვის წყალსადენებისა და ნიაღვარსაშვებების მოსაწყობად.
ამგვარად, ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტური მასალით თბილისის და მისი გარეუბნების გეგმებით, რუკებით, ძველი ჩუღურეთის ტერიტორიაზე შემორჩენილი მიკროტოპონიმიკით მტკიცდება, თბილისის პირა სოფელი ჩუღურეთი ყოფილა ქალაქის სასოფლო-სამეურნეო და სახელოსნო უბანი და მას გარკვეული წილი შეჰქონდა ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში.
თ.ბერიძის ნაშრომის მიხედვით