გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა: მთავარია, მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მიმზიდველი გავხადოთ

24-07-2018

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა დედაქალაქის ახლადშემუშავებულ სატრანსპორტო პოლიტიკას დადებითად აფასებს.
ზარქუა მიიჩნევს, რომ ის პასუხობს ყველა მთავარ გამოწვევას, რომელიც ქალაქში ამ მიმართულებით არსებობს.
მისივე თქმით, სატრანსპორტო საცობები და ჰაერის დაბინძურება ის მთავარი პრობლემებია, რომელთა ეფექტიანად გადაჭრასაც ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა ემსახურება. "
ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო პრეზენტაცია იყო. ეს პროექტი არ ეხება რომელიმე ერთი მიმართულების განვითარებას. მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ როგორღაც მოვახერხოთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მიმზიდველი და კომფორტული გავხადოთ. ამისათვის ჩვენ 2018-19 წლებში 700-მდე ავტობუსს ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსით ჩავანაცვლებთ. 2020 წელს კიდევ დამატებით 200 ავტობუსს შევცვლით, რის შედეგადაც თბილისს ეკოლოგიურად სუფთა 900 ავტობუსი მოემსახურება. გარდა ამისა, გადავწყვიტეთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია, რაც მეტროპოლიტენების თანამედროვე, კომფორტული ვაგონებით აღჭურვას გულისხმობს. რაც მთავარია, ლოდინის დრო, რომელიც ახლა 4-5 წუთს შეადგენს, ორწუთნახევრამდე შემცირდება. ამასთან ერთად, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუჩინიოთ სურვილი მოქალაქეებს, პირადი ავტომობილებით მგზავრობის ნაცვლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ."- აღნიშნავს ირაკლი ზარქუა. 
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას ხელს უწყობს, ასევე, ცდილობს, თბილისში იმოძრაოს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა, რომლებიც სპეციალურ კრიტერიუმებსა და ნორმებს აკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, დედაქალაქი მალე, ავტობუსების 45-მილიონიანი ტენდერის მეშვეობით, არა ელექტრო, არამედ დიზელზე მომუშავე 90 ახალ ავტობუსს მიიღებს. თუმცა, როგორც ზარქუა განმარტავს, ახალი ავტობუსები ევრო 6 სტანდარტის იქნება, რაც ტრანსპორტის ეკოლოგიურ სისუფთავეს განაპირობებს. საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ახალ სატრანსპორტო პოლიტიკაში ყურადღებას პარკინგის ნაწილზეც ამახვილებს და აცხადებს, რომ პარკირების ზონალურ-საათობრივი სისტემა მოქალაქეებს დაეხამრება, არჩევანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ გააკეთონ და ქალაქის საცობებისგან განტვირთვას ხელი შეუწყონ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930