გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: ვერ ნახავთ პრეცენდენტს, რომ ასეთი ეკონომიკის ქვეყანაში დემოკრატია ასე იყოს დაცული

24-07-2018

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს არაკონსტრუქციული ოპოზიცია ჰყავს, იმ ფონზე, როდესაც მაღალია დემოკრატიის ხარისხი და ეს ავანტიურისტებს მანიპულაციების საშუალებას აძლევს.

ეს განცხადება ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამისთვის, - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

"პოლიტიკაში დაბრუნება დიდად რომ არ მესიამოვნა, ყრილობაზე სიტყვით გამოსვლაშიც დამეტყო. ძალიან ვღელავდი. დღესაც ბევრი მუშაობა მიწევს, მაგრამ ჩავთვალე, რომ ეს აუცილებლობა იყო და მხოლოდ აუცილებლობის გამო მივიჩნიე საჭიროდ, დავბრუნებულიყავი პოლიტიკაში.


ყრილობაზე ჩემს სიტყვაში პოლიტიკაში დაბრუნების სამი მიზეზი დავასახელე და ახლაც გავმეორდები ოღონდ აქცენტებს გადაავადგილებ:


პირველი, ეს გახლავთ ის, რომ საქართველოში არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ასეთი ღარიბი ეკონომიკის შემთხვევაში დემოკრატიული ღირებულებები შესადარია დასავლეთ ევროპის განვითარებული ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ჩამორჩება, თუმცა ახლოსაა. როდესაც ქვეყანა ღარიბია და ყველას ყველაფრის უფლება აქვს, რაც ძალიან კარგია, რადგან დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულებები სწორედ ისაა, რომ ადამიანზე იყოს ყველაფერი მორგებული და ადამიანს უნდა ჰქონდეს არა მარტო გამოხატვის, არამედ სხვადასხვა დემოკრატიული ღირებულებების გამოყენების საშუალება, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, გაღრმავდა და გაიზარდა იმ ხალხის რაოდენობა, ვინც თავისუფლად საუბრობს პრობლემებზე, საუბრობს ის ხალხიც, ვინც არასდროს არ საუბრობდა. კრიტიკულად საუბრობს ისიც, ვინც წინა ხელისუფლების დროს ძალიან ცუდ პოზიციებზე გვევლინებოდა. ამ ფონზე მედიაც ხშირად აჭარბებს, მაგრამ კარგია თავისუფალი მედია, სჯობს გადააჭარბოს, ვიდრე შეზღუდული იყოს. ეკონომიკა კი ვერ ასწრებს და დემოკრატიული ნაწილი უფრო სწრაფად ვითარდება. მე მაქვს მხედველობაში დემოკრატიული ღირებულებები, რომელიც უფრო სწრაფად იკიდებს ფეხს და მას ვერ ეწევა ეკონომიკა. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად სახელმწიფოს სტაბილურობა მოწყვლადია. მოგეხსენებათ, საზოგადოების ნაწილს არ აქვს ელემენტარული პირობები, ვერ უხდიან ბავშვებს სწავლის ფულს, აქვთ ცარიელი მაცივრები... ამ ფონზე, როდესაც მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გამოთქმის და სხვა დემოკრატიული ღირებულებები, ავანტურისტი ძალიან ბევრია ქვეყანაში, განსაკუთრებით უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან, ძალიან სახიფათოა ქვეყნის სტაბილურად დაჭერა. ამას შესაძლოა სჭირდებოდა დამატებით რესურსი და ეს გახდა ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი.


ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვყავდეს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას, რაც ჰაერივით სჭირდება დღევანდელი სახელმწიფოს მდგრადობას, რეალურად გვყავს არაკონსტრუქციული, უპასუხისმგებლო ოპოზიცა. ოპოზიცია ნაცვლად დასაბუთებული და არგუმენტირებული შენიშვნებისა, ლანძღვასა და პირდაპირი მნიშვნელობით შეურაცხყოფაზეა გადასული და ამ ფონზე სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება, როდესაც ეკონომიკაც ასეთია. თქვენ ვერ ნახავთ პრეცენდენტს, რომ ასეთი ეკონომიკის ქვეყანაში დემოკრატია ასე იყოს დაცული.


მესამე მიზეზი, რაც ყრილობაზე დავასახელე, ისაა, გუნდში შეიმჩნეოდა, რომ თითქოს დაკარგული იყო გუნდურობა და იყო ეჭვი იმისა, რომ შეიძლება გუნდი დაიშალოს. მე ამას ვაკვირდებოდი ყურადღებით და კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც ვნახე, რომ გარედან ჩემი კონტროლი საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ გუნდი შენარჩუნებულიყო და ვერტიკალი გამყარებულიყო და უფრო ღრმა იყო გუნდში პრობლემები, მივიღე დაბრუნების გადაწყვეტილება“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031