24-07-2018
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას წინა მთავრობის დროს პრემიერმა კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა კვლევის შედეგები დაუმალეს.
ეს განცხადება ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამისთვის, - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"დღევანდელ პრემიერს, როდესაც ის ფინანსთა მინისტრი იყო ჰქონდა ინიციატივები ეფექტური საგადასახადო პოლიტიკა უფრო ეფექტური გახდა და ეს ინიციატივები მისგან მოდიოდა; სტარტაპებსაც შეგახსენებთ და ეს ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, შედეგად მივიღებთ იმას, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპები უნდა დაჩქარდეს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ უახლოეს წლებში, სიტუაცია გარდავტეხოთ, ეკონომიკა როგორმე მივუახლოოთ დემოკრატიულ ღირებულებებს, რათა ქვეყნის სტაბილურობა ნაკლებად მოწყვლადი გავხადოთ. ასეთ შედეგებს უნდა ველოდოთ.
რაც შეეხება ჭარბვალიანობას, ვერ ავუვლი გვერდს მას და შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ერთ-ერთი ძირითადი მძიმე შეკითხვა, რაც მქონდა კვირიკაშვილთან მე პირადად და შეიძლება ძირითადიც დავარქვათ მას, სწორედ ჭარბვალიანობას ეხებოდა. ეს არ იყო შეცდომა, მე მას ჩავუთვალე ეს გადაცდომად და თვითონაც იცავდა ამ პოზიციას, რომ უფრო ადრე უნდა შემოღებულიყო რეგულაციები ბანკებთან დაკავშირებით.
ჩვენ იუნისეფ-ის კვლევის შედეგები ვნახეთ, რაც ჩემთვის იყო, პირდაპირ ვიტყვი, ტრაგიკული. ახლა აღარ მინდა დავამძიმო ჩემი მდგომარეობა და ტელემაყურებელსაც მოვუყვე, როგორ ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა და უარესი შედეგი მივიღეთ. ამაში ლომის წილი ჰქონდა სწორედ ჭარბვალიანობას. ხალხი იღებდა სესხს და არ იცოდა, როგორ მომსახურებოდა მას. ეს იყო ის, რასაც ორ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც პრემიერ-მინისტრი გახლდათ გიორგი კვირიკაშვილი, თვე არ გავიდოდა, რომ მისთვის არ შემეხსენებინა.
ეს იყო ძირითადი საკითხი, რაშიც შეიძლება ვთქვათ, რომ მე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ხშირად ვახსენებდი, რომ ბანკებმა გადაჭამეს, ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური.
ამ ფონზე, რომ ჩვენი ორი ბანკი მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან რენტაბელობის მხრივ, საამაყოც შეიძლება იყოს ეს, მაგრამ ამავდროულად, საქართველოს მოსახლეობა თავისი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის, ეს არის უკვე სირცხვილი. ეს ორი კომპონენტი ერთად არის შეუთავსებადი. კარგია პირველი, თითქოს, საამაყოა, რომ ჩვენ რენტაბელური ბანკები გვაქვს და კარგი მოგება აქვთ. რა თქმა უნდა, ბანკებს უნდა გავუფრთხილდეთ, არ უნდა გაჩნდეს იმის განცდა საზოგადოებაში, რომ ბანკების წინააღმდეგი ვარ, პირიქით, აუცილებელი სტრუქტურებია, ჩვენ მას მაქსიმალური დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ და მე ამის მზაობაც გამაჩნია, მაგრამ რეგულაციები და კოორდინაცია მთავრობის მოვალეობაა და ეს უნდა მომხდარიყო დროულად.
თანაც, გავიგე, რომ იქ რაღაცებს მალავდნენ და ფარავდნენ. მიუხედავად ყოველთვიური ჩემი შეხსენებისა, რომ ეს ასეა და მიხედვა უნდა, ადგილიდან ვერ დავძარი.მალავდნენ კვლევას, რომ თურმე სავალუტო ფონდი მსგავსს ეუბნებოდა მეორე მხრიდან, რაც მეც დამიმალეს და საზოგადოებასაც. ამის შემდგომ მე ვუთხარი, რომ თქვენთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდება-თქო.
ქუმსიშვილი ამბობს, რომ კვირიკაშვილთან შეთანხმებით ეს კვლევა არ გამოაქვეყნა, რაღაც მიზეზებს ასახელებს, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე კითხვა გუნდთან შეხვედრაზე, სწორედ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე"-განაცხადა ივანიშვილმა.
19-12-2024
18-12-2024