25-07-2018
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ჯერ კონსულტაციები არ დასრულებულა.
ეს განცხადება ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროგრამისთვის, - „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"არ გვაქვს ჯერ ბჭობა დასრულებული. ზურაბ აბაშიძე, სოზარ სუბარი, სრეგეენკო ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი, - ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს, ვინც მართლაც შეძლებს პირველსავე ტურში გამარჯვებას.
თუმცა, გულწრფელად გეტყვით, ჩემი პოზიციაა და „ქართული ოცნების“ წევრებსაც ამ პოზიციიდან ველაპარაკები, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი, ელემენტარული მიზეზის გამო, ქვეყნის სწრაფი, დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, ხოლო თუ ასეთი თუ არ იქნება, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი.
დღეს გამგებლიდან დაწყებული, პრემიერამდე მთელი ხელისუფლება ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“. პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესეც ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში. ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა. სამწუხაროდ, როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ნურავის ექნება ილუზია, რომ მუდმივად „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მართოს და ასე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ეკონომიკას, მრავალპარტიული მართვის პროცესსაც სჭირდება განვითარება და ხელშეწყობა. ამ ფონზე ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს"-განაცხადა ივანიშვილმა.
19-12-2024
18-12-2024