26-01-2023
„ხაზი მინდა გავუსვა, რომ ე.წ. პროევროპული „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზიები აკეთებენ ყველაფერს, რომ დაუპირისპირდნენ იმას რაც არის ევროპული. ეს უბრალოდ არის კიდევ ერთი მორიგი მცდელობა, რომ ძირი გამოუთხარონ აბსოლუტურად ყველაფერს ევროპულს და ყველაფერს იმას, რაც მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას,“- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ ტინი კოქსის არჩევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრორუსია ტინი კოქსი და სწორედ ამიტომ მიიღო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა.
“ყველა მოწოდება რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აჟღერებს ეს არ არის ახალი განცხადებები. კარგად გვახსოვს, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც ბატონი ტინი კოქსი ხელმძღვანელობდა, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ზუსტად ანალოგიური რიტორიკა გამოიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ”- აღნიშნა ჩიქოვანმა.
ჩიქოვანის თქმით, ეს ორგანიზაცია ემსახურება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, ხოლო სამივე ეს ღირებულება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ფსევდო ღირებულება და მათ მხოლოდ სახელწოდება აინტერესებთ. მისივე თქმით, ეს არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო და ამ ორგანიზაციაში დამკვიდრებული ტრადიციით ის ისედაც უნდა გამხდარიყო მორიგ ჯერზე ასამბლეის პრეზიდენტი. „ევროპის საბჭოს აქვს დაახლოებით 70 წელზე მეტი ისტორია. ეს ორგანიზაცია ემსახურება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. სამივე ეს ღირებულება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ფსევდო ღირებულება და მათ მხოლოდ სახელწოდება აინტერესებთ და ამის შინაარსის გაგება არასოდეს უცდიათ მათ შორის, მათი მმართველობის პერიოდში. ტინი კოქსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩეული არის 80% იანი მხარდაჭერით. მეტსაც გეტყვით, რომ ეს არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო და ამ ორგანიზაციაში დამკვიდრებული ტრადიციით ის ისედაც უნდა გამხდარიყო მორიგ ჯერზე ასამბლეის პრეზიდენტი, უბრალოდ უკრაინული კანდიდატის წარდგენამ განაპირობა ამ არჩევნების ჩატარება“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.